x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მომღერალ თამარ ალადაშვილის ულამაზესი ნახატები და ინტერვიუ
image

.

ფართო საზოგადოებამ ანსამბლ „გორდელას“ სოლისტი თამარ ალადაშვილი სიმღერით გაიცნო, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას ხატვაც კარგად გამოსდის. ბოლო ხანს სოლო კარიერა დაიწყო და სამხატვრო უნარების განვითარებაზეც სერიოზულად ფიქრობს. მომხიბვლელ მომღერალს ამჯერად სხვა კუთხით გაგაცნობთ და მის ნახატებსაც შემოგთავაზებთ:

.


თამარ ალადაშვილი: „მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ტილოზე დამეხატა. პირველად ფუნჯი ძალიან პატარამ ავიღე, თუმცა არც მასწავლებელთან ვყოფილვარ, არც ვინმესთან, ვისაც ხატვა უყვარდა... ვერ გეტყვით, ეს ნიჭი საიდან მოდის, სანათესაოში მხატვარი არავინ მყავს. ჩემი დაკვირვებით, ფერების სიყვარულმა იქონია გავლენა, რომ დამეწყო ხატვა. ყოველთვის აღვნიშნავდი-ხოლმე, რომ ყველაზე ნიჭიერი მხატვარი ბუნებაა. მიყვარდა დაკვირვება, ყვავილებს ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, რომ ბუნება სამყაროს ხასიათის მიხედვით ხატავდა. მეც ასე დავიწყე, როცა ხასიათზე ვიყავი, მხოლოდ მაშინ ვხატავდი... თავდაპირველად მუზა მოდის ფიქრში... იდეაც ძალიან ბევრია, თუმცა, ხანდახან იმდენად ბევრი, ვერც ვასწრებ მის განხორციელებას. ხატვაშიც, ისევე როგორც მუსიკაში, ნამუშევარს საკუთარ ხასიათს გადასცემ. სულ ვცდილობ, მხოლოდ ბედნიერმა ვხატო, რომ აურამ, რომელსაც მას ვაძლევ, მნახველი გააბედნიეროს. ხატვა ჩემთვის ძირითადად განტვირთვაა. ემოციებისგან ვთავისუფლდები და ვცდილობ, მერე რაღაც ახლით შევივსო. პირველი ნამუშევარი, რომელიც კედელზე დავკიდე, ჯერ კიდევ არავინ იცის... არავისთვის მიჩვენებია და მხოლოდ ოჯახის წევრები ხედავენ. ნელ-ნელა ინტერესი გაიზარდა, ვცდილობდი უკეთ მეხატა. პირველ ეტაპზე სილუეტების ხატვით დავიწყე, მერე აბსტრაქციებში გადავედი და ახლა ვცდილობ, ეტაპობრივად სხვა მიმართულებებსაც აქტიურად გავეცნო და მოვსინჯო. თუმცა, დროის უქონლობის გამო, პრაქტიკა ნაკლები მაქვს და ჯერ იმდენად ვერ ვუთამამდები.
– რა მასალაზე მუშაობ და როგორ დახვეწე ტექნიკა?
– ტილოსა და აკრილზე ვმუშაობ ძირითადად.ეს დროის დაზოგვაა, აკრილი მალე შრება. უნარების დახვეწაში არავინ მეხმარება. ბოლო ხანსძალიან დავინტერესდი შუქ-ჩრდილებით. აქტიურად ვაკვირდები, რათა ცოცხლად აღვიქვა ყველა დეტალი და სინათლე ნამუშევრებში სწორად შევიტანო.

.
ბოლო ორი წელია გამოფენებშიც ვმონაწილეობ, მათ შორის საზღვარგარეთ. 30 ივლისს ერთ-ერთ გალერეაში საერთაშორისო გამოფენა იყო, 26-29 სექტემბერს მიმდინარეობდა ინდო-ქართული კულტურის დღეები, იქაც გავიტანე ჩემი ნახატები. ასევე ვმონაწილეობდი მხატვართა ლიგის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენაში. ჩაკეტილობის ჟამს, პანდემიის გამო, რამდენიმე ონლაინ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა. ზოგადად, გამოფენის სპეციფიკა საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ დამთვალიერებლითა და სერტიფიკატით შემოიფარგლება.დამთვალიერებელის სიმრავლე და დადებითი ინტერესი ყველა ნამუშევარს ჰქონდა, რაც ძალიან მახარებს. ჯერ 20-მდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი, მაგრამ მინდა ჯერ კიდევ შევმატო სიახლეეები. მაქვს რამდენიმე იდეა, რაც სამომავლოდ უნდა განვახორციელო და შემდეგ აუცილებლად ვიფიქრებ პერსონალურ გამოფენაზეც.
– ქიზიყურ ფესვებზე რას გვეტყვი?
– მამაჩემია არბოშიკელი, ჩვენი ოჯახის ზედაშეც არბოშიკში ისევ არსებობს. ამდენად, ეს სოფელი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ბავშვობაში ხშირად ვახერხებდით ჩამორბენას. ტრადიციაც გვქონდა, ცხვარს კლავდნენ, ყველა ერთად ვიკრიბებოდით, დავილოცებოდით, ვმხიარულობდით... კარგად მახსოვს, პაპა იავნანებს მღეროდა ხოლმე. გული მწყდება, რომ მაშინ არ იყო შესაძლებლობა ჩამეწერა ეს ყველაფერი... დღეს უკვე თითქმის ვეღარ ჩამოვდივარ დედოფლისწყაროში, მაგრამ თუ რამე ღონისძიება ტარდება, ვცდილობ ჩავერთო, თუ რა თქმა უნდა, ინფორმაციამ ჩემამდე მოაღწია. ბავშვობის ასოციაციები მაქვს არბოშიკთან _ ულამაზესი ხედები, სიმწვანე და ნამდვილი სოფლის, კეთილშობილი ხალხის მოსიყვარულე ურთიერთობები... ამჟამად ჩვენი სახლი ისევ დგას, მაგრამ იქ ნათესავები ცხოვრობენ. სადაც ზედაშე გვაქვს, იქ სახლი აღარაა. ინფორმაციას არ ვფლობ, იქამდე იდგა თუ არა. სოფელ საქობოში ისევ გვაქვს სახლი, იქ უფრო ხშირად ჩავდიოდი.

.
ვნახოთ, ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა, ამოწურვადი არც ჩემი თავი მგონია, რაღაც მიმართულებები მაქვს უკვე, რაც მინდა რომ გავაკეთო და ის საქმეებიც თუ გაამართლებს, ალბათ სხვა კუთხითაც გავეცნობი საზოგადოებას. წიგნია ჩემი უახლოესი ინტერესი, რომელიც ძალიან ბევრ უპასუხო კითხვას გასცემს პასუხს. ვაპირებ წიგნი დავწერო, ამაზე უკვე ვფიქრობ.
– ბავშვებსაც ასწავლი და საკმაოდ წარმატებული გამოსვლები გაქვთ...
– 10 წელია ბავშვებთან ვმუშაობ, თბილისში დავაარსე ბავშვთა ანსამბლი „თორდა“. ბავშვებთან მუშაობა ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. ეს ყველაზე სათუთი და რთული საქმეა. თუ ბავშვები გულწრფელს არ დაგინახავენ, არ მიგიღებენ... რაც მთავარია, მათ ყველაზე კარგად მასწავლეს, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. ძალიან ჩვეულებრივი, მოსიყვარულე, მკაცრიც, მომთხოვნიც და ხანდახან მათი თანატოლიც.
– როგორია უახლოესი გეგმები?
– სოლო კარიერას რაც შეეხება, უკვე აქტიურად დავიწყე სოლო კონცერტზე მუშაობა. ძალიან ბევრი ახალი სიმღერა მაქვს და მინდა, პირველად სოლო კონცერტზე მოისმინოს მსმენელმა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, სად ჩატარდება, თუმცა, ვვარაუდობ, მომავალი წლის მაისის ბოლოს, ან ივნისის თვეში, იმედია ხელს არაფერი შეგვიშლის. ამას გარდა, უახლოეს მომავალში ერთ-ერთი სიმღერის პრემიერა მექნება.
ილია მარტყოფლიშვილი

.

imageimageimageimageimage





0
40
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0