x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ბნელი ტყის თეორია: შემზარავი ახსნა იმის, თუ რატომ არ გვეკონტაქტებიან უცხოპლანეტელები

ფერმის პარადოქსი სვამს კითხვას, თუ რატომ ვერ ვხედავთ უცხოპლანეტელებს, როცა ყველანაირი ლოგიკის თანახმად მთელი სამყარო მათით უნდა იყოს სავსე. აღნიშნულ პარადოქსს რამდენიმე ახსნა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი არის ბნელი ტყის თეორია, რომელიც თავისი არსით ძალიან შემზარავია. ქვემოთ აუცილებლად აგიხსნით, რატომ.


ჩვენს გალაქტიკაში, რომლის ხნოვანება უკვე 13 მილიარდ წელიწადზე მეტია, 200 მილიარდამდე ვარსკვლავი და 100 მილიარდამდე პლანეტაა. ამ 100 მილიარდი პლანეტიდან თუნდაც რამდენიმე ასეულზე მაინც რომ სიცოცხლე ჩასახულიყო და განვითარებულიყო და იმ რამდენიმე ასეულიდან თუნდაც სულ რამდენიმეზე რომ გონიერი სიცოცხლე წარმოშობილიყო, დღეს მთელი გალაქტიკა უცხოპლანეტელებით უნდა იყოს სავსე.


დრეიკის განტოლების თანახმად, რომელიც კოსმოსში ცივილიზაციათა სავარაუდო რაოდენობის დასადგენად გამოიყენება, ჩვენს უშუალო სამეზობლოში სულ მცირე 20 უცხო ცივილიზაცია მაინც უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. 20 კი არა, ერთი ცივილიზაციაც კი არსად ჩანს, რაც სრულიად შოკისმომგვრელი ამბავია.


ბნელი ტყის თეორიის თანახმად უცხოპლანეტელები განზრახ ასაიდუმლოებენ საკუთარ არსებობას, რათა არ მიიქციონ ყურადღება კოსმოსში არსებულ სხვა ცივილიზაციათა მხრიდან. ამ თეორიის არგუმენტაცია ეფუძნება ლიუ სიქსინის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომან “ბნელი ტყის” სიუჟეტს. სიქსინის წიგნის სიუჟეტი ეხება კითხვას, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავი პოტენციურად მტრულ უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტს.



წიგნში დასახელებული არგუმენტაცია შემდეგნაირია:


ყველა ცოცხალ არსებას სურს სიცოცხლე.


არ არსებობს იმის შესაძლებლობა, ვიცოდეთ, სიცოცხლის სხვა ფორმები გაგვანადგურებდნენ თუ არა, ამის შანსი რომ მისცემოდათ. სწორედ ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია, დაასწრო და გაანადგურო სხვები მანამ, სანამ სხვები თავად გაგანადგურებენ.


ვინაიდან რომანში ყველა ცივილიზაცია რისკის ქვეშ დგას და მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავი გადაირჩინოს, ყველანაირი საპლანეტათშორისო კონტაქტი სახიფათოა, რადგან ზეგანვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც სხვა გულუბრყვილო და დაბალგანვითარებული ცივილიზაციები უკავშირდებიან, ამ უკანასკნელებს ანადგურებს. ამიტომ ყველა გონიერი ცივილიზაცია ცდილობს, არ გაამხილოს საკუთარი არსებობის ფაქტი.


სამყარო არის ბნელი ტყე, ხოლო მასში არსებული ყველა ცივილიზაცია - შეიარაღებული მონადირე, რომელიც ხეთა ტოტებს განზე სწევს და ცდილობს, გზები გადაკეტოს, რათა სხვა მონადირემ არ იპოვოს. ყველა ცივილიზაცია, როცა მეორე ცივილიზაციას პოულობს - სულერთია, ეს უკანასკნელი ანგელოზია თუ დემონი, პატარა ბავშვი თუ ლიფლიფა მოხუცი, ფერია თუ ნახევარღმერთი, დაუყოვნებლივ ხსნის ცეცხლს, რათა აღმოჩენილი გაანადგუროს, რათა ამ უკანასკნელმა ის თავად არ გაანადგუროს.


ბნელი ტყის თეორიას მეცნიერი დევიდ ბრინიც იყენებს, რათა ახსნას, თუ რატომ არ გაგვაჩნია უცხოპლანეტელების არსებობის დამამტკიცებელი არანაირი მასალები. მკვლევარის აზრით კაცობრიობა მეტისმეტად გულუბრყვილოა, როცა ფიქრობს, რომ საკუთარი არსებობა უნდა გაამჟღავნოს კოსმოსში მეგობრების პოვნის მიზნით.


აუცილებელი არ არის, ყველა ცივილიზაცია სხვათა განადგურებაზე ორიენტირებული იყოს. მთელ გალაქტიკაში ასეთი ერთი ცივილიზაციაც კი საკმარისია, რათა დანარჩენები მას საგულდაგულოდ დაემალონ.


ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რატომაც არამიწიერი ცივილიზაციებისგან სიგნალებს ვერ ვიღებთ, მიუხედავად იმ უპრეცედენტო ძალისხმევისა, რასაც ამ საქმეში ვდებთ. შესაძლოა, ყველა ცივილიზაცია არ არის ჩვენსავით გულუბრყვილო. შესაძლოა ისინი უბრალოდ იმალებიან.


აი ვისაც ისინი ემალებიან, იმ ცივილიზაციის წარმომადგენლებს კი უმჯობესია ალბათ არც ვიცნობდეთ.


ალბათ, ჩვენს გალაქტიკაში არსებობს ზეგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაცია, რომელიც დანარჩენებს უმოწყალოდ ანადგურებს.


ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ კოსმოსში სიგნალების გაგზავნა არამიწიერ ზეგანვითარებულ არსებებთან კონტაქტის დამყარების მიზნით და ჩვენი არსებობის ყველანაირი კვალი წავშალოთ. ეს ძალიან გონივრული საქციელი იქნებოდა, ჩვენ რომ მომავალზე ოდნავ მაინც სერიოზულად ვფიქრობდეთ და საკუთარი პლანეტის მერმისი რომ გვაღელვებდეს.


კოსმოსის ბნელი სიღრმეებიდან ბოროტებას უფრო მეტს უნდა მოველოდეთ, ვიდრე სიკეთეს.


უცხო

0
374
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0