x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მილიონი ლაზერის მიერ წაბიძგებულ სინათლის იალქანს კენტავრის ალფამდე 20 წელიწადში შეუძლია მიაღწიოს
საერთაშორისო სამეცნიერო პროექტმა Breakthrough Starshot-მა საკუთარი გეგმები გაამხილა, რომელთა მიხედვით განზრახულია ზონდის გაგზავნა ჩვენს უახლოეს ვარსკვლავამდე, რომელსაც კენტავრის ალფა ეწოდება.


სამეცნიერო პროექტის ფარგლებში იგეგმება სინათლის იალქნების აგება, რამაც ზონდი კენტავრის ალფამდე უნდა მიიყვანოს.


კენტავრის ალფა მზის სისტემიდან უახლოესი ვარსკვლავია, ასე ვთქვათ, “პირველი გაჩერება” ვარსკვლავთშორის სივრცეში, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის ახლოს მდებარეობს. 40 ტრილიონი კილომეტრი - ასეთია მანძილი ჩვენგან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავამდე.


ამჟამად შორ მანძილებზე სამოგზაუროდ ყველაზე განვითარებული ტექნოლოგია იონური ძრავაა, რომლის მეშვეობით კოსმოსურ ხომალდს 24 კმ/წმ-ის განვითარება შეუძლია.



ეს დაუჯერებელი სისწრაფეა, რომელიც 31-ჯერ აჭარბებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლულიდან გამოსროლილი ტყვიის სისწრაფეს, მაგრამ აღნიშნული დაუჯერებელი სისწრაფითაც კი ხომალდს კენტავრის ალფამდე მისაღწევად 18, 000 წელიწადი ანუ ადამიანების 2700 თაობის სიცოცხლე დასჭირდება.


სწორედ ამიტომ Breakthrough Starshot-ის მონაწილეები არ აპირებენ იონურ ძრავაზე დრო დაკარგონ. მათ განზრახული აქვთ სინათლის იალქნით აღჭურვილი ხომალდის ამოძრავება ლაზერების მეშვეობით.


ზონდს დაახლოებით 1 გრამი წონა უნდა ჰქონდეს. ეს იქნება მიკროსკოპული კამერით აღჭურვილი მინიზონდი, რომელიც გამობმული იქნება სინათლის იალქანზე.


მეცნიერები რეალისტურად მიიჩნევენ სინათლის სიჩქარის მეხუთედი სიჩქარით, 60, 000 კმ/წმ-ით მინიზონდის გაგზავნას, რომელიც კენტავრის ალფას და მის პლანეტებს ფოტოებს გადაუღებს და დედამიწაზე გამოგზავნის.


იმისათვის, რათა სინათლის იალქანს 60, 000 კმ/წმ-მდე სისწრაფე მივანიჭოთ, 100 მილიონი ლაზერია საჭირო, რასაც 100 გიგავატი ელექტროენერგია სჭირდება, რაც 100-ჯერ აჭარბებს მსოფლიოს ყველაზე დიდი ბატარეის ტევადობას.


ჯერჯერობით არსებობს რიგი ტექნიკური საკითხებისა, რაც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს, თუმცა რაც მთავარია, მყარი სამეცნიერო კონცეფცია უკვე არსებობს. ახლა კი ყველაფერი მხოლოდ დროსა და ფინანსებზეა დამოკიდებული.


უცხო


0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0