x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჰარვარდის ასტრონომები ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელები 3000 წლის მანძილზე არ გამოგვეხმაურებიან
კოსმოსში შორ მანძილებზე საუბარს დიდი დროს სჭირდება. ძალიან, ძალიან დიდი დრო და მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერი ცივილიზაციების კვალს აქტიურად ვეძებთ, როგორც ბოლო კვლევების შედეგად გახდა ცნობილი, უცხოპლანეტელებისგან პასუხის მიღებას შესაძლოა 3000 წელი დასჭირდეს, მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რა სისწრაფით ვსპობთ სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე, ამ დროისთვის ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა საერთოდ აღარც კი არსებობდეს.


ასევე იმის გამო, რომ შეუძლებელია რადიოსიგნალების სინათლის სისწრაფეზე უფრო ჩქარა მიღება, იმ უდიდეს მანძილებს თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენ დანარჩენი პოტენციურად დასახლებული პლანეტებისგან გვაშორებს, შესაძლოა მივიღოთ სიგნალი, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ეს სიგნალი ჩვენამდე მოაღწევს, მისი გამომგზავნი ცივილიზაცია შესაძლოა უკვე დიდი ხნის გამქრალი იყოს.


აღნიშნული საკითხით ჰარვარდის ასტრონომი ავი ლოები და მისი კოლეგა ამირ სირაჯი საკუთარ ახალ კვლევაში დაკავდნენ.


ლოების და მისი კოლეგის აზრით ჩვენ გონიერი არსებებისგან სიგნალს უნდა მოველოდეთ ვარსკვლავთშორისი სივრციდან, რომლის მანძილი დედამიწიდან ყველა მიმართულებით 3000 სინათლის წელია. ჩვენი გალაქტიკის აღნიშნულ მონაკვეთში 10 მილიონამდე ვარსკვლავია და ჰარვარდის სპეციალისტების აზრით სწორედ 10 მილიონიდან ერთი შანსია, რომ ამ მანძილში სადმე ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობდეს.



კვლევაში საუბარია სიგნალის მიღებაზე, მაგრამ იმისათვის, რათა დიალოგი შედგეს, კიდევ რამდენიმე ათასი წელია საჭირო.


ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჩვენს გალაქტიკაში მხოლოდ დაახლოებით 15-მდე ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაციაა. გარდა ამისა, ვინ თქვა, რომ ყველა ცივილიზაცია გალაქტიკაში თანაბრად არის გადანაწილებული? შესაძლოა უახლოესი 25 ათასი სინათლის წლის რადიუსში ერთი ცივილიზაციაც კი არ იყოს და მერე 10 ცივილიზაცია იყოს ერთმანეთის გვერდით.


გარდა ამისა, საფიქრალია ასევე ისიც, თუ გალაქტიკის რომელ უბანში დავიწყებთ არამიწიერი განვითარებული ცივილიზაციების ძიებას. ჩვენ ამ მხრივ გარკვეული ცოდნა უკვე დავაგროვეთ და მაგ. ვიცით, რომ გალაქტიკის ცენტრი არამიწიერი სიცოცხლის წარმოშობის თვალსაზრისით არახელსაყრელი ადგილია. ცენტრში ძალიან ბევრია ზეახალი ტიპის ვარსკვლავი, რომელთა აფეთქების შედეგად გამოსროლილ გამა გამოსხივებას პლანეტაზე სიცოცხლის განადგურება მარტივად შეუძლია, სანამ ეს უკანასკნელი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწევდეს და ტექნიკური ცივილიზაცია გახდებოდეს. ამიტომ განვითარებული სიცოცხლე უმჯობესია გალაქტიკათა “მკლავებზე” ვეძებოთ, ეს კი მნიშვნელოვნად ართულებს საქმეს და კოსმოსური კონტაქტის შესაძლებლობას კიდევ უფრო საძნელოს ხდის.


ამრიგად, უცხო არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარება იოლი არ გახლავთ და ეს უახლოეს 3000 წელიწადში თუ შევძელით, უნდა ჩავთვალოთ, რომ ძალიან გაგვიმართლა, მაგრამ მერე საკითხავი კიდევ ის იქნება, როგორ უცხო ცივილიზაციას წავაწყდებით იქ, ვარსკვლავებს შორის - კეთილს თუ ჩვენდამი მტრულად განწყობილს. აი ეს კი უკვე ცალკე სტატიის თემაა.


უცხო

1
146
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
146
  
2023, 12 თებერვალი, 23:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1