x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კვლევა: სუპერმდიდრები ნაკლებად ჭკვიანები არიან, ვიდრე სხვა ფენების წარმომადგენელი ადამიანები
როგორც შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, სუპერმდიდარი ადამიანების წარმატება მათი გონებრივი შესაძლებლობებით არ არის განპირობებული.


არადა, საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ფინანსურად ძალიან წარმატებული ადამიანები ამავდროულად ძალიან ჭკვიანებიც არიან; ვინმეს მიერ დიდი სიმდიდრის დაგროვებას ჩვენს გვერდით მყოფი ბევრი ადამიანი საუკეთესო კოგნიტურ შესაძლებლობებს უკავშირებს და პიროვნების გონებრივ შესაძლებლობებს მისი სიმდიდრის მიხედვით აფასებს.


მაგრამ როგორც გაირკვა, სიმდიდრე ინტელექტის შესაფასებლად არასწორი კრიტერიუმი ყოფილა.
როგორც კვლევები ცხადყოფს, უზარმაზარი სიმდიდრის დაგროვებაში ოჯახის რესურსებს და იღბალს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე განსაკუთრებულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ეს ლინკოპინგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა.


მკვლევართა ჯგუფს მარკ კოიშნიგი ედგა სათავეში. ჯგუფს სურდა გამოეკვლია კავშირი დიდ სიმდიდრესა და ინტელექტს შორის, მაგრამ ეს ამოცანა ერთი შეხედვით ძალიან რთული ჩანდა: როგორ გინდა, მიხვიდე მულტიმილიონერებთან ან მილიარდერებთან და აუხსნა, რომ მათი გატესტვა გჭირდება, რათა დაადგინო, საკუთარი სიმდიდრე საკუთარივე ჭკუით და გონებით დააგროვეს თუ არა?



მაგრამ საბედნიეროდ მეცნიერები ერთმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ გადაარჩინა: შვედეთის სამეფო არმია სავალდებულო გაწვევის ფარგლებში იკვლევდა წვევამდელების არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ შესაძლებლობებსაც!


ასე და ამგვარად, კოიშნიგმა და მისმა კოლეგებმა არნო ვან დე რიეტმა (ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი, იტალია) და ტიეს ბოლმა (ამდტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) მიიღეს წვდომა 59, 000 მამაკაცის მონაცემებზე, რომელთა ასაკი 18-დან 19 წლამდე იყო. აღნიშნული მონაცემების კომბინირება მათ მოახდინეს 35-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცების შემოსავლებთან.


ანალიზმა ბევრი საყურადღებო რამ გამოავლინა: კერძოდ, გაირკვა მყარი კავშირი ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ხელფასის ოდენობას შორის. თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე. წლიური 60 ათასი ევროს შემოსავლის შემდეგ მონაცემები ნელ-ნელა კოგნიტურ შესაძლებლობებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა. მათ, ვინც წლიურად 60 ათას ევროზე მეტს გამოიმუშავებდა, მკვლევარებმა ვერავითარი განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები ვერ აღმოუჩინეს, ხოლო შემოსავლების მხრივ ყველაზე უზრუნველყოფილ 1 %-ს რაც შეეხება, ამ ფენას მიკუთვნებულ ბევრ ადამიანს მეცნიერებმა სხვა ფენების წარმომადგენლებთან შედარებით დაბალი გონებრივი შესაძლებლობებიც კი დაუდგინეს.


მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ზოგიერთ ხარვეზს კოიშნიგი და მისი გუნდიც არ მალავენ, ერთი რამ ცხადია: ინტელექტს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს იმაში, რომ ადამიანმა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გაიუმჯობესოს. მაგრამ როცა საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულს ეხება, მაშინ ინტელექტი უკვე არც ისე დიდ როლს თამაშობს.


ფული

1
106
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
106
  
2023, 10 თებერვალი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1