x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
აღმოჩენილია ახალი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა ცოცხალი არსებები სახლობდნენ
მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი იყოს. ეგზოპლანეტას Wolf 1069 b ეწოდება და მას დედამიწის იდენტური მასა აქვს. ამის შესახებ მიუნხენში მდებარე მაქს პლანკის ინსტიტუტი იტყობინება.


პლანეტას დიდი ალბათობით ატმოსფეროც გააჩნია. თავის მშობლიურ ვარსკვლავს, Wolf 1069-ს ის იმგვარი მანძილიდან უვლის გარს, რომ შესაძლოა მის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს.


ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა საკუთარი მზის ირგვლივ 15, 6 დღეში ბრუნავს. ის საკუთარი მნათობიდან დაახლოებით 10 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რაც 15-ჯერ ნაკლებია დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილთან შედარებით. მიუხედავად ასეთი მცირე დაშორებისა, Wolf 1069 b საკუთარი მქრქალი ვარსკვლავისგან მხოლოდ იმ ენერგიის 65 %-ს იღებს, რასაც დედამიწა იღებს მზისგან, თუმცა ეს ენერგია სრულიად საკმარისია მასზე სიცოცხლის ბატონობისთვის.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Wolf 1069 b თავისი მნათობისკენ მუდმივად მხოლოდ ერთი მხარით არის შებრუნებული, რის გამოც მის ერთ ნაწილში მუდმივი ღამეა, ხოლო მეორეში - მუდმივი დღე.
თუ დავუშვებთ, რომ Wolf 1069 b კლდოვანი პლანეტაა, მისი ზედაპირული ტემპერატურა ვარსკვლავისკენ მიმართულ მხარეზე ცელსიუსით 23 გრადუსს უნდა შეადგენდეს. თუმცა, როგორც კომპიუტერულმა სიმულაციამ ცხადჰყო, ატმოსფეროს არსებობის შემთხვევაში ეს ტემპერატურა 13 გრადუსით მეტიც შეიძლება იყოს და 36 გრადუსს უტოლდებოდეს.



მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ Wolf 1069 b-ს შესაძლოა დედამიწის მსგავსი მაგნიტური ველიც გააჩნდეს, რაც პლანეტაზე არსებულ ბიოსფეროს საკუთარი ვარსკვლავიდან მომდინარე სახიფათო გამოსხივებისგან დაიცავდა.


ზუსტად 30 წლის წინ კაცობრიობამ პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. მას შემდეგ უკვე 5000-მდე ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი და მათგან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ისეთი იდეალური მახასიათებლები, როგორიც გააჩნია Wolf 1069 b-ს.


Wolf 1069 b დედამიწიდან 31 სინათლის წლით არის დაშორებული და წითელ ჯუჯა ვარსკვლავს უვლის გარს. მეცნიერების აზრით, დაახლოებით 10 წელიწადი კიდევ არის საჭირო, რათა შევიტყოთ, არის თუ არა სიცოცხლის ნიშნები ახლად აღმოჩენილ ეგზოპლანეტაზე. მალე ჩილეს ტერიტორიაზე ახალი სუპერტელესკოპი აიგება, რომლის მეშვეობით ჩვენ Wolf 1069 b-ზე სიცოცხლის ნიშნების დანახვას შევძლებთ.


ეგზო

0
626
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0