x
image
მარიამმ პაიჭაძე
მამა შალვა კეკელია: „ერთი შვილი ღმერთთან მყავს... საკუთარი ხელით მივაყარე მიწა"
მამა შალვა


„ერთი შვილი ღმერთთან მყავს, იოანე... ძალიან გვეხმარება ზეციდან. ახლა 6 წლის იქნებოდა. აქ გიორგი, ნინო და ილია მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს, ან როგორ შეიძლება, შვილი არ გიყვარდეს. თავიდან ბოლომდე ცვლის ცხოვრებას, სხვა სამყაროში შედიხარ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და სულ ვცდილობ, ჩემი შვილების მეგობარი ვიყო", - ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში „ნოესთან" თავის ოჯახზე საუბრისას განაცხადა.


მამა შალვამ გარდაცვლილ შვილზე, იოანეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე რთული, დაკრძალვის მომენტი იყო.


„ჩემთვის ყველაზე რთული დაკრძალვის მომენტი იყო, როცა ხელში მეჭირა და მომიწია, მისთვის მიწის დაყრა, ძალიან რთული იყო, მე თვითონ გავაკეთე ყველაფერი, საკუთარი ხელით მივაყარე მიწა და ბევრი ჩემი უარყოფითი იოანემ თან წაიღო... დღესაც ბევრ რამეში მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მან დედამიწაზე სულ რამდენიმე საათი იცხოვრა და ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით, საოცარი ურთიერთობა გვაქვს მე და იოანეს. როცა რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, მის საფლავზე ავდივარ და ველაპარაკები. ყოველ ახალ წელს მის საფლავზე ვხვდებით. როდესაც უკან მოვდივარ, ყველაფერი გვარდება, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო და ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს. უფრო მეტად გავიაზრე, რა არის ნამდვილი სიყვარული და ეს იოანემ მასწავლა. მან მღვდლობა მასწავლა, ადამიანების ტკივილი კიდევ უფრო მეტად დამანახა, უფრო მეტად ვიგრძენი, როგორ სტკივათ ადამიანებს მაშინ, როგორი მწარეა თურმე შვილი, შვილს კიდევ, ასაკი არ აქვს, რამდენი წლისაც არ უნდა გარდაგეცვალოს, შვილი შვილია. საოცრად დიდი ტკივილია შვილის გარდაცვალება, მაგრამ თუ მასთან სულიერ ურთიერთბას შეძლებ, ამავდროულად, დიდი სიხარულიც არის", - განაცხადა მამა შალვამ.



მამა შალვა

მისივე თქმით, იოანეს გარდაცვალების გამო, ღმერთის მიმართ პროტესტის განცდა არასდროს ჰქონია.


„ღმერთის მიმართ პროტესტი არასდროს მქონია, თუმცა, უიმედობის განცდა მქონდა. მაშინ ვგრძნობდი, რომ ჩემი მეუღლეც გადიოდა ამ ქვეყნიდან, მამა იოანე გავაგზავნე, ჩვენს ტაძარში მსახურობს, ღამისთევის წირვა დავაწყებინე და წირვის პროცესში ვნახეთ, როგორ მობრუნდა უკან ქეთი. ღვთის მიმართ არ მქონია პროტესტი. მქონდა განცდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ცოდვებიდან მომდინარეობდა. ჩემი არასწორი ცხოვრების გამო დაეშვა იოანეს ამბავი, ასე ვთვლი. მივხვდი, რომ ჩემი მეუღლის მიმართ წრფელი სიყვარული არ მქონია. მე რომ მეგონა, მიყვარდა, თურმე ეგ სიყვარული არ იყო. ჩემთვის რეალური სიყვრული არის როცა გინდა, მთელი ცხოვრება მას ემსახურო და აქეთ არ გინდა, რომ გემსახურონ და ასეთი სიყვარული ჩემში მერე დაიწყო", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.





0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0