x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
მსოფლიოში უიშვიათესი ქსოვილი მილიონი ობობას ქსელისგან არის დამზადებული
მსოფლიოში ყველაზე დიდი და უიშვიათესი ქსოვილის ნაჭერი, რომელიც მთლიანად ობობას ქსელისგან არის დამზადებული, 2009 წელს, ნიუ-იორკში, ბუნების ისტორიის ამერიკულ მუზეუმში გამოფინეს.


ამბობენ, რომ ეს ამჟამად მსოფლიოში ქსოვილის ერთადერთი დიდი ზომის ნაჭერია, რომელიც მთლიანად დამზადებულია ობობას ბუნებრივი ქსელისგან. ეს არის მართლაც განსაცვიფრებელი ქსოვილი, რომლის შექმნის ისტორია არანაკლებ საინტერესოა.


ქსოვილის ეს ნაჭერი გახლავთ ბრიტანელი ხელოვნების ისტორიკოსის, საიმონ პირსის და მისი ამერიკელი ბიზნესპარტნიორის, ნიკოლას გოდლის ერთობლივი პროექტი. პროექტის განხორციელებას ხუთ წელიწადზე მეტი დრო მოხმარდა და მასზე 300 ათას ფუნტზე მეტი (დაახლოებით 395, 820 დოლარი) დაიხარჯა. სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია 3, 4 მეტრი სიგრძის და 1, 2 მეტრი სიგანის ქსოვილის ნაჭერი, რაზეც ამ სტატიაში გვაქვს საუბარი.


ობობა



ქსოვილის დამზადების ინსპირაცია გახლდათ მე-19 საუკუნეში დაწერილი ცნობა იმის შესახებ, რომ ფრანგმა იეზუიტმა მისიონერმა, პეტერ პაულ კამბომ სცადა, ობობას ქსელისგან ძაფის მასობრივი წარმოება დაეწყო, რათა შემდგომში ტანსაცმლის ქსოვილები სერიულად დაემზადებინა. კამბომ ბოლოს ეს ნაწილობრივ წარმატებით მოახერხა, რითაც იეზუიტი მისიონერი ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც პირველად გამოიყენა ობობას ქსელი სამრეწველო მიზნით.


კამბო მისიონერად მსახურობდა მადაგასკარზე და საკუთარი ნაწარმისთვის ადგილობრივი ობობას ქსელს იყენებდა. მოგვიანებით მის მიერ დამზადებული საწოლის საკიდი 1898 წლის პარიზის გამოფენაზეც კი გაიტანეს.


პირსმა და მისმა პარტნიორმა კუნძულ მადაგასკარსა და სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული ოქროსფერი ობობას მილიონამდე ინდივიდი დაიჭირეს, რათა მათგან ქსოვილის მოზრდილი ნაჭრისთვის საჭირო მასალა მიეღოთ. საამისოდ მათ კამბოს მიერ გამოგონებული მანქანა გამოიყენეს, რომლის მეშვეობით ხდება ობობას ქსელისგან ძაფის მიღება ისე, რომ ქსელი არ დაზიანდეს.


ობობა



მიუხედავად იმისა, რომ როგორც კამბომ, ასევე მოგვიანებით პირსმა და გოდლიმ დაამტკიცეს, რომ ობობას ქსელისგან ქსოვილების დამზადება სრულიად შესაძლებელია, ეს მაინც არ არის იოლად ხელმისაწვდომი პროდუქტი მასობრივ წარმოებაზე გადასასვლელად. პრობლემა იმაშია, რომ როცა ობობებს ერთად ვათავსებთ, ისინი ერთმანეთის ჭამას იწყებენ. სწორედ ამიტომ ობობას ქსელისგან ქსოვილების დამზადება უაღრესად ძვირი ჯდება.


არადა, ეს დასანანია, რადგან ობობას ქსელისგან დამზადებული ქსოვილი საოცრად გამძლე, მტკიცე, ელეგანტური და მსუბუქია. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოახერხონ ქსელის წარმოება იმგვარად, რომ მილიონი ობობას დაჭერა აღარ გახდეს საჭირო.

1
311
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
311
  
2023, 28 იანვარი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1