x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა 2300 წლის წინ გარდაცვლილი ბიჭის მუმიას ოქროსგან დამზადებული ორგანოები აღმოუჩინეს
კაიროს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახლახან 2300 წლის წინათ გარდაცვლილი ბიჭის მუმიას კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევა ჩაუტარეს და მის სხეულში 49 ავგაროზი იპოვეს. ბევრი ავგაროზი ოქროსგან აღმოჩნდა დამზადებული, მათ შორის მუმიის ენაც, რომელიც მეცნიერებს მანამდე ჩვეულებრივი ორგანო ეგონათ.


საინტერესოა, რომ მუმიფიცირებული სხეული ეკუთვნოდა 15 წლის ბიჭს, რომელსაც დიდი ალბათობით მდიდარი და გავლენიანი მშობლები ჰყავდა.


ოქროს ბიჭი


ძველი ეგვიპტელების რწმენით ნებისმიერ ავგაროზს მაგიური ძალა გააჩნდა. ავგაროზებს ატანდნენ მიცვალებულებს საფლავში ან მუმიფიცირების დროს უტოვებდნენ სხეულში, რა დროსაც ლოცვებს ამბობდნენ და “მკვდართა წიგნიდან” ლექსებსაც კითხულობდნენ.



15 წლის ბიჭის სხეულში მეცნიერებმა გულის ფორმის ოქროსგან დამზადებული ავგაროზი იპოვეს, რომელსაც ეგვიპტელების რწმენით საიქიოში ბიჭისთვის რეალური გულის მაგივრობა უნდა გაეწია.


აღსანიშნავია, რომ ბიჭის სხეულში არსებული ავგაროზები ოქროს გარდა თიხისა და ძვირფასი ქვებისგანაც იყო დამზადებული.


ოქროს ბიჭი


15 წლის თინეიჯერის მუმია ეგვიპტეში პტოლემეების დინასტიის დროს დაამზადეს. ეს ის პერიოდია, როცა ეგვიპტის სათავეში მაკედონიური დინასტია მოდის და გარდაცვლილთა მუმიფიცირების წესი მნიშვნელოვნად იცვლება. უცვლელი რჩება მხოლოდ ერთი რამ: ეგვიპტელების რწმენა იმის შესახებ, რომ მიცვალებულის სხეული არ უნდა გახრწნილიყო. ეგვიპტელებს ბრმად სჯეროდათ, რომ მიცვალებულის სული პერიოდულად აკითხავდა საკუთარ სხეულს, სახლდებოდა მასში და ცხოვრობდა. ამიტომ სხეული აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო. სული თუ სხეულს ვერ იპოვიდა, ის დაიბნეოდა, დაივიწყებდა, თუ ვინ იყო და საიქიოსა და სააქაოს შორის მარადიულად იხეტიალებდა. ამიტომ ეგვიპტელები ცდილობდნენ, რაც შეიძლება სრულეყოთ მუმიფიცირების ხელოვნება და რაც შეიძლება გამძლე აკლდამები აეშენებინათ საკუთარი მიცვალებულებისათვის, რათა მათ სულებს ათასობით წლის შემდეგაც შესძლებოდათ საკუთარ სხეულებში დაბრუნება და სააქიო ცხოვრების სიკეთეებით ტკბობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები მათთვის გული და ენა იყო. ამიტომ შედარებით ღარიბები გულის და ენის ავგაროზებს თიხისგან უმზადებდნენ საკუთარ მიცვალებულებს, ხოლო მდიდრები - ოქროსგან. სწორედ ამას აქვს ადგილი 15 წლის ბიჭის მუმიის შემთხვევაშიც.


ეს აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ კაიროს მუზეუმმა გადაწყვიტა, თინეიჯერის მუმია მის მთავარ დარბაზში გამოფინოს წარწერით “ოქროს ბიჭი.”


ოქროს ბიჭი

0
549
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0