x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ნოდარ დუმბაძის მოგონებებიდან...

ჩემს ოჯახში ერთი უძვირფასესი წიგნი - რელიქვია ინახებოდა. ეს წიგნი გოგებაშვილის "დედაენა" გახლდათ, "დედაენა" რომლითაც ჩემი დედა სწავლობდა და რომელსაც მე მიკითხავდა ბავშვობაში, ვიდრე სკოლაში წავიდოდი. იმიტომ კი არა, რომ "დედაენის" გაჭირვება იყო ჩვენს ოჯახში, არა, იგი შელოცვილი აკვანივით გადადიოდა თაობიდან თაობაში და ისე იყო გაცრეცილი, ფურცელ-ფურველ დაშლილი და ათასჯერ დაკაბადონებული, რომ ძალაუნებურად მოითხოვდა უაღრესად სათუთ და სათნო მოპყრობას. სწორედ ეს "დედაენა" წავიღე თან, 1968 წელს ქართველ მწერალთა ჯგუფთან ერთად თურქეთში რომ გავემგზავრე.
ქალაქ ბურსაში ერთი შავთვალწარბა ბიჭი მომიახლოვდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა და ნაფოტივით თხელი იყო, ეკალათი და ცივი მჭადით გაზრდილ გურულ ბიჭს ჰგავდა და არც მოვტყუებულვარ.
- გურჯი ვარ! - მითხრა.
თარჯიმანი გვეხმარებოდა საუბარში.
- ქართული რატომ არ იცი? - ვუსაყვედურე.
- ნენეი მომიკვდა. - იმართლა თავი.
ეს ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა.
სასტუმროში წავიყვანე და ის ჩვენი რელიკვია "დედაენა" ვაჩუქე.
- შენია, წაიღე, ოღონდ ქართული ისწავლე, - ვთხოვე.
თავი დამიქნია, გამიღიმა და წაიღო. წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემი დედა ვაჩუქე და მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე.
ნოდარ დუმბაძე

image


0
197
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0