საზოგადოება
"პირველად 11 წლის ასაკში გავიცანი და მას მერე..." - ვისზე საუბრობს ია ფარულავა
2023, 5 იანვარი, 10:25
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 90 წლის იუბილეს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ქვეყნის სულიერ მამას დაბადების დღეს ულოცავს:
"პირველად 11 წლის ასაკში გავიცანი და მას მერე მისი ნათელი სახე და სიტყვა მუდამ თან დამყვებოდა ლხინში თუ ჭირში….დიდი მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო გილოცავთ დაბადების დღეს !!!"- წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა - კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში დაიბადა, 1957 წელს კი ის ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. ქვეყნის მომავალი სულიერ მამა 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იქნა არჩეული.