x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პროგნოზი: როგორია იმის ალბათობა, რომ დედამიწას ოდესმე გიგანტური ასტეროიდი შეეჯახება?
დედამიწის სიახლოვეს გამუდმებით გადაადგილდება ესა თუ ის ასტეროიდი. ზოგიერთი ასეთი სახიფათო ციური სხეული საუკუნეში რამდენჯერმეც კი ჩაუქროლებს ხოლმე ჩვენს პლანეტას. ბევრი მსგავსი “პაემანი” ხშირად სრულიად უხიფათოა, თუმცა ერთი ქართული ანდაზის არ იყოს, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს…


მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს 1 კილომეტრზე უფრო დიდი რადიუსის მქონე ასტეროიდების 95 %-ზე მეტი შესწავლილი აქვთ და მათი გადაადგილების ტრაექტორიაც ზუსტად აქვთ გამოანგარიშებული, მაინც არსებობს იმის ალბათობა, რომ საიდანღაც, თითქოს სრულიად არსაიდან მოულოდნელად გამოჩენილმა უზარმაზარმა ციურმა სხეულმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს სიცოცხლის არსებობა ჩვენს პლანეტაზე.


ასტეროიდი


თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი უბედურების ალბათობა უაღრესად მცირეა. იმ ასტეროიდის მსგავსი 10-15 კილომეტრი დიამეტრის მქონე ციური სხეული, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე დინოზავრების მასიური გადაშენება გამოიწვია, ჩვენს პლანეტას დაახლოებით 60 მილიონ წელიწადში ერთხელ ხვდება.



ალბათ ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ გაიფიქრებთ, რომ რადგან დედამიწას ძალიან დიდი ზომის ასტეროიდი ყოველ 60 მილიონ წელიწადში ერთხელ ხვდება და იმ ასტეროიდის დაცემიდან, რომელმაც დინოზავრები გაანადგურა, უკვე 66 მილიონი წელია გასული, ახლა მსგავსი ხიფათის მოახლოებას ყოველდღიურად უნდა მოველოდეთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ გახლავთ. აქ საუბარი მხოლოდ ალბათობაზე გვაქვს და არა გარანტირებულ შეჯახებაზე.


ეს იგივეა, რაც მაგალითად კაზინოში ზეროს გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ზეროს გამოჩენის მათემატიკური შანსი 1:37-ია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველ 37-ე ან სულაც 50-ე სვლაზე ზერო გამოჩნდება. ზერო შეიძლება 37-ე სვლაზე კი არა, მეათასე სვლაზეც კი არ გამოჩნდეს, ხოლო შემდეგ ხუთჯერ ან ექვსჯერ ზედიზედ გამოჩნდეს. ანალოგიურია დედამიწაზე გიგანტური ასტეროიდის შეჯახების ალბათობაც. ეს ალბათობა ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება, თუმცა რეალურად არაფრის დაზუსტებით თქმის საფუძველს არ იძლევა.


ასტეროიდი


“იმის ალბათობა, რომ ასტეროიდი ოდესმე დედამიწას შეეჯახება, 100 %-ს უდრის, ” აცხადებს ასტეროიდების მკვლევარი ალან ჰარისი. “ეს ყოველგვარ შემთხვევაში მოხდება. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით არც შეჯახების თარიღი და არც შეჯახებული ციური სხეულის ზომები.”


ტექნიკა რაც უფრო მეტად იხვეწება, სულ უფრო მეტად იკლებს იმის ალბათობა, რომ გიგანტური ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება და სიცოცხლეს დაასრულებს ჩვენს პლანეტაზე. მეცნიერებს წლიდან წლამდე ასტეროიდების სულ უფრო დიდი ნაწილის აღმოჩენა და მათი გადაადგილების ტრაექტორიის სულ უფრო ზუსტად გამოთვლა შეუძლიათ. შესაძლებელია ასევე ისიც, რომ სახიფათო ასტეროიდს მიმართულება შევუცვალოთ და მანაც დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუქროლოს. 2022 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ სექტემბრის ბოლოს ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების სააგენტოს, NASA-ს მაცივრის ზომის ზონდი დარტი ასტეროიდ დიდიმოსის თანამგზავრ დიმორფოსს შეეჯახა და როგორც მკვლევარები მისიის დასაწყისშივე ვარაუდობდნენ, მისი ბრუნვის ტრაექტორია წარმატებით შეცვალა. ეს ისტორიული მომენტი გახლდათ. ეს შეჯახება იმას ნიშნავდა, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, თითქმის ნებისმიერი სახიფათო ასტეროიდი გავაუვნებელყოთ.


მაგრამ რადგან სამყაროში წმინდად ასპროცენტიანი არაფერია, მაინც ყოველთვის იარსებებს შანსი, რომ დედამიწას გიგანტური ასტეროიდი შეეჯახება, თუმცა ეს შანსი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად შემცირდება და სავარაუდო შეჯახების თარიღიც სულ უფრო შორს გადაიწევს გაურკვეველ მომავალში.

3
333
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
333
  
2023, 10 იანვარი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 იანვარი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3