x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"რომ ზღაპრიდან არც გამიშვა, არც გამექცე"

image


მთაში ტყე ...და ტყეში ქოხი...
ქოხი ლამის ცასთან ახლო...
სად დამთავრდა, გამახსენე
ზღაპარი, რომ განვაახლო?!...
ჰო, ზღაპარი... მას ყოველთვის
კეთილი აქვს დასასრული -
ჯერ ზღაპარში არ დამდგარა
სიყვარულის აღსასრული...

...ჰოდა, თოვდა... ისე თოვდა,
თოვლი კარებს გვირაზავდა,
ფანჯრებზე კი ყინვა ენით
ორნამენტებს გვიხაზავდა.
ქოხის სივრცე უსაზღვროს და
უსასრულო ზეს სწვდებოდა,
სამყარო კი ამ კარს მიღმა
ერთ მტკავლსაც ვერ სცდებდა...

ბუხრის ცეცხლი ჩვენს განცდებზე
ნაპერწკლებად იფრქვეოდა,
რასაც დიდი დარდი ერქვა,
ნაცრდებოდა, იფქვებოდა...
მე და შენ... და კიდევ ვიღაც,
მდუმარე და ჩვენზე ზრდილი -
ცეცხლის შუქზე ზურგებს უკან
ჩვენი ერთი დიდი ჩრდილი
ისე თრთოდა ბედნიერად,
არ გვინდოდა ხელის შეშლა...
ჩვენს სიცილზე, როგორც ბანი
ტკაცუნებდა ხმელი შეშა...

და მას შემდეგ ქოხში დავრჩით,
ახლაც ქოხში ვყვები ზღაპარს...
აზანზარებს ქარი კედლებს,
გამალებით ეძებს ნაპრალს...
გარე სივრცე სტვენს ფანჯრებში -
შემოვარდნას ლამობს თითქოს,
სადაც ჩვენი დიდი ჩრდილი
მისგან დამზრალ სხეულს ითბობს...

ბარდნის... ბარდნის... ბარდნის... ბარდნის...
თოვლი ხერგავს გზას და ხიდებს,
რომ ზღაპრიდან არასოდეს
არც გამიშვა, არც წახვიდე!
/მარი ბერძენაძე/

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0