x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ქართველთა წარმოშობა და ტოპონიმიკა თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით

image

ხოლო იოასაფ ფლავიოსს მწერალი იუდიანთა ისტორიისა, ძველთა ებრაელთა მოთხრობათა შინა წიგნსა პირველსა, ნაწილსა და თავსა 6სა, მოუთხრობს ესრეთ: "სულ ძველად ქართველთა, ესეიგი ივერთა თობელნი ეწოდებისო, ვინაიდგან იგინი შთამომავლობანი არიან იაფეთის ძის თობელისნი."

და სომეხთა, ესეიგი ერმანთათვის იტყვის: "იგინი არიან შთამომავლობანი იულისანი სემის შვილის შვილისაგან (სემ შვა არამ, არამ შვა იულ და ამისგან შთამომავლობისგან, შთამომავლობანი სომეხთა ესე იგი ერმანთა ნათესაობანი არიან).


საღმრთოსა მიერ წერილისა (ესე იგი მოსეს წიგნისაგან გვეუწყების), ვითარმედ იაფეთის შვილნი იყვნეს: თობელ და მოსოხ, მხოლოდ ესე ვუწყით. ხოლო მოთხრობისამებრ იოსიფოს ფლავიასსა თობელისაგან იშვნესო ივერიელნი, ესეიგი ქართველნი და მოსოხისაგან კაბადუკიელნი: არამედ საკუთარი ისტორია საქართველოსა უძველესიცა და შემდგომნიცა ამტკიცებენ ამას, რომელ არა თუ თობელისაგან, არამედ ღამერისაგან არს ქართლოსიანნი, ესე იგი ივერნი და სომეხნიცა ამისგანვე. დაამტკიცებს ამას სომეხთაცა, ესე იგი ერმანთა ისტორია, რომელ ქართლოს ნათესავთ-მთავარი ივერიელთა და ჰაოზ ნათესავთ-მთავარი ჰაოსიანთა, ესე იგი ერმანთა, რომელ არიან სომეხნი, იყვნეს ძმანი და ძენი თარგამოსისანი.


ხოლო ქართლოსის ძის მცხეთოსისაგან იშვნეს ზემო ქართლელნი, რომელნიცა არიან მესხნი, ხოლო სახელი ესე იშობების მცხეთოს წოდებისაგან მესხნი, სამცხე, სამესხეთო, სამცხეთო: ესე იგი მცხეთოს სახელისაგან გამოვალს მსხეთოს, მესხნი, მესქნნი, მესქანნი, მესქანია და სხვანი. ესე უმეტეს ამით დამტკიცდების, რომელ მესხნი ნამდვილ შთამომავლობანი მცხეთოსისანი არიან; ამის თვის რომელ მესხთა ბუნებითი და საკუთარი ენაი არს ქართული და ჩვეულებაცა.


ხოლო წოდება სახელისა ამის ივერია ანუ ივერო განიმარტების ესრეთ, ვინაიდგან მდინარენი იგი დიდი იორი და მცირე იორი გამომდინარებენ დასაწყისსა შინა ერთისაგან სათავისა და შემდგომად განიყოფიან ორად, ამისთვის წყალთა მათ სახელ ედვა იორი ანუ იორა. ესე იგი გაორდა ანუ ორი შეიქმნა; ვინაცა იორი ანუ იორა თქმაი გარდაიქმნა იორიად ანუ ივერიად: და ამის ძლით მდინარეთა ამათ სახელი მიუღიეს ყოველსა სამზღვარსა სრულიად საქართველოისა, გინა გიორგიისასა, კასპიის ზღვიდგან ვიდრე შავს ზღვამდე, ყოველსა ზემოსა და ქვემოსა ივერიასა.

ხოლო ამას უკუ განმარტებასა სახელისა ივერიისასა არა თუ მხოლოდ გარეშეთა ისტორიკოსთაგან დავამტკიცებთ, ჩვენნიცა უმრავლესნი ისტორიკოსნი და მომთხრობელნი ამასვე დაამტკიცებენ მიზეზსა, რომელსაცა გულის-ხმის ყოფა შეიწყნარებს უჭეშმარიტესად.


ხოლო მოთხრობასა შინა ვახუშტის ქართლის ცხოვრებისასა იტყვის იგი: "ივერია სახელიო ესე ნიშნავს იო-ვერიე. იო, ნიშნავსო საამოვნოსა რაისამე ხმასა შორისდებულსა, ხოლო ზმნაი ესე ვითარმედ ვერიე, ნიშნავსო მოვერიე (ესე იგი ძლევა შემოსილება მივიღე)." ორთა ამათ ლექსთაგან შერთვით აქა უკუს მოიღებს მაგალითსა ვახუშტი და იტყვის: "ოდეს იგი ადერკი მეფემან ივერიისამან მოკლაო მეფეი არშაკი მესამე და მიუღო მას შთამამავლობითი საყდარი, ოდესს სცა საჭურველი და დასცა ქვეყანასა ზედა მკვდარი მყის აღიზახაო: იო ვერიე."

და ესე შემთხვეულება იქნა პირველსა შინა წელსა უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს შობისასა. ესე ძლევა შემოსილი ხმაი იყო წინა მოსწავებაი ივერიისა ერთა ქრისტესს შეწყნარებისა, სიხარულისა მიღებისა და ხმისა სადღესასწაულოსა და ეშმაკთა ზედა ძლევა შემოსილიებისა და ჟამსა მას ეწოდაო სრულიად ქვეყანასა საქართელოისა ივერიაო."


თუმცაღა მოვალეობაი ქრისტიანებრივი არს, რათა ყოველსა შინა კეთილთა მოძრაობათა, წოდებათა და საქმეთა შინა გამოვიხატვიდეთ უფალისა და მაცხოვარსა იესო ქრისტესსა და სახელსა მისსა ყოვლად წმიდასა ვადიდებდეთ და ვახუშტი ამას მორწმუნისა ერისა და სასოებისა მათისათვის იტყვის და თნებისა და არა ისტორიკოსებრ ჰყოფს ძიებასა, ვინაიდგან უწინარესცა ქრისტესს მოსვლისა მოთხრობათაგან პოებულთა და ხატთაგან გეოგრაფიულთა ცნობილ არს მრავლით წლით უწინარეს, ივერიად და გეორგიად წოდებაი სრულიად ზემოსა და ქვემოისა საქართველოისა ერთა და ქვეყნისა, დამტკიცებული არს და აღმოჩინებულ სხვათა და სხვათა ძველთა მატიანეთა და მოთხრობათა შინა, უძველესთაგან ისტორიკოსთა ქმნილთა უწინარეს ქრისტეს მოსვლისაცა.


image

კვალად იტყვიან, რომელნიმე მიზეზსა ამას, ზემოისა საქართველოისა ერნი უწოდებენ ქვემოისა საქართველოისა ერთა იმერთა (ესე იგი მთის იქითურთა ერთა) და თავთა თვისთა ამერთა (ესე იგი მთის აქეთ გარდმოღმა ერთა). ხოლო ქვემოისა საქართველოისა ერნი იმერნი ზემო საქართველოისა ერთა უწოდებენ იმერთა–ერთა და თავთა თვისთა ამერთა: და ერთა იმიერ და ამიერ ლიხისა მთისა მდგომარეთა, რომელნიცა სარწმუნოებითა, ენითა, შთამომავლობითა, გვარითა, ზნეობითა, და ადგილითა ერთ არიან.

ორივე ერი ერთსა ქვეშე ნათესაობასა და ერთსა ქვეშე სახელის დებასა არიან; და რეცა ორივე ერია. ივერია სახელის დებად წარმოდგამცა ამისგან ანუ აფხაზთა და ქართველთა, რომელნიცა ერთისა სახელმწიფოისანი არიან ერნი. ამა მიზეზისა ძლით ესახელ ედვა ორივ ერია ერთ სამპყრობელო; მაგრამ მრავალითა და სხვათა და სხვათა ამათ შორის მიზეზთა სახელის დებისათა უმეტეს უმტკიცებს გულის ხმის ყოფასა, ზემორე მოხსენებული მიზეზი; ვითარმედ ივერია ქვეყანასა ამას ეწოდა მდინარეთა გამო იორთასა.

ესე სახელ ედების სრულიად ქვეყანასა ივერიისასა, ესე იგი სრულიად საქართველოსა.


ადვილ გული ხმის საყოფელ არს ესე, რომელ სახელი ესე გიორგია სახელ ედვა ბერძენთა მიერ; მაგრამ თუ რომელსა ჟამსა ესე ძნელ არს სიძველისა ძლით ჟამთასა აღნიშვნად. ხოლო ესე უეჭველ არს, რომელ უწინარეს ქრისტეს მოსვლისაცა მრავლით წლით წინათვე ეწოდებოდა გიორგია და ბერძენნი უწოდებდნენ ორსავე სახელსა გიორგიასა და ივერიასაცა (და აწცა ეგ სახედვე უწოდენ) რომაელნი და სხვანი ევროპიელნი ჯეორჯიასა, (რომელ იგი გიორგია წოდება არს) და მოთხრობათა შინა რომელსამე ადგილსა გიორგიად სახელსდებენ და სხვასა ადგილსა სწერენ გიორგიად; უძველესთა შინა რომელთამე ჩვენთა და ვიეთთამე სხვათაცა მემატიენათა აღწერილთა იპოვებიან მოთხრობანი ეს სახედ, "გიორგიელთა ამისთვის უწოდესო მუშაკად მიწისა, ვინაიდგან პირველ ყოველთასა მუშაკობანი მიწისანი შემოღებულ არიან მათგან; თუმცაღა ესე გვარნი მოთხრობანი ძნიად სარწმუნებელი და ბნელ არიან, მაგრამ არა სრულიად მოზღაპრეობა, ვინაიდგან სახელი ესე ქვეყანასა სრულიად ივერიისასა მრავლით საუკუნით ქრისტეს მოსვლისაცა უწინარეს ეწოდა გიორგია.


აღმოსავლეთისა ერნი აზიურნი ყოველნი ზოგად უწოდებენ გურჯისტან, წოდება ნიშნავს მასვე გიორგიასა (ესე იგი გიორგია, ჯეორჯია და გურჯისტან, მის ერთისაგანვე სახელისა სხვასა და სხვასა ენასა ზედა გამოიღების სხვადასხვა რიგად ჩვეულებისამებრ თვითოეულთა ერთა გამოთქმისა); ხოლო რუსნი უწოდებენ გრუზიასა და გიორგიისა ერთა გრუზინებად. გრუზია წოდება არს სამთა ამათ მიზეზთა ძლით: 1) წერილ არს წიგნსა შინა მცირესა საქართველოისათვის მოთხრობისასა, რომელიცა როსიულსა ენასა ზედა აღბეჭდილ არს წელსა ქრისტესით 1802–სა სანკტპეტერბურღს აკადემიასა შინა წმინდისა ალექსანდრე ნევსკისასა (წერილ არს ესრეთ ფურცელსა შინა 4–სა) "გრუზია ლექსი გროზნა ამის მიერ იწარმოვებისო, გროზნა ნიშნავს რუსულად საშინელსა ანუ სასტიკსა; ძველად რუსნი სახელსდებდნენ სახელსა ამას ერთა კახეთისათა, ვინაიდან შორის ერთა ივერიისათა არიან იგინი უსასტიკესნიო და ამის გამო სახელ ედვაო სრულიად გიორგიასა გრუზია. 2) მიზეზსა ამას იტყვიან გერმანიელთაგან სახელ ედვაო გრუზია, რეცა ოდესმე ძველთა შინა დროთა გერმანიით განხილვად ქვეყანისა მოსრულთა მოგზაურთა იხილეს რა დიდ–დიდნი იგი და მაღალინი მთანი კავკასიისანი და უკვირდათ და იტყოდეს – "გროზ, გროზ". ესე იგი: დიდი, დიდი (ვინადგან ენითა გერმანიულითა გროზ ნიშნავს დიდსა). ესე სახელისდებაო რუსთა მიიღესო მათგან და უწოდესო გრუზია. თუმცაღა სრულიად გერმანიელნი, რომელ არიან ერნი დეიჩნი უწოდებენ სრულიად საქართველოსა ივერიად და გიორგიად, მაგრამ წერილთა შინა მათთა მრავალსა ადგილსა უწიერესთ გროზიად და უწოდებენცა; გარნა ესე არა საცნაურ არს რუსთა მიერ ისწავეს მათ სახელის დებაი ესე ანუ მათგან რუსთა. 3) სხვანი იტყვიან. "ვინაიდგან სპარსნი, თურქნი და სხვანი ყოველნი ერნი აღმოსავლეთისანი უწოდებენა გურჯისტანად, ესე იგივე არს გეორგისტანი, ჯეორჯია, გეორგია. გრუზია სახელისა დება, თუმცაღა გამოთქმაში გარდაბრუნებული და წამხდარი ლექსი არს, მაგრამ მასვე ნიშნავსო გიორგია წოდებასა.

imageოვსნი, რომელნიცა არიან კავკასოს ქართლოსისა ძმისა მონათესავენი პირველად იგინიცა ქართულისა ენისა იყვნეს მოლაპარაკენი, მერმე ამათცა უძველესთავე ჟამთა შინა შეერივათ ენა ხაზართაგან, მერმე სპარსთაგან და იტყვიან მათ შორის ძველათგან გერმანიელთა ერთა გარდამოსახლებასაცა; მაგრამ უფრო უადრეს აფხაზთა და ოსთა შორის ეგვიპტითცა გარდამოსახლებასაცა ერისასა და ამათ ყოველთაგან სხვათა და სხვათა ნათესავთა შეერიათ ენაი; თუმცა ერთ მეფობითსა მპყრობელობასა შინა მომზრახ იყენეს იგინი ქართულისა ენისა და ქრისტიანობაცა სრულიად ოსთა ეპყრათ; მაგრამ აწ ჟამთა არიან არა სრულიადისა წესთა ქრისტიანებრთა მპყრობნი, თუმცა ოსეთისა ქვეყანათა მრავალნი არიან ქრისტიანენიცა ბერძენ ქართველთა წესითა და უწყინცა მრავალთა ქართული ენა, რომლითაცა მომზრახეობენ.


წყარო: თეიმურაზ ბაგრატიონი (ბატონიშვილი) (1782-1846) – ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა / ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის–ძის თეიმურაზისაგან.

1
316
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
316
  
2022, 31 დეკემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1