x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან თოვლის პაპა
image

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში, წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნება 6 დეკემბერს, მართლმადიდებლური სამყარო კი 19 დეკემბერს აღნიშნავს წმ. ნიკოლოზის დღეს.


ეს არის ყველა ბავშვის საყვარელი დღესასწაული - საჩუქრების დღე. საღამო რომ დადგება, წმინდა ნიკოლოზი, დიდი, თეთრი წვერით, ეპისკოპოსის ლამაზი სამოსით, ოქროთი მოქარგული მიტრითა და კვერთხით, კარებზე აკაკუნებს და ეკითხება ბავშვებს, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი წლის განმავლობაში. ბავშვების ქცევის შემოწმების ჩვეულება, სადაც ისინი ლექსს მოიშველიებენ, იმღერებენ ან სხვაგვარად აჩვენებენ თავიანთ უნარებს, გავრცელებულია გერმანულენოვან ქვეყნებში. თითოეული პატარა იღებს საჩუქარს თავისი კარგი შესრულებისთვის. ეს ტრადიცია საერთოა თითქმის მთელი ევროპული კონტინენტისთვის.


image


მცირე აზიის მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის ისტორია IV საუკუნით თარიღდება. ბავშვებს სჯერათ, რომ 343 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი წმ. ნიკოლოზი გამოჩნდება საშობაოდ და დაასაჩუქრებს მათ კარგი ყოფა-ქცევისთვის.


მაინც რატომ, რას უკავშირდება ეს ლეგენდა, რომელიც ტრადიციად იქცა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, როდის მიენიჭა წმინდა ნიკოლოზს დამსაჩუქრებლის ფუნქცია? მართლაც ძნელი წარმოსადგენია სანთლით განათებული ბრჭყვიალა ნაძვის ხე სანტა კლაუსის გარეშე ქრისტეშობაზე.


მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი შეერქვა მისი უნარების გამო. ის ლუკიის ოლქში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ქრისტეს შობიდან 257 წელს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად წმ. ნიკოლოზს სასწაულთმოქმედების უნარი შობიდანვე გამოუმჟღავნებია. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. გლახაკებს არასდროს ჩაუვლიდა გულგრილად, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.


მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რომელთაც მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. მას არასოდეს შეუწყვეტია უპოვართათვის მოწყალების გაცემა და შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა ნუგეშისცემა, ღვთივსათნო საქმეების კეთება. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, დამალულად, უხმაუროდ. მღვდელთმთავრობისას ის იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში.


წმიდა ნიკოლოზს სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღუსრულებია. ამის გამო, მისი სახელი ძალზე სწრაფად გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს, მას მიმართავდნენ ლოცვებით, შესთხოვდნენ თანადგომასა და განკურნებას. მისი თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნეებიდან იწყება.



image

წმნიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან სასწაულების და გულმოწყალების სხვადასხვა ეპიზოდებმა განაპირობა მისი სანტა კლაუსის სახელით მოხსენიების და ამ ტრადიციის დამკვიდრება დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში. ცნობილია სხვადასხვა ისტორიები მისი ცხოვრებიდან, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდანმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; როგორ გადაარჩინა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს და ა.შ. ასევე საყოველთაოდ ცნობილია ეპიზოდი მისი მოღვაწეობიდან, კერძოდ, ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდანმა გაიგო ერთი ღარიბი ადამიანისამბავი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ღარიბ კაცს ამის სასუალება არ გააჩნდა და განუზრახავს შვილების საროსიკოპოში გაგზავნა, ამ გზით სურდა გამდიდრება. ქალწულები ცრელად იღვრებოდნენ და ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი განსაცდელისგან. წმინდა ნიკოლოზმა ეს ამბავი შეიტყო. ის სამჯერ ჩუმად ეწვია მათ სახლს და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისას ტოვებდა. ასე იხსნა ოჯახი ცოდვით დაცემის საშინელი ხვედრისგან. ღარიბმა კაცმა გაარკვია თუ ვინ უწევდა დახმარებას და მიუხედავად იმისა, რომ წმ. ნიკოლოზი თხოვდა ეს ამბავი არ გაემჟღავნებია, ისტორია მაინც გავრცელდა და ამის შემდეგ “მოულოდნელი საჩუქარი” წმ. ნიკოლოზის სახელს უკავშირდებოდა ხალხში. მოგვიანებით იგი იქცა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად.


ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში, სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის, ყოველ 6 დეკემბერს (ახალი სტილით 19 დეკემბერს), წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის კი წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი ქცევის აუცილებლობის შესახებ. ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე, მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ, არ იცელქონ და კარგად მოიქცნენ.


იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე, ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებდნენ, რადგან სწამდათ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევდა და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობდა. ეს ტრადიცია გავრცელდა და დღემდე აქტუალურია მსოფლიოში და მ.შ. ჩვენთან.


მე-16 საუკუნეში რეფორმაციამ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა, თუმცა დამკვიდრებული ტარდიციები ვერ აღმოფხვრა. კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავენ ყოველ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სხვა პერსონაჟის სახეც კი მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს.


შეერთებულ შტატებში საშობაო საჩუქრების ავტორი გერმანული წარმოშობის მიგრანტების მიხედვით, კრის კრინგლე იყო. ეს სახელი დღესაც გამოიყენება, თუმცა ნაკლებად პოპულარულია. გერმანელების გარდა, წმინდა ნიკოლოზის ისტორიები კონტინენტზე ჰოლანდიელმა მიგრანტებმაც ჩაიტანეს. ნიუ იორკში მცხოვრები ჰოლანდიელი ახალმოსახლეები წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს ყოველი წლის 6 დეკემბერს აღნიშნავდნენ. ინგლისურენოვანი მოსახლეობა მონაწილეობას მათ დღესასწაულებშიც იღებდა.


ჰოლანდიელები წმინდა ნიკოლოზს Saint Nikolaas-ს უწოდებდნენ, თუმცა სწრაფად საუბრისას ხშირად ეს სიტყვა როგორც Sinterklaas-ი აღიქმებოდა. ინგლისურენოვან მოსახელობას კი ეს სიტყვა ესმოდა როგორც სანტა კლაუსი.


მისი ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა.


შუა საუკუნეებში წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულები და ადგილობრივი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს დაუკავშირდა. ვიქტორიანულ ეპოქაში არაერთმა ავტორმა წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები თავიანთ ნაწარმოებებში ასახა. 1823 წელს დაიწერა დასავლეთში ცნობილი ლექსი “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” ან მეორენაირად “შობის წინა ღამე“. ზოგიერთი მას ჰენრი კლარკს, ზოგი კი ჰენრი ლივინგსტონ უმცროსს მიაწერს. პირველად სწორედ ამ ლექსში იქნა გამოსახული სანტა კლაუსი, რომელიც ირმებშებმული ეტლით ესტუმრება სახლებს და ბუხრის წინ დატოვებულ წინდებში ტოვებს საჩუქრებს. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა სანტა კლაუსის შესახებ სრულყოფილი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე, ლაპლანდიაში ცხოვრობს, ჰყავს მფრინავი ირმები და შობის ღამეს ბავშვებს ბუხართან საჩუქარს უტოვებს.


სხვადასხვა ქვეყნებში სანტა კლაუსს სხვადასხვა სახელები აქვს, მაგალითად ჰოლანდიაში გარდა სინტერკლაასისა, მას კერსტმანსაც (Kerstman) უწოდებენ, ლუქსემბურგში კლისჩენს (Kleeschen) პოლონეთში წმინდა ნიკოლოზს (Swiety Mikolaj), იტალიაში ბაბო ნატალეს (Babbo Natale), ჩეხეთსა და სლოვაკეთში – მიკულაშს (Mikuláš), უნგრეთში მიკულასს (Mikulás), უკრაინაში მიკოლაის (Mykolaj), საქართველოში კი - თოვლის პაპას.


image


ხალხში სანტა კლაუსის რელიგიური არსი თანდათანობით მინელდა, დავიწყებას მიეცა; დღეს უკვე, თანამედროვე სანტა კლაუსი, სურვილების ამსრულებელ და საჩუქრების დამრიგებელ თოვლის ბაბუად აღიქმება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მშ. ჩვენთანაც. თუმცა რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე ახსოვთ სანტა კლაუსის სახელი, რომელიც წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული და ისიც, რომ ის არა მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებების და ლეგენდების პერსონაჟი, არამედ ისტორიული, სასულიერო პირია.


2
131
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
131
  
2022, 21 დეკემბერი, 7:54
ფულზე ნაყიდი სექსი არავის აინტერესებს, მანიაკების გარდა, თუ სამსახურს ეძებთ სადარბაზოს დამლაგებელი გვჭირდება, დაგვიკავშირდით და დაგასაქმებთ. ასევე ბევრი ეძებს დამლაგებელს, ასე, რომ სამსახური არ ჭირს, ეძებეთ ღირსეული სამუშო, ფულზე სხეულის გაყიდვა ყველაზე დიდი სიმდაბლე და ცოდვაა, ნუ იღუპავთ თავს. გარდა ამისა, საშიშია, როგორც გიტხარით, მანიაკების მეტი არავინ დაინტერესდება, რადგან ღირსეული და ჯანსაღი კაცები ამით არ დაინტერესდებიან! ღმერთმა გიშველოთ და სწორ გზაზე დაგაყენოთ!
2022, 20 დეკემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2