x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
უცხოპლანეტელები რატომ არ გვეკონტაქტებიან? - ისრაელში მცხოვრები მეცნიერი ახალ დასკვნამდე მივიდა
ებრაელი ასტროფიზიკოსის, ამრი ვანდელის მიერ პრესაში გამოქვეყნებული ახალი მასალის თანახმად, მაღალგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები დედამიწელებთან კონტაქტს მხოლოდ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო არიდებენ თავს: ჩვენ მათთვის მეტისმეტად დაბალგანვითარებულები ვართ. ისრაელში მცხოვრები მეცნიერის აზრით, მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელების ინტერესის საგანს მათ დონეზე ან მათზე უფრო მაღალ დონეზე განვითარებული ცივილიზაციები წარმოადგენენ და არა ჩვენი ცივილიზაცია, რომელიც თავისი თანამედროვე დონით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.


მართლაც, ვიცი, ბევრი გაიფიქრებთ, ვინ დაუკავშირდებაო პლანეტას, სადაც სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ ჰიტლერი ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებდა, ხოლო დღეს ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტია. ბევრი გაივლებთ გულში, ვის რაში სჭირდებაო ასეთი ცივილიზაცია, არა?


დედამიწა შესაძლოა მართლაც მეტისმეტად მოსაწყენია მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელებისთვის, რომლებიც უდიდესი ალბათობით ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ. შესაძლოა დედამიწა მათთვის ნამდვილად მეტისმეტად ერთფეროვანი და რუტინული პლანეტაა, მაგრამ ყველა ადამიანი დედამიწაზე თანაბრად დაბალგანვითარებული და მოსაწყენია?


ამრი ვანდელის მოსაზრებას სერიოზული ნაკლი აქვს: მართალია, დღეს პლანტაზე მცხოვრები არც ისე ცოტა ადამიანი საშინლად სულელია, მაგრამ მათ გარდა სულ მცირე ბოლო რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე გენიოსებიც ხომ არსებობდნენ და არსებობენ, რომლებითაც ნებისმიერი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია იამაყებდა? მაგალითად თუნდაც ისეთი გენოსები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, არქიმედე, ესქილე, ჰომეროსი, სერვანტესი, აინშტაინი ან რაბლე. ისინი ნებისმიერ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას დაამშვენებდნენ. მათთან კონტაქტი არცერთი, თვით ყველაზე მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელისთვის არ იქნებოდა სათაკილო. შეუძლებელია ცივილიზაცია იმდენად განვითარდეს, რომ ზემითჩამოთვლილი გენიოსები საინტერესონი აღარ იყვნენ მისი წარმომადგენლებისთვის. მაგალითად ჰომეროსის “ოდისეას” სიამოვნებით კითხულობდნენ 2500 წლის წინათ და 25 ათასი წლის შემდეგაც სიამოვნებით წაიკითხავენ. რანაირად შეიძლება “ოდისეა” და მისი ავტორი ოდესმე უინტერესონი გახდნენ? მე მაგალითად უდიდესი სიამოვნებით და ინტერესით გავესაუბრებოდი ჰომეროსს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ 27 საუკუნეზე მეტი გავიდა და მე მართვადი თერმობირთვული სინთეზის ეპოქაში ვცხოვრობ, ხოლო ეს ადამიანი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა.



იმ გარემოების ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ახსნა, თუ რატომ არ გვიკავშირდებიან უცხოპლანეტელები, არის არა ის, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი სულელია, არამედ კოსმოსის წარმოუდგენელი მასშტაბები და ჩვენი გალაქტიკის გასაოცარი სიდიდე. მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში 400 მილიარდი ვარსკვლავია, ხოლო ადამიანების მიერ გაგზავნილმა რადიოსიგნალმა ჯერ მხოლოდ 15 ათას ვარსკვლავს მიაღწია. 15 ათასი ხომ 400 მილიარდის 0, 000001 %-იც კი არ არის. იმისათვის, რათა მთელი გალაქტიკა ”დავასკანეროთ, ” ათეულ ათასობით წელიწადია საჭირო და მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ რამდენად განვვითარდებით, ათეულ ათასობით წელი ჩვენს რადიოსიგნალებს ირმის ნახტომის ყველა კიდემდე მისაღწევად მაინც დასჭირდება.


ამრიგად, იმისათვის, რათა რომელიმე მაღალგანვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციასთან დაკავშირება მოვახერხოთ, ძალიან დიდი მოთმინება და მუდმივი შრომა გვმართებს. სამაგიეროდ, კონტაქტი თუ შედგა, ეს ჩვენი განვითარების ნიშნულს ისეთ მაღალ საფეხურზე გადაიტანს, რისი წარმოდგენა ახლა რთულიც კია.


არამიწა

0
264
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0