x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ქართველის შერკინება "ირანელ ლომთან " და მოპოვებული მსოფლიო თასი...ემოციური ამბავი, რატომ არ ჩამოიტანა ჩვენი ნაკრების არც ერთმა წევრმა მედალი ირანიდან, გამარჯვების მიუხედავად


გიორგი აღნიაშვილი

...

ირანის ლომი


„ გულმძვინვარეაო ირანის ლომი, ძალით ათი კაცისა მჯობნიაო იგი, არც დანდობა და შებრალება უწყისო მოწინაღამდეგის თუ ხელთ ჩაიგდოო . . .



მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ ირანში დაგეგმა ჩემპიონატის ჩატარება. ქართველნიც თავაწეულნი ვეწვიეთ ირანს. დიდებული იყო სპარსეთის დედაქალაქი. თითქოს აზიურ დარბაისელ გონს ჩაუქსოვია თავისი დიდებულება და ისე გაუშლია ვაკეზე თვალწარმტაცად სპარსთა დედაქალაქი. რამდენი ქართველის მკლავი და გონება შეეწირა ირანს ... ვინ მოსთვალოს . . .მშვენიერ ასულს ავადევნე თვალი, თბილი, თვალებმაყვალა, წარმტაცი გოგო ავიბლანდე თვალში ... იქნებ ქართული სისხლი სჩქეფს მის ძარღვებში და თავად არ უწყის, რამდენი პირმშვენიერი ქალ-ვაჟი დააბიჯებს ისპაჰანს გურჯთა გენი რომ ბობოქრობს მათ სხულში და ... . რისთვის ვიტანჯავ თავს ასეთი ფიქრით? განა მომისმენს ვინმე?


ფინალისკენ ჯიუტად მივიწევდით ქართველნი. არც ერთ მეტოქეს არ დაუდეთ ტოლი და ჰააა, ფინალის დღეც დადგა.


მარცხენა მკლავი ტრამვირებული მქონდა, ვერც ექიმთა მეცადინეობამ გასჭრა, მკლავის ტკივილი წყევლასავით აეკრა სხეულს. ერთი ფიქრი მქონდა „ირანის ლომი“ ნუ იქნებოდა ჩემი მოწინაღამდეგე. შიში რას მიქვია? მაგრამ ფინალში დამარცხება გულს ეკლად ჩასობოდა და მოსვენებას მიკარგავდა. ყოველი სპორტსმენი ხომ გლადიატორს ჰგავს კოლიზეუმის არენაზე ბრძოლად რომ იყო შეწირული „ სასიკვდილოდ მიმავალი მოგესალმები შენ“ ასე მიმართავდნენ ცეზარს . ჩვენი ცეზარი ჩვენი გულშემატკივარია, ჩვენი ერია მრავალგვემული და უიმედობის მთრგუნავი მარადჟამს, ხოდა მათი სიხარული ჩვენი სიცოცხლეა, მათი მწუხარება ჩვენი სიკვდილი. „ფარით ან ფარზე“ მუდმივი დილემა სპორტსმენის თანამდევია მარადჟამს.


„ირანის ლომთან“ მიწევდა შერკინება. ბოლო ბრძოლა იყო, გამარჯვებული ეუფლებოდა მსოფლიო თასს. ტატამზე ავედი, თვალი გაუსწორე მოწინაღამდეგეს. კიმონოს იცვამდა ირანელი. კლდეში ნაკვეთ ტიტანსა ჰგავდა მისი სხეული. ზედ არ მიყურებდა „ლომი“. ბრაზი მომერია „ ტატამს ბეჭებით დაგაკრავ ირანელო“ ბოღმას ვანთხევდი თავად. რკენა დაიწყო. ძალუმად მომქაჩა მარცხენა მკლავზე ფალავანმა, ტკივილის ყრუ ხმა აღმომხდა და თითქოს ხელი შემიშვა, ილეთის ჩატარებასაც უგერგილოდა ცდილობდა ირანელი. დრო ვიხელთე, ქართული გარეკაურით თძოზე შემოვიგდე „ლომი“ და ტატამზე ბეჭებით „დავაკარი“. „იპონ“, შესძახა რეფერმა, ზეზე წამოვიჭერი, ტატამს შემოურბინე გახარებულმა, მოწინაღამდეგეს მიუახლოვდი, ღიმილიანი მაგრამ ნაღვლიანი თვალებით მიმზერდა ირანელი. უზარმაზარი მკლავი მომხვია და „ მარტყოფელი ვარ ბიჭო, ფერეიდნიდან, გამარჯვებას გილოცავ თანამიწიერო ... „ ქართულად მითხა „ირანის ლომმა“. გავშრი, „ქართველი ხარ?“ ვკითხე გაოგნებულმა. „ხო ძმაო, ხო . . .“ ამოიგმინა დევკაცმა. უცბათ დაიხარა, ლომისა დარი მკლავი მუხლებზე მომხვია, ზე ამიტაცა, ტრიბუნისკენ შებრუნდა და მჭექარე ხმით შესძახა „ დიდება ქართველთა“, ტრიბუნაზე ერთი ჯგუფი წამოდგა ფეხზე და „ამინ, დიდება...“ გრიალით მოედო დარბაზს.


დინჯად დამსვა „ირანის ლომმა“, „ ონიკაშვილი ვარ გვარად ... „ მხოლოდ ეს სთქვა, შებრუნდა და თავისი გუნდისკენ წავიდა. მხრები უცახცახებდა გოლიათს. ჩვენებთან მივედი „ ბიჭებო ის ქართველია, ონიკაშვილია გვარად, ფერეიდნელია . . .“ სიტყვებს ძლივს მოუყარე თავი. ირანელებისკენ გავიხედე. გოლიათის გვერდით კიდევ ორი კაცი იდგა, ღიმილით შემოგვცქეროდნენ ქართველებს ... ჩვენივე ქართველები . . .


წერილი მოიტანა ვიღაც გოგომ, „ იმ ბატონისთვისააო“ მიმართა მწვრთნელს და თითით ჩემზე ანიშნა. ორად იყო გაკეცილი ფურცელი, გავშალე და კითხვას შეუდექი.


„აქ თეირანში ქართული სკოლა გვაქვს, ჩვენცა გვყავს ჩვენი „იაკობ გოგებაშვილი“ დედა ენის დავიწყების უფლებას რომ არ გვაძლევს ფერეიდნელ ქართველებს. აქ ჩვენ ერთი დიადი ნატვრა გვაერთიანებდა რომ გურჯობა შეგვენარჩუნებინა და რწმენა, ცისარტყელის ქვეშ ვინც გაძვრებოდა სამშობლოში დაბრუნება ელოდა უცილოდ. ეს ღვთის ნების ტოლფასი იყო ჩვენთვის. დამარცხებისთვის ჯერ არ მიამაყია დღემდე და ბედნიერი ვარ თქვენი გამარჯვებით, თუ დღეს გურჯესტანი მსოფლიო თასის მფლობელია ჩვენც ხომ გურჯები ვართ“. წერილის კითხვა დავასრულე, ფურცელი დავკცე, გამარჯვება გაუფერულდა თითქოს...


საქართველოს ჰიმნი გუგუნებდა ჩემპიონთა სადიდებლად, დავაკვირდი „ირანის ლომს“ ტუჩები ქართულ ჰიმნს „მიყვებოდა“ . სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ ... მედალი მოვიხსენი კისრიდან „ ონიკაშვილო გამომართვი ეს მედალი, შენს შვილებს წაუღე, ამაზე ძვირფასი არა გამაჩნია რა“ - მივმართე „ირანის ლომს“.


„ ქართველი ქართველით არის და საქართველო ქართველებისთვის, მკლავი მოსტყდეს ქართველზე გამარჯვებულ ქართველს თუ მისი გამარჯვება საქართველოსთვის არ არის . . .“ მიპასუხა ონიკაშვილმა.


ჩვენი ნაკრების არც ერთ წევრს არ ჩამოუტანია მედალი ირანიდან, ფერეიდანში დაიდო ბინა


გურჯთა დიდებამ


წყარო: გვერდი ჩვენი საქართველო. ტექსტის ავტორი: ირა გილაშვილი

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0