x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერ ახალგაზრდულ მანიფესტს ხელი მოეწერა
image


ეროვნულ სასახლეში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერ ახალგაზრდულ მანიფესტს ხელი მოეწერა. ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესა და მადლიერების დღეს მიეძღვნა ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდით გაიმართა. მანიფესტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა.


„1992 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიურმა ურთიერთობებმა მტკიცე, ურყევი და პარტნიორობაზე დაფუძნებული სახე მიიღო. 1991 წლის 25 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. იმ დროიდან მოყოლებული, აშშ-ის მთავრობის დახმარების მიზანი იყო და არის, დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოსთვის თავისუფალი საბაზრო რეფორმების განხორციელებაში ბიძგის მიცემა, რათა ქვეყანა ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო.


ჩვენთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ფასდაუდებელია ის შთამბეჭდავი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკული მხარე ახორციელებს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდასაჭერად. აღნიშვნის ღირსია აშშ-ის მხრიდან ერთ მილიარდიანი დახმარება, რომელიც 2008 წლის ომით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის დასაძლევად იქნა გამოყოფილი; სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდამჭერი პროგრამები, ისეთები როგორიცაა: კულტურის დაცვის, დემოკრატიის განვითარების, წიგნის თარგმნის, მედია წიგნიერების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთნილი გაცვლითი საგნმანათლებლო პროგრამები (FLEX, UGRAD, FULBRIGHT, TEA და ა.შ.), ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრის ხელშეწყობა; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში, დახმარება კოვიდ 19-ის დასაძლევად, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაცემული რესურსები და ყველა ის სარგებელი, რაც ქვეყნებს შორის არსებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ მოიტანა საქართველოსთვის.



მთავარი ღირებულება კი, რაც ამ გზაზე ქართველ და ამერიკელ ხალხებს აერთიანებს თავისუფლებისთვის ბრძოლა და მის დასაცავად გაღებული მსხვერპლია. და სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობარი ამერიკელი ხალხი მადლიერების დღეს აღნიშნავს, ჩვენ ქართველ ახალგაზრდებს გვსურს:


  • საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეზე გამოვხატოთ გულითადი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე გაწეული ძლიერი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის;

  • ხაზი გავუსვათ 20-მდე კატეგორიის გაცვლითი პროგრამისა და საქართველოში ამერიკული სივრცეების დაარსების მნიშვნელობასა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს ოდესმე მიუღიათ;

  • გვსურს, იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო მეტად გაძლიერდება და გამყარდება. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი თაობა ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას;

  • ამ მანიფესტზე ხელმომწერთა სურვილია, დავაფუძნოთ მუდმივმოქმედი თანამშრომლობის ახალგაზრდული პლატრფორმა ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ბაზაზე, რისთვისაც ვიღებთ ვალდებულებას მხარი დავუჭიროთ თბილისის ამერიკული კუთხის საქმიანობას და ჩვენი ჩართულობით ხელი შევუწყოთ მის სამომავლო საქმიანობას;

  • გვწამს, რომ მუდმივმოქმედი თანამშრომლობის პლატფორმა გააძლიერებს კომუნიკაციას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტურ თვითმმართველობებსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ეროვნულ სასახლესა და თბილისის ამერიკულ კუთხეს შორის.“

მანიფესტს ხელი მოაწერეს: ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“, YATA საქართველო, „საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია“, ორგანიზაცია „Pro Active Group Georgia“, გენ. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი, ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია, ახალგაზრდული მოძრაობა „სალამ“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების სტუდენტური ჰაბი, პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები.


1
6
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
6
  
2022, 1 დეკემბერი, 5:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1