x
image
თორ ნიკე
Mediator image
ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა
ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა




ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა


ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა მოიცავს ორ ეტაპს: ზურგის ტვინის დაზიანების დონის დადგენა და ზურგის ტვინის განივი დაზიანების მოცულობის განსაზღვრა.


ზურგის ტვინის განივი დაზიანების სემიოტიკა. ზურგის ტვინის განივ განაკვეთზე ცენტრალურად განლაგებულია პეპელასმაგვარი ფორმის რუხი ნივთიერების გროვა (წინა, უკანა და გვერდითი რქები), რომელიც გარშემორტყმულია თეთრი ნივთიერებით (წინა, გვერდითი და უკანა სვეტები).



ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების წინა,  უკანა და გვერდითი რქები



წინა რქები (anterior horns) - პათოლოგიური პროცესი წინა რქებში ხასიათდება პოლიომიელიტური ტიპის დუნე დამბლით შესაბამის დერმატომებში (არეფლექსია, კუნთების ატონია, ატროფია და ფასციკულაციები). ფასციკულაციები (fasciculus - კონა, იოგი) არის კუნთოვანი ბოჭკოების ცალკეული კონების უნებლიე სწრაფი შეკუმშვა, რომელიც შესამჩნევია თვალით, მაგრამ არ იწვევს მოძრაობას. ჩვეულებრივ, აღინიშნება იმ ზონებში, რომლებიც ინერვირდება დაზიანებული ზურგის ტვინის წინა რქებით, ან ზურგის ტვინის ნერვების ფესვებით.


უკანა რქები (posterior horns) - უკანა რქების დაზიანება ვლინდება სპინური, სეგმენტური ტიპის სირინგომიელური დისოციაციით (გამოვარდნილია სითბო-სიცივისა და ტკივილის მგრძნობელობა).


გვერდითი რქები (Lateral horns) - C6-D2 სეგმენტების დონეზე გვერდითი შუამდებარე ნივთიერება ორივე მხარეს ქმნის გვერდით რქებს, რომლებშიც მოთავსებულია ზურგის ტვინის სიმპათიკური ცენტრები. მათი დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება ვაზომოტორული და სეკრეტორული მოშლილობები; ამავე დროს, ვლინდება ტროფიკული მოშლილობებიც (კანის, თმების, ფრჩხილების).


წინა სვეტები (anterior column) - წინა სვეტების დაზიანება კლინიკურად არ ჟღერს, ვინაიდან ისინი იზოლირებულად, პრაქტიკულად არ ზიანდება და ამავე დროს, იქ გამავალ გამტარებს დუბლირებული ინერვაცია გააჩნია.


გვერდითი სვეტები (Lateral column) - პათოლოგიური კერა გვერდით სვეტში იწვევს დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსის ჩამოყალიბებას: ცენტრალურ დამბლას პროცესის მხარეზე (ლატერალური პირამიდული გზის დაზიანების გამო) და სპინურ, გამტარებლობითი ტიპის, სირინგომიელურ დისოციაციას პროცესის მოპირდაპირე მხარეზე (გვერდით სვეტში სპინოთალამური ტრაქტის დაზიანების შედეგად). უმეტეს შემთხვევაში, ორივე გვერდითი სვეტი ერთდროულად ზიანდება.


უკანა სვეტები (Posterior column) - პათოლოგიური პროცესი უკანა სვეტში იწვევს გოლისა და ბურდახის კონების დაზიანებას, რის შედეგადაც ვითარდება სენზიტური ატაქსია ანუ სპინური ატაქსია, იგივე ტაბესური ატაქსია (პროცესის მხარეზე ასევე აღინიშნება სპინური გამტარებლობითი ტიპის, ტაბესური დისოციაცია); ორივე უკანა სვეტი ზიანდება ზურგის ტვინის ხმობის დროს. უკანა სვეტების გაღიზიანების შემთხვევაში ვლინდება ლერმიტის სიმპტომი: კისრის ფლექსიის (დახრის) ან ექსტენზიის (გაჭიმვის) დროს, ხერხემლის გასწვრივ ან კიდურებში აღინიშნება ელექტრული მუხტის განტვირთვის შეგრძნება.


ზურგის ტვინში შეიძლება შერჩევითად დაზიანდეს სხვადასხვა სტრუქტურა. ასე მაგალითად, პერნიციოზული ანემია იწვევს პირამიდული გზებისა და უკანა სვეტების კომბინირებულ დაზიანებას;

გვერდითი ამიოტროპული სკლეროზის ანატომიურ სუბსტრატს წარმოადგენს პირამიდული ბოჭკოებისა და წინა რქების დესტრუქცია;

ვრცელდება გვერდით და წინა რქებზე, ასევე გვერდით სვეტებზე. ჩამოთვლილი პათოლოგიური პროცესები მიეკუთვნება ე.წ. სპინურ სისტემურ დაავადებებს (ზურგის ტვინის დიფუზური პროცესებისგან განსხვავებით, როდესაც პოლიმორფული სიმპტომოკომპლექსები ვითარდება). მიუხედავად ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიყოს ზურგის ტვინის განივი დაზიანების დამახასიათებელი ნიშნები; ამგვარი ათვლის კლასიკური მაგალითია ბროუნ-სეკარის სინდრომი. ამ სინდრომის დროს დაზიანებულია ზურგის ტვინის ზოგიერთი სეგმენტის ფუნქცია. ამ დროს, დაზიანების მხარეზე აღინიშნება სპაზმური დამბლა, მიასთენია, კანის მგრძნობელობის მოშლა, ხოლო დაზიანების ადგილის ქვევით, სხეულის იმავე მხარეზე ჩვეულებრივ ვითარდება სპაზმური დამბლა. საწინააღმდეგო მხარეზე კი ადგილი აქვს ტკივილის და ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვას.


ზურგის ტვინიხერხემლის მალები



ზურგის ტვინის დაზიანების დონის დადგენა


ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკურ დიაგნოსტიკაში, პათოლოგიური პროცესის მდებარეობის დადგენას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე პროცესის მოცულობის განსაზღვრას განივი მიმართულებით. დაადგინო დაზიანების დონე - ნიშნავს მიუთითო პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია.


სპინური პროცესების დონის დადგენაში დიდი როლი ენიჭება ზურგის ტვინის დაზიანებული მონაკვეთის განსაზღვრას. ამ ინფორმაციას გვაწვდის ნებისყოფითი მოძრაობების მოშლის ანალიზი:


ხერხემლის მალის და ზურგის ტვინის ანატომია - ერთი მალის დონეზე


1. ზურგის ტვინის განივი დაზიანება კისრის შემსხვილების ზემოთ ვლინდება სპაზმური ტეტრაპლეგიით (ოთხივე კიდურის დამბლა);

2. ზურგის ტვინის განივი დაზიანება კისრის შემსხვილების დონეზე იწვევს ზედა კიდურების დუნე დამბლას და ქვედა სპაზმურ პარაპლეგიას (ზედა ორივე კიდურის ან ქვედა ორივე კიდურის დამბლა - შეიძლება იყოს ორგანული ან ფუნქციური წარმოშობის);

3. ზურგის ტვინის განივი დაზიანება გულმკერდის დონეზე ვლინდება ქვედა სპაზმური პარაპლეგიით (ზედა ან ქვედა ორივე კიდურის დამბლა);

4. ზურგის ტვინის განივი დაზიანება წელის შემსხვილების დონეზე იწვევს დუნე დამბლის განვითარებას ქვედა კიდურებში;

5. პათოლოგიური კერა conus medullaris-ის არეში (მედულარული კონუსი - ზურგის ტვინის ქვედა დონის დასასრული ნაწილი წელის პირველი მალის - L1-ის დონეზე, საიდანაც უკვე გამოდის ე.წ. "ცხენის კუდი") არ იწვევს ნებისყოფითი მოძრაობების მოშლას - ის ვლინდება მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლითა და ანესთეზიის დამახასიათებელი გავრცელებით.


მედულარული კონუსი - ზურგის ტვინის ქვედა დონის დასასრული ნაწილი წელის პირველი მალის - L1-ის დონეზე,  ს


ზურგის ტვინის დაზიანებული მონაკვეთის მინიშნება, მხოლოდ პირველი ნაბიჯია ზურგის ტვინის დაზიანების საზღვრის დადგენის საქმეში. ტოპიკური დიაგნოზისთვის არ არის საკმარისი ზურგის ტვინის კისრის, გულმკერდის, წელის, გავის თუ კუდუსუნის დაზიანებული მონაკვეთის მინიშნება; საჭიროა კონკრეტული სეგმენტის (სეგმენტების) მითითება, რაშიც გვეხმარება რეფლექსებისა და მგრძნობელობის გამოკვლევა.

სპინური რეფლექსის მოსპობა (არეფლექსია) მიუთითებს გარკვეული სეგმენტების დესტრუქციაზე, ხოლო დაზიანების კერის ზემოთ ვლინდება რეფლექსების გამოცოცხლება ანუ ჰიპერრეფლექსია. ვინაიდან, სპინური რეფლექსების ცენტრები მოთავსებულია ზურგის ტვინის კონკრეტულ სეგმენტებში, მათი გამოკვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია მივუთითოთ სპინური პროცესის ქვედა საზღვარზე.

დაზიანების ზედა საზღვრის დადგენაში კი გვეხმარება მგრძნობელობის გამოკვლევა. ზურგის ტვინის სეგმენტებსა და ზერელე მგრძნობელობის ზონებს შორის არსებობს გარკვეული თანაფარდობა:


C1-C3 სეგმენტები - კისერი და კეფა;

C4 - წინამხარი;

C5-C7 - მტევნის რადიალური ნახევარი, წინამხარი და ბეჭი;

C8-D2 - მტევნის ულნარული ნახევარი, წინამხარი და ბეჭი;

D5 - სარძევე ჯირკვლის დვრილი;

D7 - ნეკნთა რკალის ქვედა კიდე;

D10 - ჭიპის არე;

D12-L1 - პუპარტის იოგის დონე;

L1-L5 - ქვედა კიდურის წინა ზედაპირი;

S1-S3 - ქვედა კიდურის უკანა ზედაპირი;

S4-S5 - დუნდულოების შიგნითა ზედაპირი, შორისი, ანუსი და გენიტალია.


სპინური პროცესის ზედა საზღვრის დადგენაში, ასევე, გვეხმარება ფესვობრივი ტკივილის არსებობა, რომლის ლოკალური გამოვლინება პირდაპირ მიუთითებს დაზიანებულ სეგმენტზე. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ფესვების საინერვაციო ზონების ურთიერთგადაფარვის შედეგად დაზიანების ჭეშმარიტი ზედა საზღვარი მდებარეობს 1-2 სეგმენტით ზემოთ. ზოგ შემთხვევაში, პათოლოგიური პროცესის საზღვრის დადადგენაში გვეხმარება ზურგის ტვინის სხვადასხვა მონაკვეთის დაზიანების თანმხლები ნიშნებიც.


C3-C4 სეგმენტების დაზიანება, მოძრაობისა და მგრძნობელობის მოშლასთან ერთად, იწვევს n. phrenici-ს რეფლექსის ცენტრის გაღიზიანებას (სლოკინი, ქოშინი, ხველა, ღებინება); ამ ნერვის რეფლექსის ცენტრების ორმხრივი დაზიანება კი სიკვდილით მთავრდება - დიაფრაგმის დამბლის გამო.


n. phrenici


C8-D2 სეგმენტების გვერდით რქებში მოთავსებულია ნეირონების ჯგუფი - centrum ciliospinale, რომლის დაზიანება იწვევს: ენოფტალმს და თვალის ნაპრალისა და გუგის შევიწროებას (კლოდ ბერნარ-ჰორნერის სინდრომი).


S3-S5 სეგმენტების გვერდით რქებში მოთავსებულია მოშარდვის და დეფეკაციის სპინური ცენტრები (centrum vesicospinale et anospinale). ნორმის პირობებში მათი ავტომატური რეფლექსური მოქმედება ქერქიდან იმართება; ცენტრალური ინერვაცია ორმხრივია და ამიტომ ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში სფინქტერების პათოლოგია არ ვითარდება. ეს ბოჭკოები ზურგის ტვინში მოთავსებულია პირამიდული გზების მახლობლად და მათი ორმხრივი დაზიანება შესაბამისი სიმპტომოკომპლექსით აისახება. შარდის პერიოდული შეუკავებლობა (incontinentio intermittens) - შარდის გამოყოფის რეგულაცია მოსპობილია. აღიიშნება შარდის ბუშტის ავტომატური, რეფლექსური დაცლა სპინური ცენტრების ხარჯზე (ისევე, როგორც ბავშვებში, გარკვეულ ასაკამდე). შარდის პერიოდული შეუკავებლობის მსუბუქი ხარისხი ვლინდება იმპერატიული მოთხოვნით, როდესაც ავადმყოფი შარდს დიდხანს ვერ იკავებს (მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში აღინიშნება ნარჩენი შარდი). შარდის გამოყოფის ცენტრალური მოშლის დროს შესაძლებელია შარდის შეკავებაც (retencio urinea). მოშარდვის მოშლის პერიფერიული ტიპი, ანუ შარდის ჭეშმარიტი შეუკავებლობა (incontinentio vera) ვითარდება conus medullaris-ის ან სპინური ფესვების დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს მოდუნებულია შარდის ბუშტის როგორც სფინქტერები, ისე დეტრუზორი - შარდი მუდმივად გამოიყოფა წვეთების სახით. თუ შარდის ბუშტის ყელი საკმაოდ ელასტიკურია, შარდის ბუშტი ივსება შარდით, მაგრამ შარდის გამოყოფა მაინც წვეთების სახით ხორციელდება (ischuria paradoxa). შარდის დენის და დეფეკაციის სპინური ცენტრების დაზიანებისას შესაძლებელია განვითარდეს შარდის შეკავებაც (retencio urinae). ამგვარად, როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული მექანიზმების დაზიანებისას აღინიშნება შარდის შეუკავებლობა ან შეკავება; ცენტრალური ტიპისთვის დამახასიათებელია inconentio intermittens, ხოლო სპინური ცენტრების დაზიანებისთვის (პერიფერიული ტიპი) კი - incontinentio vera.

უნდა აღინიშნოს, რომ მენჯის ღრუს ფუნქციების მოშლა ტიპიურია სპინური პროცესებისთვის და ძალიან იშვიათად ვლინდება თავის ტვინის ან პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს.


წყარო 1: "ნევროლოგია, პროპედევტიკა და ტოპიკური დიაგნოსტიკა", 2014. ივანე ვერულაშვილი. გვ. 256-259.

წყარო 2: nplg.gov.ge;

წყარო 3: medgeo.net.



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
47
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
47
  
2022, 3 დეკემბერი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1