x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩინელმა მეცნიერებმა მოქნილი და ლითონივით მტკიცე კერამიკა შექმნეს
როგორც უახლესი სამეცნიერო მიღწევა გვასწავლის, თურმე შესაძლებელია, რომ კერამიკა ლითონის მსგავსად დრეკადი და მძლავრი იყოს. ამას კი შეუძლია მსუბუქი და ეფექტური მოწყობილობების და საგნების დამზადების შესაძლებლობა მოგვცეს.


ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი კერამიკული ნივთიერება შექმნეს, რომელიც ლითონივით იღუნება. ახალ ნივთიერებას ლითონის მოქნილობა და დიდი სიმტკიცე ახასიათებს. შედეგები პოპულარულ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.


სუპერმძლავრი და მოქნილი კერამიკის მიერ მოტანილი სასარგებლო შედეგები უზარმაზარი იქნება. ჩვენ შევძლებთ, დავამზადოთ მაგ. საუკეთესო პროთეზები, კოსმოსური ხომალდების გარსები და ნებისმიერი რამ, რასაც დიდი სიმტკიცე, სიმსუბუქე და დრეკადობა სჭირდება. ამდენად ამ მასალის არსებობაზე უკვე ბევრი რამ არის დამოკიდებული.


მკვლევარები აქამდე ათწლეულების მანძილზე ცდილობდნენ პლასტიკური კერამიკის შექმნას, თუმცა უშედეგოდ. საბედნიეროდ ბოლოს მათი დაუღალავი შრომა წარმატებით დაგვირგვინდა.



მეცნიერებმა ახალი ტიპის კერამიკის შესაქმნელად ნანოტექნოლოგიები გამოიყენეს. კერძოდ, მათ სილიციუმის ნიტრატისგან დაამზადეს ორი განსხვავებული კრისტალური ფორმაციის მქონე ნანოსვეტები. როდესაც გარეგანი ძალა კრისტალურ მატრიცაზე ზემოქმედებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დროებით განსხვავებული ტიპის მასალად გარდაიქმნას. სწორედ ამ თვისების შედეგად არის მასალა დრეკადი.


ახალ მასალაზე ყველაზე დიდ ოპტიმიზმს საავიაციო მრეწველობა ამყარებს. კერამიკა დიდხანს ძლებს, გარდა ამისა, ის საუკეთესო თბოსაიზოლაციო საშუალებაც არის, რადგან ძალიან ცუდად ატარებს სითბოს. ეს თვისებები საუკეთესოა ავიაძრავების დასამზადებლად. თვითმფრინავის კერამიკისგან დამზადებული ძრავა უფრო წარმატებით იქნება დაცული ავარიისგან, მსუბუქიც იქნება და უფრო მაღალი ოქტანობის საწვავზეც იმუშავებს. ეს ყოველივე კი ფრენას უფრო იოლს, ხელმისაწვდომს, სწრაფს და უსაფრთხოს გახდის.


ახალი მასალის გამოყენების შედეგად მნიშვნელოვან შვებას ის ადამიანებიც ჰპოვებენ, რომლებმაც კიდურები დაკარგეს. დღეს ყველაზე ულტრათანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზებიც კი პლასტმასის და ლითონის გამოყენებით მზადდება. მაგრამ ლითონი იოლად ბინძურდება ბაქტერიებით. გარდა ამისა, ის მძიმე და მოუხერხებელია. ამიტომ თანამედროვე პროთეზები ყოველ 10 წელიწადში სრულად განახლებას საჭიროებს. ახალი მასალის გამოყენების შედეგად კი ეს პრობლემები აღმოიფხვრება.


გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, რასაკვირველია მნიშვნელოვანია ასევე ფასიც. როგორც მისი შემქმნელები განმარტავენ, ახალი კერამიკული მასალის ფასი არც ისე ძვირი იქნება და მისი ერთი კილოგრამის შეძენას 200 დოლარის ფარგლებში თავისუფლად შეძლებთ.


კერამიკა

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0