x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მარტოობას ანიჭებენ, ძალიან ძლიერები არიან
ჩვენი საზოგადოება უამრავ მახინჯ სტერეოტიპზეა აგებული. ერთ-ერთი ასეთი მახინჯი სტერეოტიპი გახლავთ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მარტო ცხოვრებას ანიჭებენ, წარუმატებლები და სუსტები არიან! როგორც უახლესმა კვლევამ ცხადჰყო, ეს ასე სულაც არ გახლავთ.


თანამედროვე საქართველოს ელიტა არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რათა ადამიანები ერთმანეთთან დაახლოვდნენ. ქართული საზოგადოება უამრავ წვრილ ნაწილად არის დანაწევრებული, რომლის წარმომადგენლები მუდმივად ერთმანეთს უპირისპირდებიან. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რათა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდეს და ადამიანები კიდევ უფრო უცხონი გახდნენ ერთმანეთისთვის. როგორც ერთ-ერთმა მაღალმა სასულიერო იერარქმა თავის ამასწინდელ საჯარო გამოსვლაში პირდაპირ თქვა, მამაკაცები და ქალები ერთმანეთს “მეტისმეტად არ უნდა დაუახლოვდნენ” და ერთმანეთთან ურთიერთობაში “გარკვეული დისტანცია” უნდა შეინარჩუნონ. მაგრამ მეორეს მხრივ სწორედ ეს საზოგადოება მის თითოეულ წევრს ავალდებულებს, რომ დაუყოვნებლივ შექმნას ოჯახი და იცხოვროს სხვა ადამიანთან ერთად.


მოკლედ, სრულიად პარადოქსული ვითარებაა, რომელსაც მიესადაგება ტექსტი პოპულარული ხალხური სიმღერიდან “ჭრელი პეპელა.”


ამ მხრივ ბოლომდე შორს წასული არც დასავლური საზოგადოებაა. იქაც არსებობს ზოგადი წნეხი, რომ არავინ მარტო არ დარჩეს; გოგონებს ლამის დაბადებიდან ასწავლიან, რომ ყველა პრინცესას სადღაც თავისი პრინცი ელოდება, რომელთან ერთად “დიდხანს და ბედნიერად” იცხოვრებს, რაც ძალიან ქალთმოძულეობრივ და სექსისტურ შინაარსს შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ “პრინცმა” გოგონა უნდა “აღმოაჩინოს” და “გააბედნიეროს.” ეს ზღაპარი გვეუბნება ასევე იმასაც, რომ მარტოობაში ბედნიერების პოვნა შეუძლებელია.



ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს მარტო ცხოვრების წინაშე შიშის ფენომენი და ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მივიდნენ. მათ 448 მონაწილესთან იმუშავეს და 7 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მცირე კვლევა ჩაატარეს. შედეგად გამოირკვა, რომ მარტოობის შიში ძალიან ბევრ ადამიანს აიძულებს, იცხოვროს არასასურველი ადამიანის გვერდით და გაუძლოს მის უამრავ უსიამოვნო და ნეგატიურ გამოხდომას თუ ახირებას. ეს ადამიანები აღარ ეძებენ ბედნიერებას და ცდილობენ, როგორმე ხასიათი შეუწყონ საზარელ ტირანს, რომელიც მათ თანდათან ყველაფერს ართმევს.


მკვლევარების დასკვნის თანახმად ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრებას ამჯობინებენ, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ინდივიდები არიან. ისინი არ კმაყოფილდებიან იმით, რასაც სამყარო მათ სთავაზობს და ილუზიებით არ იკვებებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შემხვედრი ადამიანი მათ გააბედნიერებს.


ყველას აქვს ბედნიერების უფლება! მაგრამ ბედნიერება საკუთარი თავის მოტყუებაში არ მდგომარეობს. უნდა ვაღიაროთ, რომ შესაფერისი ადამიანის პოვნა ძალიან რთულია. ამას შესაძლოა ტექნიკის უახლესი საშუალებების გამოყენებითაც კი ათწლეულები დასჭირდეს. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ და ტანჯვაში ნუ ვიცხოვრებთ იმ ადამიანთან, რომელიც ფულს გვძალავს, გვემუქრება, ფიზიკურად ძალადობს ჩვენზე და ოდნავაც არ ზრუნავს ჩვენს ბედნიერებაზე. ასეთ ურთიერთობას მარტოობა გაცილებით სჯობია. ის არც ისე საშინელია, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია.


მეორეს მხრივ კარგი არც მარტოობასთან ბოლომდე მიჩვევაა. ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთთან ყოფნა გვაბედნიერებს. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ჩვენი “მეორე ნახევარი.” ცხოვრებას არ უნდა დავნებდეთ და ყოველი მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ძებნა უკეთესი შემართებით ხელახლა უნდა განვაგრძოთ.


მარტოობა

1
531
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
531
  
2022, 23 ნოემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1