x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ძალიან ეფექტური მეთოდი, რითაც JWST-ს არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა შეუძლია
ჯეიმს ვების ტელესკოპი სამართლიანად არის მიჩნეული თანამედროვე ტექნიკის ერთ-ერთ საოცრებად. ტელესკოპი, რომელიც 9 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და რომლის შექმნასა და კოსმოსში გაგზავნას პლანეტის საუკეთესო ინტელექტუალთა თითქმის ორი ათწლეულის დაუღალავი შრომა დასჭირდა, დღეს უკვე საბედნიეროდ თავის დანიშნულების ადგილას იმყოფება და დედამიწაზე პერიოდულად უმნიშვნელოვანეს მონაცემებს გზავნის, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ ეს ტელესკოპი დიდწილად არამიწიერი სიცოცხლის პოვნის ამოცანით დაკავდება, მაგრამ როგორ მოახერხებს ის ამას? ქვემოთ იმ ძალიან ეფექტურ მეთოდს წარმოგიდგენთ, რითაც JWST დედამიწისგარეშე ცოცხალი ორგანიზმების პოვნას შეძლებს.


კოსმოსში სიცოცხლის საპოვნელად მკვლევარები აპირებენ ისეთი ბრწყინვალე მეთოდის გამოყენებას, როგორიც ტრანსმისიური სპექტროსკოპიაა, რაც საშუალებას იძლევა, გაიშიფროს უშორეს მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტის ატმოსფერო; ჯეიმს ვების ტელესკოპს შეუძლია დააფიქსიროს ეგზოპლანეტის ატმოსფეროში არსებული გაზები ზემგრძნობიარე სპექტროსკოპის გამოყენებით, ხოლო შემდეგ მონაცემები გადმოსცეს დედამიწას, სადაც სპეციალისტები დაადგენენ, მართლა არის თუ არა სიცოცხლე მოცემულ პლანეტაზე.


ეგზო


სიცოცხლის არსებობის ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ნიშანი ატმოსფეროში ჟანგბადის არსებობაა. დედამიწაზე მას მცენარეები აწარმოებენ. ჟანგბადი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანებისა და ცხოველებისთვის. ჟანგბადის გარდა ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ მკაფიო მინიშნებას მოგვცემს ასევე ოზონის, ნახშირორჟანგის, ამიაკის, მეთანის და ფოსფანის არსებობაც.



სამწუხაროდ, ვერც ჯეიმს ვების ტელესკოპი, მისი აბსოლუტურად ფანტასტიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ვერ მოგვაწვდის ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ უტყუარ ინფორმაციას. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი გაზი ატმოსფეროში თითქმის მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების წყალობით არსებობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი წარმოება არაცოცხალ ბუნებას არ შეუძლია! აქ საუბარია მხოლოდ ალბათობასა და შანსებზე და არა კვლევის ასი პროცენტით სანდო შედეგებზე. მაგალითად ჟანგბადის და ოზონის წარმოება ატმოსფეროში სათბურის ძლიერ ეფექტსაც ძალუძს, რის შედეგადაც წყალი ორთქლდება. ამ დროს პლანეტის ზედაპირი იმდენად გახურებულია, რომ სიცოცხლის არსებობა იქ შეუძლებელია.


ასტრონომი, რომელიც ეგზოპლანეტას პოულობს, პირველ რიგში სვამს კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად ჰგავს ის დედამიწას. თუ ახლად აღმოჩენილი ციური სხეული დედამიწის ზომის და მასის მქონე პლანეტაა და ის სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს (ანუ არც იმდენად შორს საკუთარი ვარსკვლავიდან, რომ მასზე წყალი გაიყინოს და არც იმდენად ახლოს, რომ წყალი აორთქლდეს), ამის შემდეგ ხდება კვლევაში ტრანსმისიური სპექტროსკოპიის მეთოდის ჩართვა და პლანეტის შესწავლა ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით.


მომდევნო ნაბიჯი, რათა ასპროცენტიანად დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას ამა თუ იმ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა, უნდა გახდეს პლანეტის ზონდირება. მაგრამ ეგზოპლანეტაზე თუნდაც აბსოლუტურად მცირე, სულ რაღაც ერთი გრამი წონის მქონე ვიდეოკამერის და ხელოვნური ინტელექტის გაგზავნა ტექნიკის თანამედროვე დონიდან გამომდინარე უკიდურესად რთულია და ტრილიონობით დოლარის ინვესტიციას საჭიროებს. გარდა ამისა, კაცობრიობას ზონდის დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ასეულობით და ათასეულობით წლით ლოდინი დასჭირდება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ამდენი ხნის ლოდინი და ამხელა ინვესტიციები სრულიად არაფრის მომტანი აღმოჩნდეს და ზონდი ან სრულიად ინერტული გამოდგეს უზარმაზარი მანძილის დაფარვის შემდეგ, ან კიდევ ატმოსფერული მანევრის გაკეთების დროს ჰაერის ზედა ფენებთან ხახუნისას დაიწვას.


ეგზო


მაგრამ ამ ყოველივეს მიუხედავავად ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით ეგზოპლანეტების შესწავლა მათზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენის მიზნით აბსოლუტურად ფანტასტიკური შესაძლებლობაა. რადგან თუ ჩვენ ვიხილეთ დედამიწის ზომის ლურჯი პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში, ატმოსფეროში არსებული თუნდაც 20-30 % ჟანგბადით, ეს დაახლოებით 70-80 %-იანი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს.

1
137
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
137
  
2022, 23 ნოემბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1