x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ზღვის ლოკოკინის კბილი მსოფლიოში ყველაზე მყარ ბიომასალად ცნეს
საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორი გამძლეა ობობას ქსელი. რამდენიმე ხნის წინ მთელი მსოფლიო ფიქრობდა, რომ სწორედ ის წარმოადგენდა ყველაზე გამძლე ბიომასალას, თუმცა მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. გაგიკვირდებათ და ეს არის… ზღვის ლოკოკინის კბილი.


დიახ! ზღვის ლოკოკინის კბილი! ის თურმე იმდენად მყარია, რომ 1, 2 მილიონი ატმოსფეროს ოდენობის წნევას უძლებს.


დაუჯერებელია, არა?


ზღვის ლოკოკინის კბილი პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს. მათი კვლევის შედეგები Journal of the Royal Society Interface-ში გამოქვეყნდა.



ლოკოკინა


მკვლევარებმა ზღვის ლოკოკინის კბილი ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრეს. ნაჭრები იმდენად თხელი იყო, რომ საბოლოოდ ადამიანის თმის ღერი მათზე ასჯერ უფრო სქელი აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ გაზომეს მეცნიერებმა მასალის სტაბილურობა სპეციალური მიკროსკოპის გამოყენებით.


და აი ის გამაოგნებელი შედეგები, რაც ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიიღეს: ზღვის ლოკოკინა Patella vulgata-ს კბილმა 120 გიგაპასკალ წნევას გაუძლო!


ეს 1, 2 მილიონჯერ აღემატება ჩვენი ატმოსფეროს წნევას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პატარა არსების კბილი ადამიანის კბილზე 10-ჯერ უფრო გამძლეა.


ლოკოკინის კბილის დაჭიმვის სიმტკიცეც გამაოგნებელი აღმოჩნდა: მთელი 4900 მეგაპასკალი! მასთან შედარებით ობობას ლეგენდარული ქსელი არაფერია. მან მხოლოდ 4000 მეგაპასკალს გაუძლო. ადამიანის კბილს კი დაჭიმვის სიმტკიცე მხოლოდ 500 მეგაპასკალი აღმოაჩნდა.


ზღვის ლოკოკინის კბილის სიმტკიცის მიზეზი ცხოველის ცხოვრების წესია. ზღვის ლოკოკინა წყალმცენარეებით იკვებება, რომელთა ძირები მყარად არის ჩამჯდარი წყალქვეშა კლდეებში. Patella vulgata-ს კბილი რომ ადამიანის კბილის მსგავსი ყოფილიყო, ის მალე გაცვდებოდა და ცხოველი შიმშილით დაიღუპებოდა.


ზღვის ლოკოკინის კბილი ორგანული მატრიცისგან შედგება, რომელშიც გეოთიტის ნანოკრისტალებია მოცემული, რკინის დიდი შემცველობით. გეოთიტისგან კბილი ერთგვარად “დაწნული” გახლავთ ადამიანის თმაზე 1000-ჯერ უფრო წვრილ ძაფებად, რაც კბილის გამძლეობას კიდევ უფრო მყარს ხდის.


მკვლევარები აპირებენ ზღვის ლოკოკინის კბილის სტრუქტურა მომავალში სუპერგამძლე მასალის შესაქმნელად გამოიყენონ, რომელსაც ფართო მოხმარებას მოუძებნიან ტექნიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ლოკოკინა

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0