x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ამბავი, რომელიც მიგახვედრებთ რა არის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი...

ცოტა ხნის წინ ოთხმოცდათექვსმეტი წელი შემისრულდა. ეს ის ასაკია, როცა სიცოცხლით უკვე ისე ხარ გამძღარი, სიკვდილი ლამის დესერტად მიგაჩნია. წინ ყურება გიჭირს ამ ასაკში, რადგან აღარ იცი რას მოასწრებ და რას ვერა. თან ბევრიც უკვე აღარაფერი შეგიძლია. ხშირად რაღაც გტკივა, მაგრამ ყველაზე დიდ ტკივილს სარკეში საკუთარი დაღარული, დანაოჭებული, დაპატარავებული, მოკუჭული გამოსახულება განიჭებს. კი, უყვარხართ შვილებს, შვილიშვილებს, მაგრამ მათთვის უკვე წარსული ხარ და ეს რაღაცნაირი გემოშეცვლილი სიყვარულია.


ამას წინათ წიგნს ვკითხულობდი. ზამთარში ადვილად ვეღარ თბება ჩემი ბებერი სხეული და სავარძელში შეყუჟული და ბევრ პლედში გახვეული ვიჯექი. კითხვისას ჩამძინებია, წიგნი ხელიდან გამვარდნია და ოთახში შემოსულთ უფიქრიათ, ხომ არ მოკვდაო. მომვარდნენ, ყვიროდნენ, კიოდნენ, ერთ ამბავში იყვნენ, გული გამიხეთქეს. მერე ყველამ ერთად ვიცინეთ მომხდარზე, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთი სიცილი იყო, სადღაც სულში ნაკაწრებს რომ გიტოვებს.


რომ ვუფიქრდები, რამდენი დრო მაქვს ფუჭად გახარჯული და რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა იმ დროში, ოხვრა აღმომხდება ხოლმე. მაგრამ მაშინ მეტი ჭკუა არ მქონდა, სიცოცხლე უმოქმედოდაც მიხაროდა, დროის ფლანგვაც მსიამოვნებდა, არავინ რომ არ ვიყავი, არაფერს რომ არ წარმოვადგენდი, ეგეთსაც შემეძლო თავი ბედნიერად მეგრძნო; ახალგაზრდობა თავად იყო თვითკმარი და სწორედ ამან გამაფლანგვინა დრო.


მერე? მერე ცხოვრება ისე აჩქარდა, ვერც გავიგე როგორ გადავცდი ოთხმოცდაათ წელს.



ბედს არ ვუჩივი, ამ დღემდე ერთი დიდი მწუხარება მარგუნა მხოლოდ, მეტად არ დამტანჯა. ისიც, სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ, მანამდე დამინდო. ჩემი მეუღლე სწორედ ზაფხულის იმ დღეს გარდაიცვალა, პირველად რომ გვქონდა პაემანი. უცნაურია, არა? ბოლო პაემანიც პირველი პაემნის დღეს დაამთხვია და ასე წავიდა სამუდამოდ. იმის შემდეგ ისეთი სიცარიელე მაქვს, ახლაღა გავიაზრე, რატომ ჰქვია მეუღლეს მეორე ნახევარი. მართლა ნახევარი დავრჩი. არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს, არ იყო ჩვენი სიყვარულის ისტორია სამაგალითო და ვერც დიდად გავაბედნიერეთ ერთმანეთი. მაგრამ იმდენი წელი ვიყავით ერთად, ისე ავითქვიფეთ ერთმანეთში, უკვე ვეღარც ვარჩევდით რომელი სად ვიწყებოდით და სად ვმთავრდებოდით. მართლა ვიტირე, ბევრი და გულით. დამენანა. რატომღაც სულ მინდოდა, მასზე ადრე წავსულიყავი. ბევრ სხვა სურვილთან ერთად არც ეს ამიხდა.


მოხუცი და უმწეო შვილებმა შემიკედლეს. მივლიან, ზრუნავენ, სასაყვედურო არაფერი მაქვს, მაგრამ მაწვალებს განცდა, რომ ზედმეტი ვარ. მგონი სწორედ ეს განცდა კლავს ადამიანს სიბერეზე მეტად.


ჩემს ბოლო დაბადების დღეზე დიდი ტორტი მოიტანეს, სუფრაც გაშალეს და ყველა შვილმა და შვილიშვილმა ერთად მოიყარა თავი, ოჯახებით. დროდადრო მე სულ ვავიწყდებოდით, ერთმანეთით უფრო ირთობდნენ თავს. ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, რომ არ მაქვს უფლება ბედს ვუსაყვედურო, ამ ადამიანებს რომ სიცოცხლე ვაჩუქე, ალბათ თუნდაც მხოლოდ ამისთვის ღირდა ჩემი ამქვეყნად მოვლინება მეთქი. იმ ღამეს ჩემი გარდაცვლილი მეუღლე დამესიზმრა. მიღიმოდა და მეუბნებოდა, მეც მანდ ვიყავი და ყველაფერს ვხედავდიო. ზუსტად ის კაბა ეცვა, რომლითაც დავკრძალეთ. სიზმრის ახსნა არ ვიცი, მარტო ის ვიცი, რომ ეს სიზმარი ისე მესიამოვნა, ხშირად ვიხსენებ და უკვე ლამის დავიჯერო, რომ სიზმარი კი არა, ცხადი იყო.


სულ ვცდილობ, როგორც კი ორი წუთით მაინც გამიჩერდებიან, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ის ავუხსნა, რომ მერე, სიბერეში ყველა დაკარგულ წუთს იდარდებენ ჩემსავით და ამიტომ დროს გაუფრთხილდნენ. მგონი უკვე თავი მოვაბეზრე ამ ლუღლუღით. ან რას ავიჩემე ეს დაკარგული წუთები, განა არის კი ადამიანი, ვინც ცხოვრების ყველა წუთს ყაირათიანად იყენებს? ხოდა, მე რანაირად შევძლებდი ამას? ხო, ალბათ ისინი მართლები არიან და ეს ჩემი ბებრული ახირებაა. არა, ამას კი არ მეუბნებიან, მე ვგრძნობ, მგონია, რომ ასე ფიქრობენ.


დღეს დილით წნევამ ამიწია და ისე ცუდად ვიყავი, ვიფიქრე, ახლა კი ნამდვილად ვკვდები მეთქი. ნეტა იცოდეთ რა დამღლელია ყველა პატარა წამოტკივებისას, ან შეუძლოდ ყოფნისას სიკვდილზე ფიქრი. ჩემდა გასაკვირად, წამლებმა მალე იმოქმედეს და ისევ შევძელი ოთახებში ფაფხური და სავარძელში ჯდომა. მერე ძილიანობა მოვიმიზეზე, ლოგინში განმარტოვებულად რომ მეტირა. ბალისში სულ უფრო და უფრო მეტად ვეფლობოდი სახით, ტირილის ხმა რომ არ გაეგოთ. არა, სიკვდილის შიშის გამო არ მეტირებოდა, ასეთი უმწეო რომ ვარ, იმას ვერაფრით შევეგუე, საკუთარი თავის სიბრალული მატირებდა და ყველასთვის ზედმეტი რომ მგონია თავი, ის. ეჰ, ჩემსავით ბებერი აღარავინ დარჩა სანაცნობოში, თორემ ვკითხავდი, ისინი რას განიცდიან.


ამხელა კაცი ამ ცრემლთა ღვრაში რომ ვიყავი, ჩემი უმცროსი შვილშვილი შემოსულა ოთახში ისე ჩუმად, რომ ვერც გავიგე. ამ დღეში რომ მნახა, ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა, აკანკალებულ მხრებზე ხელი დამადო და მკითხა:

- ბაბუ, რა გატირებს?


მე და ცრემლები მოულოდნელობისაგან ერთად გავშრით. და უცებ გადავწყვიტე სრული სიმართლე მეთქვა. ჩემი სატკივარი რომ ავუხსენი, მეგონა გაეცინებოდა, "კაი რა ბაბუ", ან რაღაც ეგეთს მეტყოდა, მაგრამ სერიოზული სახით მისმენდა, ჭკვიან თვალებში ფიქრი ჩასდგომოდა და მერე მითხრა:


- ბაბუ, ჩემი კლასელის დედა მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს. გინდა ვკითხავ, თუ შეიძლება, რომ იქ სტუმრად მიხვიდე ხოლმე ზოგჯერ?


არ ვიცი როგორი სახით ვუყურებდი, რადგან უცებ ჩამეხუტა, მაკოცა და სასწრაფოდ დაამატა:


- ბაბუ, არ გამაგიჟო და ერთი წუთითაც არ იფიქრო, რომ იქ დაგტოვებთ. უბრალოდ შენი ასაკის ადამიანებთან რომ გინდოდა გასაუბრება, იმიტომ შემოგთავაზე.


და უცებ ისე მომინდა ახლავე, ამ წუთასვე იმ მოხუცებთან წასვლა, ისეთი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი, ნება რომ დაერთოთ, მგონი ფეხითაც შევძლებდი გამევლო ეს გზა.


- კაი, ბაბუ, გამიგე, გეხვეწები, დღესვე გამიგე, - ვუთხარი შვილიშვილს და თავზე ვაკოცე. უკვე ოთახიდან გადიოდა, რომ მივაძახე:


- ჩემს ოთახში რატომ შემოხვედი, რა გინდოდა, ბაბუ?


გაშეშდა, მერე ფეხაკრეფით შემოიძურწა, ლოგინთან დაიხარა და ყურში მითხრა:


- ბაბუ, ერთი გოგო მიყვარს. იმ გოგოს კი ლექსები უყვარს, გიჟდება ლექსებზე. ხოდა, რამოდენიმე ლექსი დავწერე და შენს უჯრაში ჩუმად ვინახავ ბლოკნოტს ამ ლექსებით, ის მინდოდა ამეღო. არავის უთხრა, ბაბუ, თორემ დამცინებენ, კარგი?


გული სიყვარულით ამევსო. ჩემს წინ ლამაზი, კეთილი თორმეტი წლის ბიჭი იდგა დიდრონი, სუფთა, ცხოვრებაშეუხებელი შავი თვალებით, რომლებშიც სიცოცხლის და ვიღაც ლექსების მოყვარული გოგოს სიყვარულთან ერთად ჩემი, მოხუცი ბაბუის, სიყვარულისა და თანაგრძნობის სხივსაც ვხედავდი.


- არავის ვეტყვი, ჩვენი საიდუმლო იქნება, - თვალი ჩავუკარი. ცერა თითი ამიწია და ოთახიდან გავიდა.


იმ ღამეს დაძინება გამიჭირდა. სტუდენტი რომ ღელავს გამოცდის წინ, ისე ვღელავდი, ვაითუ უარი მითხრან მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობაზე მეთქი. უამრავი წლის მანძილზე პირველად ამიტაცა, ამაფორიაქა და ამაცეტა სასიამოვნო მოლოდინმა.


"სასიამოვნო მოლოდინი", აი, რა ყოფილა თურმე ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გავიფიქრე და გამეცინა ამის მისახვედრად ოთხმოცდათექვსმეტი წელი რომ დამჭირდა.

image
/ თამუნა გლურჯიძე /
0
237
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0