x
მეტი
  • 22.03.2023
  • სტატია:126706
  • ვიდეო:356237
  • სურათი:499398
"რასაც თქვენ აკეთებთ არის არა ჟურნალისტიკა არამედ ყალთაბანდობა" - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და "მთავარ არხს" ყალთაბანდობაში ადანაშაულებს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტში - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" რეპორტაჟის ავტორს "ევროპული საქართველო", რომელიც ზემოხსენებული პროექტის ერთ- ერთი ავტორია, საერთოდ არ უხსენებია. "ტაბულას" დამფუძნებლისვე თქმით, რასაც "მთავარი არხი" აკეთებს არა ჟურნალისტიკა, არამედ ყალთაბანდობა:


"აი ახლა, მთავარი არხის მაყურებელმა იხილა ის ფურუნკული, რაც უნდობლობით წამლავს ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციას პერმანენტული მარცხისთვის სწირავს. მთავარ არხზე გავიდა სიუჟეტი ბუჩამდე იყო აფხაზეთი. სიუჟეტის ავტორმა დაურეკა ტაბულას ყოფილ რედაქტორს, ანა გვარიშვილს - დევნილების ჩაწერა უნდოდა და ჩვენი რესპონდენტების ნომრები სთხოვა. ცხადია მივეცით, საჯარო ინტერესის სამსახურად მიგვაჩნია.


ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის აფხაზთა კრების, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ტაბულას კამპანია. დავიწყეთ მაისში ძალიან შთამბეჭდავი ინტერაქტიული გამოფენით კლუბში KHIDI - ზღვა ხალხი მოგვაწყდა.


გავაგრძელეთ აგვისტოში პირველ სკოლასთან ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით, ასევე ბევრი ხალხი მოვიდა. 27 სექტემბერს ძალიან შთამბეჭდავი მსვლელობა მივუძღვენით რუსთაველზე და გავუშვით ფილმი - სადაც სამი ახალდაბელი ტყვე ქალი საუბრობდა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.


თემა გავიდა საერთაშორისო მასშტაბზეც და სულ რაღაც ერთი თვის წინ უამრავმა ექსპერტმა, დიპლომატმა, პოლიტიკურმა აქტივისტმა, ჟურნალისტმა და კომენტატორმა დაუჭირა მხარი კამპანიას - ბუჩამდე იყო აფხაზეთი. გაზაფხულზე ამავე კამპანიის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ - რაც უშუალოდ ეხება დევნილების საკუთრების თემას.


მოკლედ არსებობს ძალიან თანმიმდევრული გუნდი - რომელიც ამ თემას ძალიან თანმიმდევრულად მიყვება და ძალიან ხმაურიანი და ხალხმრავალი ღონისძიებები ჰქონდა ამ საკითხზე, ბევრად ხალხმრავალი, ვიდრე რომელიმე სხვა პარტიას დამოუკიდებლად.


აი ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარმა არც ახსენა ევროპული საქართველო. იცით რატომ? იმიტომ რომ მაგ გოიმებს ჰგონიათ რომ კონკიას მორალი მხოლოდ ზღაპარია. მეგობრებო, რასაც თქვენ აკეთებთ არის არა ჟურნალისტიკა და საჯარო ინტერესების სამსახური. არამედ ყალთაბანდობა. და თქვენზე ნიჭიერი, მდიდარი და უპრინციპო ყალთაბანდი ყავს ქართველ ერს ჩრდილოვან მმართველად.


აი თქვენი ყალთაბანდობის გამო ურტყამს გოლებს ბიძინა ცარიელ კარში და გააქვს. ყალთაბანდები ხართ, თან ლუზერობისთვის განწირული ყალთაბანდები. უბრალოდ, პარალელურად, სულ რაღაც, ეროვნულ ინტერესებს აზიანებთ მრუდე სარკეების შექმნით." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.







0
346
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
346