x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მომაკვდავი ტვინის აქტიურობა ნათელს ჰფენს იმას, რასაც ადამიანები კლინიკური გარდაცვალებისას განიცდიან
ვარდნა ბნელ სივრცეში, სინათლე გვირაბის ბოლოს, კავშირი გარდაცვლილ ახლობლებთან… ხანდახან მსგავს ხილვებს თვალს ადევნებენ ადამიანები, რომლებმაც სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობა განიცადეს. აღნიშნული ძალიან ჰგავს “საიქიოს” ხილვას და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კლინიკური სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანები მართლაც იყვნენ “იმქვეყნად, ” თუმცა როგორც მიმდინარე წელს განხორციელებული სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, ეს ასე არ გახლავთ.


მკვლევარებმა პირველად შეისწავლეს მომაკვდავ ტვინში მიმდინარე პროცესები, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კვლევა შემთხვევით განხორციელდა. მეცნიერები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტის ტვინის აქტივობებს სწავლობდნენ, რა დროსაც ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ამგვარი, მართლაც ბრმა შემთხვევის შედეგად მოპოვებულმა შედეგებმა ნათელი მოჰფინა იმას, რაც მომაკვდავის თავის ტვინში ხდება.


ბევრი მომაკვდავი თითქოს გრძნობს, თუ როგორ ტოვებს საკუთარ სხეულს, როგორ გადის მისი ცხოვრება კინოკადრებივით მის თვალწინ, გრძნობს სიმშვიდეს, დაცულობის განცდა აქვს და ასე შემდეგ. მსგავსი რაღაც მილიონობით ადამიანმა განიცადა მთელ დედამიწაზე და მათი მოგონებები კლინიკური სიკვდილის პროცესში განცდილ-ნანახის შესახებ ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თითოეული ადამიანის ტვინი მეორე ადამიანის ტვინის მსგავსი მექანიზმია.


იმის შესწავლა, თუ რას განიცდის ადამიანი, რომელიც კლინიკური სიკვდილის პროცესში სახეებს და გამოსახულებებს ხედავს, ძალიან რთულია, რადგან შეუძლებელია წინასწარ იცოდე, თუ რომელ პაციენტს ექნება კლინიკური სიკვდილის მდგომარეობა, რათა აქტიურად გამოიკვლიო ის. მომაკვდავი ადამიანის გამოკვლევის უფლებას მეცნიერს არავინ მისცემს, რადგან კლინიკური სიკვდილის პროცესში ექიმები პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან და არა იმის გასაზომად, თუ რა აქტივობებს ახორციელებს ადამიანის ტვინი ამ დროს. ამიტომ ტარტუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ეს შემთხვევით შეძლეს, როცა ეპილეფსიის მქონე პაციენტს ელექტროენცეფალოგრამას იმის იმედით უღებდნენ, რომ რამენაირად მოსალოდნელი შეტევების წინასწარ ამოცნობას შეძლებდნენ. სამწუხაროდ მამაკაცმა გამოკვლევის პროცესში გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ტვინის დაფიქსირებული სურათის გასაანალიზებლად ესტონური გუნდი ამერიკელ, კანადელ და ჩინელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა. მოკვლეული მასალა ჟურნალ Frontiers in Aging Neuroscience-ში გამოქვეყნდა.



“ჩვენ მომაკვდავი ტვინის 900-წამიანი აქტივობა გავზომეთ და იმაზე მოვახდინეთ მთელი ჩვენი ყურადღების კონცენტრირება, თუ რა ხდებოდა 30 წამის მანძილზე გულის გაჩერების წინ და მას შემდეგ, ” - პრესასთან განაცხადა კვლევის ორგანიზატორმა აჯმალ ზემერმა, რომელიც ლუისვილის უნივერსიტეტის კლინიკაში ნეიროქირურგად მუშაობს.


“ტვინი შესაძლოა სიკვდილის წინ ცოტა ხნით ადრე ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს იხსენებდეს.”


ტვინის აქტიურობა სიკვდილიდან დაახლ. 1 წუთის შემდეგ ძალიან ჰგავდა იმას, რაც ადამიანის ამ ურთულეს ორგანოში სიზმრების ნახვის, მოგონებების გაჩენის და მედიტაციის დროს ხდება.


“არსებითი რაღაც, რაც ამ კვლევის შედეგად შეგვიძლია ვისწავლოთ, შემდგომში მდგომარეობს: მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებულს ახლობლებმა თვალები უკვე დაუხუჭეს და მზად არიან, მშვიდად განსვენების შესაძლებლობა მისცენ მას, ამ უკანასკნელის ტვინი ცხოვრების რამდენიმე ულამაზეს მომენტს კიდევ ერთხელ უჩვენებს გარდაცვლილ ადამიანს, ” - თქვა მეცნიერმა.


მეცნიერს იმედი აქვს, რომ ოდესმე მოახერხებს, სრულიად ჯანმრთელი პაციენტების სიკვდილისწინა მდგომარეობის დაფიქსირებასაც, თუმცა დიდი ალბათობით განსხვავება ეპილეფსიის მქონე პაციენტსა და მათ შორის დიდი არ იქნება. აშკარაა, რომ ის სასიამოვნო განცდები, რაც მომაკვდავ ადამიანებს უჩნდებათ, ბუნების მიერ ნაწყალობევი უკანასკნელი საჩუქარია, რათა თავი ავარიდოთ იმ საშინელების გააზრებას, რომ ჩვენი ცნობიერება სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ქრება.


სიკვდილი

0
221
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0