x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საზარელი ურჩხულის ნაკვალევზე: როგორ გამოიყურებოდა და რამდენი ხნის წინ ცხოვრობდა “ვარგი” დედამიწაზე?
თავის “ბეჭდების მბრძანებელში” ტოლკინი აღწერს “ვარგს” - ფანტასტიკურ ქმნილებას, რომელიც მგელს ჩამოჰგავს და ნისლიან მთებში ცხოვრობს.


ტოლკინმა არ იცოდა, რომ საზარელი არსება, რომელიც მან გამოიგონა, უფრო სწორად, მის ვარგზე ბევრად უფრო შიშისმომგვრელი ურჩხული, ოდესღაც რეალურად ცხოვრობდა დედამიწაზე. ეს ახლახანს აღმოჩენილი, მაგრამ აწ უკვე გადაშენებული მტაცებელი დაახლოებით 22 მილიონი წლის წინ, თანამედროვე კენიის ტერიტორიაზე სახლობდა. ის პოლარულ დათვზე თითქმის ორჯერ უფრო დიდი იყო და 1500 კილოგრამს იწონიდა. მასთან შედარებით თანამედროვე ლომები და ვეფხვები უწყინარი ფისუნიები არიან მხოლოდ.


სიმბაკუბვა


“ვარგი” სიგრძით 2, 4 მეტრი იყო, ხოლო სიმაღლით 1, 2 მეტრი. მას უძლიერესი ყბები და ხანჯლებივით ალესილი, საშინელი კბილები ჰქონდა და “ჰიპერხორცისმჭამელი” გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ კალორიებს მხოლოდ ხორცისგან იღებდა.



მეცნიერები მას “სიმბაკუბვა კუტოკააფრიკას” უწოდებენ, რაც სუაჰილზე “დიდ აფრიკულ ლომს” ნიშნავს.


“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მას “დიდი აფრიკული ლომი” ვუწოდეთ, ისაა, რომ ახლად აღმოჩენილი ცხოველი საკუთარ ეკოსისტემაში იგივე როლს ასრულებდა, რასაც დღეს ლომი ასრულებს, ” - განაცხადა მკვლევარმა მათ ბორთსმა Live Science-სთან მიმოწერაში.


სიმბა


როცა მშიერი იყო, “ვარგი” არაფერს არ ინდობდა, თუმცა ძირითადად ანთრაკოთერებზე (თანამედროვე ბეჰემოტის მონათესავე ცხოველი) ნადირობდა. მაგრამ ის ასევე სიამოვნებით გეახლებოდათ თანამედროვე სპილოთა და ზებრათა მონათესავე ცხოველებს.


სიმბა


სიმბაკუბვა კუტოკააფრიკას გადაშენების მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის. სავარაუდოა, რომ გადაშენდნენ ის ცხოველები, რომლებზეც სიმბაკუბვა ნადირობდა და თავადაც მათ მალევე მიჰყვა. ხორცისმჭამელ ცხოველებს ეს ხშირად ემართებათ. კრიზისულ სიტუაციებში (სტიქიური უბედურებები, კლიმატის მკვეთრი ცვლილება და ა. შ.) გადარჩენის ყველაზე დიდი შანსი ყველაფრისმჭამელ ცხოველებს აქვთ. “ვარგი” ასეთი ნამდვილად არ იყო. მას მუდმივად უზარმაზარი რაოდენობის კალორიები სჭირდებოდა, რაც ხორციდან უნდა მიეღო და ამიტომ სავარაუდოა, რომ იმ ცხოველების პოპულაციების შემცირებას ვერ გაუძლო, რომლებზეც კვების თვალსაზრისით იყო ორიენტირებული.


ნეტავ, როგორი იქნებოდა სამყარო, ამ საზარელ არსებას დღემდე დედამიწაზე რომ ეცხოვრა? ალბათ ჩვენი ყოველდღიურობა აღარ იქნებოდა ისეთი უსაფრთხო, როგორიც დღეს არის. თუმცა ყველაზე დიდი საფრთხეს დღეს არა ცხოველები, არამედ უკონტროლო ძალაუფლების მქონე და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებული დიქტატორები წარმოადგენენ. ნებისმიერი ცხოველი, თვით ყველაზე საზარელიც კი, სრულიად უწყინარი მოჩანს იმ დიქტატორების გვერდით, რომლებიც დღეს დედამიწაზე სამწუხაროდ ჯერ კიდევ მრავლად არსებობენ.

0
475
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0