x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
კვლევა: დედამიწის ზუსტი ანალოგი ლურჯი პლანეტების მხოლოდ ერთი პროცენტია
როგორც უახლესი სამეცნიერო კვლევა ამტკიცებს, დედამიწის მსგავსი პლანეტები, რომელთა 30% ხმელეთით არის დაფარული, ხოლო 70% - წყლით, წარმოადგენენ სამყაროში არსებული იმ კლდოვანი პლანეტების მხოლოდ 1%-ს, რომლებიც სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობენ, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა შესაძლებელია. ამის საპირისპიროდ, პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტების ზედაპირის 80% ხმელეთით არის დაფარული, ხოლო პლანეტათა 20% - ეს არის პლანეტა-ოკეანეები, სადაც ზედაპირი ან მთლიანად წყლისგან შედგება, ან ხმელეთი ზედაპირის 10%-ზე ნაკლებს მოიცავს.


მეცნიერები ამ დასკვნამდე მაშინ მოვიდნენ, როცა ტექტონიკური ფილების გადაადგილების შედეგად პლანეტის მანტიაში წყლის არსებობის და კონტინენტური მიწის წყლით დაფარვის მოდელირებას ახდენდნენ.


“დედამიწის მცხოვრებლებს გვაქვს ბედნიერება, დავტკბეთ ოკეანეებისა და ხმელეთის ფართობებს შორის არსებული სწორი ბალანსით, ” - განაცხადა ტილმან სპონმა, რომელიც შვეიცარიის კოსმოსის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია. “მიმზიდველია იმაზე ფიქრი, რომ “მეორე დედამიწა” ზუსტად ჩვენი პლანეტის მსგავსი იქნება, მაგრამ ჩვენი მოდელირების შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს აშკარად ასე არ გახლავთ.”


კვლევა გვიჩვენებს, რომ ის ნატიფი ბალანსი, რაც დედამიწაზე წყალს ხმელეთისგან გამოყოფს (1:3) დიდი იშვიათობაა. პლანეტა ამ ბალანსს მაშინ აღწევს, როცა მისი მანტია ქერქის სიახლოვეს 1410 გრადუსამდე გაგრილებულია, ხოლო სიღრმეში 3700 გრადუსამდე გაცხელებული.



დედამიწამ ამ ბალანსს დაახლოებით 2, 5 მილიარდი წლის წინ მიაღწია, არქაული ერის დასასრულს და ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ ამ გასაოცარი წონასწორობის პირობებში.


როგორც მოდელირება გვიჩვენებს, იმ პლანეტებზე, სადაც წყლის სამყარო დომინირებს და ხმელეთი ზედაპირის 10%-ზე ნაკლებს შეადგენს, ძალიან ტენიანი ატმოსფეროა, ტროპიკული კლიმატით, ხოლო იმ პლანეტებზე, რომელთა ზედაპირის ფართობის 30%-ზე ნაკლები წყალია, სიცივე ბატონობს და ბევრი უდაბნოა. ასეთ პლანეტებზე ცივი გაუდაბნოება სავარაუდოდ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწევს, ხოლო ვეებერთელა მყინვარები და ყინულის უკიდეგანო საფარველი ჩვეულებრივი ამბავი იქნება.


არადა, გონიერი სიცოცხლის გაჩენის შესაძლებლობა ყველაზე მაღალი სწორედ დედამიწის მსგავს პლანეტებზეა, სადაც ზედაპირის ფართობის 30% ხმელეთით არის დაფარული, დანარჩენი ფართობი კი - წყლით. სიმშრალესა და ტენიანობას შორის არსებული მეტნაკლებად შუალედური ბალანსი სახეობათა მრავალფეროვნების არსებობას უზრუნველყოფს, ხოლო რაც უფრო მეტი სახეობის ცოცხალი არსება სახლობს ამა თუ იმ პლანეტაზე, მით უფრო მაღალია შანსი, რომ რომელიმე მათგანი ევოლუციის პროცესში ოდესმე ინტელექტს შეიძენს.


დედამიწა

0
190
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0