x
image
თორ ნიკე
Mediator image
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-2
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-2



1. ბიოლოგიაში ახალი ეპოქა იწყება - 2022 წელს ხელოვნურმა ინტელექტმა მეცნიერებისთვის ცნობილი თითქმის ყველა ცილის სტრუქტურა გაშიფრა. ეს გუგლის კუთვნილი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის დიფმაინდის (DeepMind) მიერ შექმნილი ხელსაწყოს ალფაფოლდის (AlphaFold) წყალობით მოხერხდა. გაშიფრულია 200 მილიონზე მეტი ცილის სტრუქტურა და მათი 3D (სამგანზომილებიანი) ფორმა. (იხ. წყარო).


ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა ცილის სტრუქტურა გაშიფრა




2. თავებით შეზრდილი სიამის ტყუპები ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში წარმატებით განაცალკევეს 2022 წელს. 3 წლის ბიჭებს - ბერნარდო და არტურ ლიმებს ბრიტანელი ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ სულ 7 ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. აქედან ბოლო ორ ოპერაციას ჯამში 33 საათი დასჭირდა და მასში სამედიცინო პერსონალის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული. (იხ. წყარო).



თავებით შეზრდილი სიამის ტყუპები ბრაზიალიაში,  რიო დე ჟანეიროში წარმატებით განაცალკევეს 2022 წელს




3. ჯეიმს ვების ტელესკოპმა დააფიქსირა ჩვენგან ყველაზე მეტად დაშორებული გალაქტიკა, რაც დღემდე გვინახავს. ეს მოხდა 2022 წლის აგვისტოში. აქამდე აღმოჩენილი იყო გალაქტიკა, რომელიც წარმოიქმნა დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის გასვლის შემდეგ ანუ დღევანდელი დღიდან, ის წარმოიქმნა დაახლოებით 13.5 მილიარდი წლის წინ. ხოლო ეს ახლად აღმოჩენილი უძველესი გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 235 მილიონი წლის გასვლის შემდეგ ჩამოყალიბდა. (იხ. წყარო).


ჯეიმს ვების ტელესკოპმა დააფიქსირა ჩვენგან ყველაზე მეტად დაშორებული გალაქტიკა




4. დანდური (portulaca oleracea) - წარმოადგენს სუპერმცენარეს, რომელიც შესაძლოა დაგვეხმაროს გვალვაგამძლე მცენარეთა შექმნაში, რაც მომავალში კლიმატის მეტად დათბობის პირობებში შიმშილის პრობლემის მოგვარებაში და ნახევარუდაბნო და უდაბნო ტერიტორიებზე საკვების უფრო დიდი რაოდეობით და უფრო მარტივად წარმოებაში შეგვიწყობს ხელს. (იხ. წყარო).


დანდური (portulaca oleracea)




5. კალიები კიბოს სუნს გრძნობენ. მათ შეუძლიათ გაარჩიონ ადამიანის (და საერთოდ ცხოველების) ჯანმრთელი უჯრედები სიმსივნური უჯრედებისგან. ამ მწერებს ასევე შეუძლიათ გაარჩიონ კიბოს ცალკეულ უჯრედთა ხაზები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლებელია დაფიქსირდეს არა მხოლოდ კიბოს არსებობა, არამედ მისი ტიპი. მათმა ამ უნარმა შესაძლოა სიმსივნის ადრეული დაფიქსირების ახალი შესაძლებლობები მოგვცეს და შესაბამისად მრავალი პაციენტი გადაარჩინოს. 2022 წელს ეს უნარი ელექტროდებით გაზომეს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, კრისტოფერ კონტაგის ხელმძღვანელობით. კალიების ტვინის აქტივობის ცვლილების საფუძველზე და ამ ცვლილებებზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ მათი ეს უნარი საიმედო, მგრძნობიარე და სწრაფია - ისინი სიმსივნური უჯრედების ჯანმრთელებისგან გარჩევას სულ რაღაც მილიწამებში ახერხებენ. (იხ. წყარო).


კალიები კიბოს სუნს გრძნობენ




6. სავარაუდოდ, ობობების ზოგიერთი სახეობა სიზმრებს ხედავს. მაგალითად 2022 წელს ამაზე კვლევები ჩაატარა ჰარვარდის მკვლევართა ჯგუფმა ამავე უნივერსიტეტის ქცევითი და ევოლუციური ეკოლოგის, დანიელა როსლერის ხელმძღვანელობით და დაადგინა, რომ ხტუნია ობობას სახეობას - ევარქა არკუატას (evarcha arcuata) ძილი ნამდვილად ახაიათებს. შებინდებისას ისინი აბლაბუდაზე ეკიდებიან და მთელი ღამე უმოძრაოდ არიან, ვიდრე რაღაც მომენტში არ გადავლენ ე.წ. სწრაფი ძილის ფაზაზე და იწყებენ ჯერ კიდევ ძილის მდგომარეობაში მყოფნი მოძრაობებს და სხეულის აქტივობას, რომელიც კარგად იქნა შესწავლილი და დადგინდა, რომ ეს ყველაფერი ხერხემლიანებში, მაგალითად ადამიანებში, ძაღლებსა და კატებში მიმდინარე სწრაფი ძილის პროცესების იდენტურია, რაც აჩენს მეცნიერულ მტკიცებულებას, რომ ობობების გარკვეული სახეობები შესაძლოა სიზმრებს ხედავენ. ობობები დედამიწაზე დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ. (იხ. წყარო).


ობობა ევარქა არკუატა (evarcha arcuata) შესაძლოა სიზმრებს ხედავს




7. გარკვეულ დეტალებში უკვე ვიცით რა დაემართება ჩვენს მზეს მომავალში. მომდევნო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში ის უფრო და უფრო ცხელი გახდება და თანდათან ბირთვში ამოეწურება ატომური სინთეზისთვის საჭირო წყალბადის მარაგი. ამის შემდეგ მისი ბირთვი შეკუმშვას დაიწყებს და ბირთვის უშუალოდ მიმდებარე რეგიონში სულ უფრო და უფრო მეტი წყალბადი მოიყრის თავს და წარმოიქმნება წყალბადის გარსი. დაიწყება ამ წყალბადის გამოყენება ატომური სინთეზისთვის. ამ წყალბადის გამოიყენებს მზე თავის "საწვავად", ამის შედეგად წარმოქმნილი ჰელიუმი ჩავა მზის ბირთვში - ეს იქნება პროცესი, რომელსაც გარსის წვას უწოდებენ. ამ მოვლენების პარალელურად მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი ძლიერ გაფართოვდება, შესაძლოა მარსის ორბიტამდეც კი და მზე გადაიქცევა წითელ გიგანტად (ახლა მზე ყვითელი ჯუჯას ტიპის ვარსკვლავია და არის 4.6 მილიარდი წლის ანუ იმყოფება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის ხანგრძლივობის დაახლოებით შუა ეტაპზე). წითელ გიგანტად გადაქცევის შემდეგ მზე თანდათან უფრო დაჩქარებულად საბოლოოდ ამოწურავს თავის შემადგენელ წყალბადსა და ჰელიუმს, მოიშორებს მატერიის გარე ნაწილს და წარმოქმნის პლანეტურ ნისლეულს. მზის ბირთვი კოლაფსირდება და გადაიქცევა თეთრ ჯუჯად, რომელიც თანდათან დაიწყებს ძალიან ნელ გაციებას. სრულად მის გაციებას ტრილიონობით წელიწადი დასჭირდება. ზუსტად როდის მოხდება ეს? საერთოდ, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა აღსასრული დგება სხვადასხვა დროს და ეს დამოკიდებულია ამ ვარსკვლავთა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. ასაკის მატებასთან ერთად ვარსკვლავის მასა დიდად არ იცვლება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება ტემპერატურა, რისი მიზეზიც ბირთვში მიმდინარე ბირთვული სინთეზია და ეს ვარსკვლავის სიკაშკაშის ხარისხში აისახება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ "გაიას" ირმის ნახტომის კატალოგიზაციის პროგრამის 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა ვიცოდეთ, თუ როდის გაივლის მზე ზემოთაღწერილ პროცესებს, რამდენი ხნის შემდეგ მოხდება ყოველივე ეს. 2022 წლის შედეგები ძლიერ თანხვედრაშია მზის სიცოცხლის ხანგრძლივობის წინა შეფასებებთან და მიუთითებს, რომ მისი ტემპერატურა პიკს დაახლოებით 8 მილიარდი წლის ასაკში მიაღწევს. ახლა მზე 4.6 მილიარდი წლისაა, ესეიგი მას პიკური ტემპერატურა ექნება 3.4 მილიარდი წლის შემდეგ. ის გადაიქცევა წითელ გიგანტ ვარსკვლავად, როდესაც მისი ასაკი 10 ან 11 მილიარდ წელს მიაღწევს. ესეიგი დღევანდელი დღიდან 5.4 ან 6.4 მილიარდი წლის შემდეგ. დღევანდელი სახის და ფორმის ადამიანები და მისი მსგავსი არსებები (ცხოველები და სხვა მაღალგანვითარებული სიცოცხლის ფორმები) დედამიწაზე სიცოცხლეს დაახლოებით კიდევ 1 მილიარდი წლის განმავლობაში შეძლებენ. მზის სიკაშკაშე და მაშასადამე მისი ტემპერატურა ყოველ მილიარდ წელიწადში დაახლოებით 10%-ით იზრდება - ეს ცვლილება კი საკმარისია, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არახელსაყრელი გახადოს სიცოცხლის თითქმის ყველა ფორმისთვის, გარდა ექსტრემოფილი ბაქტერიების თუ სხვა მარტივი, მაგრამ გამძლე სიცოცხლის ფორმებისთვის, რომლებიც დღეს არსებობს და მომავალშიც შეიძლება იარსებოს მათმა მოდიფიკაციებმა, ახალმა სახეობებმა და ქვესახეობებმა. თუმცა დღევანდელი ადამიანი რომ აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, რაც დედამიწაზე იქნება 1 მილიარდი წლის შემდეგ, ეს გარემო ყოვლად აუტანელი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იქნება მისთვის. ის ასეთ გარემოში ბუნებრივ პირობებში ვერ გადარჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 1 მილიარდი წელიწადი არის ძალიან დიდი დრო. ეს იმდენად დიდი დროა, რომ მაგალითად ბოლო ნახევარ მილიარდ წელიწადში ევოლუციის პროცესში თევზების ერთ-ერთი განშტოება მრავალი მოდიფიკაციის შემდეგ საბოლოოდ ადამიანად ჩამოყალიბდა. ადამიანმა კი ბოლო საუკუნეებში მოახერხა და საკუთარი ევოლუციის წარმართვის ბერკეტები და მექანიზმები თავის ხელში აიღო და უკვე მეტ-ნაკლებად ისწავლა ამ მექანიზმების კონტროლი და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად სწავლობს, რაც წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანურ ცივილიზაციას. სიცოცხლის ამ გამორჩეულმა სახეობამ შეიძლება მიაღწიოს ბევრად უფრო დიდ შედეგებს და განახორციელოს ევოლუციური თუ რევოლუციური ნახტომები ბევრად ნაკლებ დროში და ბევრად დიდიც, ვიდრე ბოლო ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში თევზებიდან ადამიანების ჩამოყალიბება იყო. (იხ. წყარო).


მზე - ჩვენი ვარსკვლავი




8. ღორის კანისგან ბიოინჟინერიით დამზადებული თვალის რქოვანათი მეცნიერებმა 20 უსინათლო პაციენტს მხედველობა დაუბრუნეს. ეს მიღწევა 2022 წლის აგვისტოში განხორციელდა. აქედან 3 პაციენტი არა მხოლოდ განიკურნა სიბრმავისგან, არამედ სრული 20/20-ზე მხედველობა აქვს. შვედეთის ლანჩეპინგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით ამით დაძლეული იქნება რქოვანას ქსოვილის დონაციის დეფიციტის პრობლემა. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 12, 7 მილიონი ადამიანი კარგავს მხედველობას რქოვანას პრობლემების გამო და ამ ხალხისგან 70-დან მხოლოდ 1 ახერხებს რქოვანას გადანერგვას. აღნიშნული ახალი მეთოდი კი ყველა მათგანისთვის მხედველობის დაბრუნებას ნიშნავს. (იხ. წყარო).


ღორის კანისგან ბიოინჟინერიით დამზადებული თვალის რქოვანა



9. რას უნდა მოვერიდოთ ჭექა-ქუხილის დროს? ელვის და ჭექა-ქუხილის დროს არასოდეს მიიღოთ შხაპი და არ დარეცხოთ ჭურჭელი. ასევე არ უნდა შეეფაროთ ხის ქვეშ, არ უნდა დადგეთ ფანჯარასთან ახლოს და არ უნდა ისაუბროთ ხაზის ტელეფონით (მობილური უსაფრთხოა). ეს ყველაფერი იმისთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავირიდოთ მეხის დაცემა. 2022 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება მეხის დაცემით, ხოლო 240 ათასი ადამიანი იღებს ხოლმე სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. (იხ. წყარო).


რას უნდა მოვერიდოთ ჭექა-ქუხილის დროს?



10. ალცჰაიმერის დაავადებას შესაძლოა ჰერპესის და ჩუტყვავილას ვირუსების შეამხანაგება იწვევდეს. ეს კვლევა 2022 წელს გამოაქვეყნეს ტაფსისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევარებმა. ამ ორი ვირუსის ტანდემს შეუძლია ხელი შეუწყოს იმ ცილების ჭარბ რაოდენობას, რომელიც დამახასიათებელია ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ტვინის ლაქებისთვის (იხ. წყარო).


ალცჰაიმერის დაავადებას შესაძლოა ჰერპესის და ჩუტყვავილას ვირუსების შეამხანაგება იწვევდეს


ასევე იხილეთ: საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი პირველი;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0