კინო რატომ სძულდათ ლუი დე ფიუნესი მეზობლებს? 2022, 26 ოქტომბერი, 13:22 ლუი დე ფიუნესი დე გალარსა 1914 წლის 31 ივლისს, კურბევუაში (საფრანგეთი) დაიბადა. მსოფლიო კინოს მომავალი ვარსკვლავის მშობლები სანახევროდ ესპანელ-პორტუგალიელები იყვნენ. ამასთან, მამა სევილიელი არისტოკრატების შთამომავალი, განათლებით იურისტი იყო. მაგრამ, საფრანგეთში ემიგრირების შემდეგ, ალმასის დამწახნაგებლად მუშაობდა. 1904 წელს, ახალგაზრდები საფრანგეთში საცხოვრებლად იმიტომ გადავიდნენ, რომ სამშობლოში, ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ. პატარა ლუი უნიჭიერესი ბავშვი იყო. კარგად იცოდა ფრანგული, ესპანური და ინგლისური ენები, ხატავდა და ფორტეპიანოზე უკრავდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ის პიანისტი გახდა. ლუი პიგალზე (წითელი ფარნების კვარტალი პარიზში), ძირითადად, ჯაზს უკრავდა. ის დაწესებულების სტუმრებს არა მარტო მუსიკით, არამედ, დაკვრის დროს, გაკეთებული სახის მიმიკებითაც ართობდა და ახალისებდა. გერმანელების მიერ, პარიზის ოკუპაციის დროს, ლუი დე ფიუნესი მუსიკალურ სკოლაში სოლფეჯიოს ასწავლიდა. სწორედ იქ გაიცნო და შეუყვარდა მომავალი მეუღლე ჟანა დე მოპასანი (ცნობილი მწერლის, გი დე მოპასანის შვილიშვილი) და არც გოგონა დარჩა გულგრილი პიანისტისადმი, «რომელიც ჯაზს ღმერთივით უკრავდა». შეყვარებულები 1943 წელს დაქორწინდნენ და 40 წელი იცხოვრეს ერთად, ლუი დე ფიუნესის გარდაცვალებამდე. ამ ქორწინებაში, დე ფიუნესს ორი ვაჟი შეეძინა — პატრიკი და ოლივიე (ეს დე ფიუნესისთვის II ქორწინება იყო, I ქორწინებაში (1936/42) მას ერთი ვაჟი, დანიელი ჰყავდა). მაგრამ, სანამ დიდი აღიარება მოვიდოდა, მომავალი კომიკოსის ცხოვრება მარტივი არა ყოფილა. ის მზრუნველი მეუღლე და მამა იყო და იმისთვის, რომ ოჯახი შეენახა, არანაირი სამუშაო არ ეთაკილებოდა – მეკუჭნავე, უნივერმაღში ვიტრინების დეკორატორი, მეთუნუქე, ბუღალტერი და ფოტოგრაფიც კი იყო. ის ასევე, ექსპერიმენტული თეატრების სცენებზეც გამოდიოდა. მღეროდა, ცეკვავდა, ხალხს აცინებდა... სცენიდან ბარში გარბოდა და როიალთან ჯდებოდა. ასე შოულობდა ფულს ოჯახისთვის და სამსახიობო კურსების დასაფინანსებლად. ის არც პირველ ვაჟს ტოვებდა უყურადღებოდ და სანახავად რომ მიდიოდა, ყოველთვის ტკბილეული მიჰქონდა. ასეთ ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია და როგორც მსახიობის მეგობრები ამბობდნენ, მას ძალიან რთული ხასიათი ჩამოუყალიბდა. განსაკუთრებული სირთულეები ამის გამო, მსახიობის მეზობლებს ექმნებოდათ. ლუი დე ფიუნესი ხშირად იძახებდა პოლიციას, თუ საღამოს 10 საათის შემდეგ, მეზობლებისგან ხმაური ისმოდა. ამასთან, ის ხანდახან, კომპენსაციის სახით, მატერიალურ ანაზღაურებასაც ითხოვდა. ხოლო, 1975 წ. ორჯერ გადატანილი ინფარქტის, ექიმების რეკომენდაციით და მეუღლის დაჟინებული თხოვნით, საცხოვრებლად ნანტში, შატო დე კლერმონში გადავიდა, რომელსაც 1860 წლიდან მოპასანები ფლობდნენ, ანუ დე ფიუნესის მეუღლის მემკვიდრეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ძალიან უყვარდა, ჩხუბის მიზეზი, არც მათთან ელეოდა. მათ ყოველთვის აკონტროლებდა და მაშინაც კი ეჩხუბებოდა, როდესაც ძვირადღირებულ ნივთებს ყიდულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები სახლში არა ჰქონდათ, მსახიობი ფულს ხელმომჭირნედ ხარჯავდა. 1979 წელს ლუი დე ფიუნესმა ფილმი გადაიღო, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად იყო. ფილმში მთავარი გმირი მდიდარი დიდგვაროვანია, რომელსაც სკივრი ოქროს მონეტებით აქვს სავსე და საკუთარი შვილებისთვის არაფერი ემეტება. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა ამ ფილმში საკუთარი თავი ითამაშა. მისმა ვაჟმა ოლივიემ, მამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა: «მამა ძალიან ძუნწი იყო. ერთხელ მან მაიძულა, რომ ნაყიდი სპორტული ფეხსაცმელი, შედარებით იაფფასიანზე გადამეცვალა, რადგან ჩათვალა, რომ მეტისმეტად ძვირი იყო». ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება, შესაძლებელია, მსახიობის მიერ, ბავშვობაში გადატანილ ტრავმას უკავშირდებოდეს. როგორც ამბობენ, ლუი დე ფიუნესის მამას ვალები ჰქონდა. ამის გამო, მან თავი მოიკლა (ან თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო) და ოჯახი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში დატოვა. სავარაუდოდ, მსახიობს ეშინოდა, რომ მსგავსი რამ, მის ოჯახსაც არ მოსვლოდა და ამიტომ, «ზედმეტ ხარჯებს» ერიდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას არასდროს ენანებოდა ფული, როდესაც ბავშვთა სახლებისთვის სათამაშოებს ყიდულობდა. ლუი დე ფიუნესი ამ ქვეყნიდან დიდი პატივით გააცილეს. მან სიცოცხლეშივე და სიკვდილის შემდეგ, მიიღო ყველაფერი, რაც თავისი დაუღალავი შრომით დაიმსახურა. მის გარდაცვალებასთან ერთად, დავიწყებას მიეცა წარსულის ყველა სირთულე და წყენა, რომლის მიზეზიც დიდი მსახიობი გამხდარა. არხის სხვა სიახლეები: * კვლევის თანახმად, ტუტანხამონი და სხვა ფარაონები კავკასიელები იყვნენ* ონლაინ მოგზაურობა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებში* სურდო თუ გეწყებათ... – სასარგებლო რჩევები, დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად* «ჟანდარმი სენ-ტროპედან» – ფილმის გადაღების ისტორია და ლუი დე ფიუნესის შეწყვეტილი კარიერა* 800 წლის თესლი დათესეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო* არტეფაქტი, რომელიც მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს2321 3-ს მოსწონს
|