x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ციმბირული გიგანტური მარტორქის აღსასრული: რა დაემართა ლეგენდარულ ურჩხულს?
ელაზმოთერიუმი


ელაზმოთერიუმი, რომელსაც სხვაგვარად გიგანტურ მარტორქასაც უწოდებენ, საკუთარი ოჯახის გადაშენებული წარმომადგენელია, რომელიც გვიანდელი პლეისტოცენის ეპოქაში, ევრაზიის კონტინენტზე სახლობდა. ამ სახეობის ყველაზე ძველი ნაშთები 2, 6 მილიონი წლით თარიღდება, თუმცა უახლესი ნაშთები 29 ათასი წლის წინანდელია.


აღნიშნული სახეობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, Elasmoterium sibiricum-ის სხეულის ზომა მართლაც უზარმაზარი იყო და მამონტისას არ ჩამოუვარდებოდა. მას სქელი თმით დაფარული სხეული ჰქონდა და შუბლს უზარმაზარი რქა “უმშვენებდა.” ის 2 მეტრის სიმაღლის, 4, 5 მეტრის სიგრძის და 4 ტონა წონის ვეებერთელა მონსტრი გახლდათ.


ელაზმოთერიუმი



ციმბირული მარტორქის ნაშთები პირველად 1808 წელს აღმოაჩინა იოჰან ფიშერმა, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის მუზეუმში საქმიანობდა. თუმცა, გამოსაკვლევად მეცნიერს მხოლოდ მარტორქას ქვედა ყბა ჰქონდა, ამიტომ ბევრი ვერც ვერაფერი გამოიკვლია. სულ სხვა გახლდათ რამდენიმე ხნის წინ, 2016 წელს გაკეთებული აღმოჩენა. ამ აღმოჩენამ სამეცნიერო სამყაროს შესანიშნავად შემონახული თავის ქალა შესძინა, რამაც დაამტკიცა, რომ ცხოველი პლეისტოცენის მიწურულს, 29 ათასი წლის წინ დედამიწაზე ჯერ კიდევ სახლობდა (მანამდე მიაჩნდათ, რომ ელაზმოთერიუმი 350 ათასი წლის წინ გადაშენდა).


ლეგენდები უზარმაზარი მონსტრის შესახებ, რომელსაც შუბლზე ერთადერთი რქა აქვს, დღემდე შემონახულია ჩინეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩინური “კ’ი-ლინი” სწორედ ელაზმოთერიუმი უნდა იყოს. “კ’ი-ლინზე” ლეგენდა თურქულ და მონღოლურ ენებშიც არსებობს.


ელაზმოთერიუმი


დღემდე შემონახულია ასევე გამოქვაბულის კლდეზე შესრულებული გამოსახულება, რომელზეც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ელაზმოთერიუმს გამოხატავს. ჩანს, პრეისტორიული ადამიანები აქტიურად ნადირობდნენ ციმბირულ მარტორქაზე, რამაც საბოლოოდ მისი გადაშენება გამოიწვია.


თუმცა ზოგიერთი მეცნიერი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ გიგანტური მარტორქა ქვის ხანის ადამიანებისთვის საკულტო ცხოველი იყო და მასზე არ ნადირობდნენ. ეს თუ ასეა, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარია, რამ გამოიწვია ელაზმოთერიუმის გადაშენება.


ყველაზე სარწმუნოდ ის ვერსია უნდა მივიჩნიოთ, რომ ციმბირული მარტორქა კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგად განადგურდა. პლეისტოცენის დასასრულსა და ჰოლოცენის დასაწყისში პლანეტაზე კლიმატი ძალიან თბილი გახდა, რამაც ციმბირული მარტორქის საცხოვრებელი გარემო უაღრესად შეცვალა. ელაზმოთერიუმმა ვერ აუწყო ფეხი ახალ საცხოვრებელ პირობებს და გაქრა.


სამაგიეროდ ლეგენდებმა შემოგვინახა მითი ცხენის მსგავს ელეგანტურ ცხოველზე, რომელსაც შუბლზე რქა აქვს. ეს ელაზმოთერიუმია, რომელიც რეალურად სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა.


ელაზმოთერიუმი

0
612
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0