x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დუნკლეოსტეუსი - ზღვის საზარელი ურჩხული, რომელიც დედამიწაზე 380 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
სახელწოდება “დუნკლეოსტეუსი” ორი სიტყვის შერწყმის შედეგად იქნა მიღებული. აქედან “Osteon“ ბერძნული სიტყვაა და ძვალს ნიშნავს, ხოლო “დუნკლე” ნაწარმოებია ცნობილი ამერიკელი პალეონტოლოგის, დევიდ დანქლის გვარიდან, რომელიც ძირითადად თევზთა ნამარხებს იკვლევდა და რომლის შრომები კლივლენდის ბუნების ისტორიის მუზეუმშია წარმოდგენილი.


დუნკლეოსტეუსი საოცრად გაუმაძღარი და ხარბი ცხოველი იყო. ჭამდა აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც გზად გადაეყრებოდა. იყო წარმოუდგენლად ძლიერი და სწრაფი და ჩვენ ის დევონური ერის ზღვათა სამყაროების ნამდვილ მბრძანებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.


ეს გასაოცარი თევზი 3600 კილოგრამს იწონიდა და 9 მეტრს აღწევდა. უძლიერესი ყბები ჰქონდა, რომლებსაც ძალიან სწრაფად ამოძრავებდა და რომლებითაც მსხვერპლს ძალიან ჩქარა აქუცმაცებდა მცირე ლუკმებად. ზღვის ამ ბინადრის ნარჩენები სხვადასხვა დროს მაროკოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, პოლონეთსა და ბელგიაში იპოვეს.


დუნკლეოსტეუსი



მოკლედ, მთელ პლანეტას იყო მოდებული!


მას სხეულზე გასაოცრად მყარი ჯავშანი ემოსა, მაგრამ კიდევ უფრო საკვირველი ისაა, რომ ეს ჯავშანი ორ ფენად იყოფოდა, რაც თითქმის გამორიცხავდა მისი დაზიანების შესაძლებლობას.


მაგრამ დუნკლეოსტეუსი არ იყო კარგი მოცურავე. ამიტომ მსხვერპლს ღრმა წყლებამდე ვერ მისდევდა. თევზი ღრმა წყლებში თუ შეასწრებდა, გადარჩენილი იყო. დუნკლეოსტეუსი ძირითადად თავთხელში ბინადრობდა და იქაური ფაუნის წარმომადგენლებს გეახლებოდათ. ამის მიზეზი მისი ჯავშანი იყო. მძიმე ჯავშნის თრევას დიდი ძალები სჭირდებოდა, რაც სწრაფი ცურვის შესაძლებლობას გამორიცხავდა.


თევზი


მაგრამ ალბათ გიკვირთ, თუ რისთვის სჭირდებოდა ამ საზარელ თევზს ასეთი მკვრივი ჯავშანი. მას ხომ დევონური ერის ზღვებში მტერი პრაქტიკულად არ ჰყავდა. ზღვის ყველა ბინადარი მას გაურბოდა და სწორედ ის იდგა კვებითი ჯაჭვის ყველაზე მაღალ საფეხურზე.


გაგიკვირდებათ და დუნკლეოსტეუსს ჯავშანი სჭირდებოდა თანამოძმეთაგან თავის დასაცავად.


დიახ, დუნკლეოსტეუსებში ფართოდ იყო გავრცელებული კანიბალიზმი და ზღვის ეს ბინადრები საკუთარ მომცრო ზომის ან დაუძლურებულ თანამოძმეებს დიდი სიამოვნებით გეახლებოდნენ.


ასეთი იყო ზღვათა ბინადარი ეს საშინელება, თუმცა დღევანდელი სამყაროს ურჩხულებთან ის მაინც ვერ მოვიდოდა ოდნავაც კი. დღეს ბევრად უფრო საშიში მტაცებლები ბინადრობენ ჩვენს პლანეტაზე. მათ არც უძლიერესი ყბები აქვთ და არც ჯავშანი (ბოტოქსს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ მაინც ძალიან სახიფათონი გახლავან.


თევზი

0
417
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0