x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გაიცანით ენდრიუზარხუსი, რომელიც უდიდესი მტაცებელი ცხოველი იყო 45 მილიონი წლის წინ
ენდრიუზარხუსი უდიდესი და ძალიან საშიში მტაცებელი ცხოველი იყო, რომელიც 45 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ბატონობდა. სამწუხაროდ, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ყველაფერი, რაც ამ ცხოველის ირგვლივ დღემდე სამყარომ შემოინახა, არის დაახლოებით 90 სანტიმეტრის სიგრძის ყბა, რომელიც 1923 წელს მონღოლეთში აღმოაჩინეს.


ჩვენ დანამდვილებით ისიც კი არ ვიცით, იყო თუ არა ენდრიუზარხუსი ძუძუმწოვარი. მისი ყბის ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ცხოველი სავარაუდოდ ძუძუმწოვართა კლასს მიეკუთვნებოდა, თუმცა ზოგი პალეონტოლოგი ამას ასე ცალსახად ვერ აცხადებს. აღსანიშნავი ისაა, რომ 45 მილიონი წლის წინ დედამიწაზე უკვე ძუძუმწოვრები ბატონობდნენ და შესაბამისად ენდრიუზარხუსიც დიდი ალბათობით ძუძუმწოვარი უნდა ყოფილიყო.


ენდრიუზარხუსი


გასული საუკუნის 20-იან წლებში პალეონტოლოგმა როი ჩეპმენმა ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმის დაფინანსებით ენდრიუზარხუსის შესახებ მასალების შეგროვების მიზნით ექსპედიცია წამოიწყო შუა აზიაში, რომელიც იმ დროისთვის სამყაროს ყველაზე მიყრუებულ კუთხეს წარმოადგენდა.



ჩეპმენის კვლევების შედეგები ხელშესახები იყო და სწორედ ამ მეცნიერის შრომის დამსახურებით ეწოდა ნამარხ ცხოველს ენდრიუზარხუსი (სიტყვასიტყვით: “ენდრიუს მბრძანებელი”), თუმცა არ ვიცით, გადაშენებულ მტაცებელს ეს სახელი თავად მეცნიერმა შეურჩია თუ რომელიმე სხვა პალეონტოლოგმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა.


ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ენდრიუზარხუსი ეოცენში ცხოვრობდა, ანუ იმ პერიოდში, როცა ძუძუმწოვრები ის-ის იყო შთამბეჭდავ ზომებს აღწევდნენ. ამიტომ გაუგებარია, რანაირად მიაღწია ამ მტაცებელმა ცხოველმა დინოზავრების გადაშენების შემდეგ არსებულ დროის არცთუ ისე დიდ მონაკვეთში ასეთ გიგანტურ ზომებს.


მისი თავის ქალას მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ენდრიუზარხუსი ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი იყო, რასაც კი ოდესმე დედამიწაზე უარსებია. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შუა აზია იმ პერიოდში ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრებით სავსე უნდა ყოფილიყო.


ენდრიუზარხუსის ზომები მართლაც გასაოცარი გახლდათ. ის რამდენიმე ტონას იწონიდა და ეს ცხოველი უდავოდ დედამიწაზე მცხოვრები ყველა დროის უდიდესი მტაცებელი ძუძუმწოვარია ლევიათანის შემდეგ.


ბევრი მეცნიერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ენდრიუზარხუსი თანამედროვე ვეშაპების და ბეჰემოტების მონათესავე ცხოველი გახლდათ.


ჩვენ დღემდე მწირი ცნობები გვაქვს ენდრიუზარხუსის შესახებ, მაგრამ უნდა ვივარაუდით, რომ მას ძალიან მძლავრი ყბები უნდა ჰქონოდა. შესაძლოა, რაღაცით თანამედროვე ღორსაც ჩამოჰგავდა და ღორივით ყველაფრისმჭამელიც გახლდათ.


მეცნიერებისთვის ნამდვილი მიღწევა იქნებოდა ამ ცხოველის მეტი ნაშთების პოვნა, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. პალეონტოლოგები დაჟინებით ეძებენ ენდრიუზარხუსის ძვლებს და ჩონჩხს, თუმცა ჯერჯერობით სამწუხაროდ უშედეგოდ.


წარმოუდგენელია, ამხელა ზომის ცხოველი ისე გადაშენებულიყო, რომ დედამიწაზე მისგან მხოლოდ ერთი ძვალი დარჩენილიყო. ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ოდესმე ენდრიუზარხუსის მეტ ნარჩენებს ვიპოვით და მეტს შევიტყობთ ამ გასაოცარი ცხოველის შესახებ.


ჯერჯერობით კი მხოლოდ იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს.


ენდრიუზარხუსი

2
305
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
305
  
2022, 15 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2