x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ვთამაშობდი შადრევანთან ერთად, და აღმოჩნდა ეს თამაში ბოლო…“ – პეტრე კოლხის ემოციური ლექსი მარიტაზე
image.

პეტრე კოლხი 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მარიტას მონოლოგი“ – ამ სათაურით აქვეყნებს ტექსტს პეტრე კოლხი, რომელიც გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილს ეძღვნება.

.


„ვთამაშობდი შადრევანთან ერთად,

და აღმოჩნდა ეს თამაში ბოლო.

წყლის ციალი, სილამაზე ფერთა,

მე ზეცისკენ მიზიდავდა მხოლოდ…

და მე შევრჩი, ცაზე ღრუბლის ფთილას,

შადრევანმა ამიტაცა მაღლა.

და თქვენ მაინც ითამაშეთ ფრთხილად,

მე თამაში დავასრულე ახლა!..“, - წერს პეტრე კოლხი.

.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მოხდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.

.

.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს. დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა. ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის: “გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტანშია ჩაკეტილი“. მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. “დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს’’

სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმელის მილებით, დასაგები ლოგინით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით.

.

მაგრამ ერთია: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.

კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი მარიტას მშობლებს, რომელთაც დღეიდან თვალები მიწაზე ყავარჟადნღა ექნებათ. კიდევ ერთხელ პასუხიმგებლობის აუცილებელი და გარდაუვალი მოთხოვნა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

2
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
212
  
2022, 15 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2