x
image
არსენალი
ტერი: "დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაკრებში გამოსვლას ვწყვეტ"

imageინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჯონ ტერიმ ოფიციალურად განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. ცენტრალურმა მცველმა ბოლოჯერ სანაკრებო მაისურა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მოლდოვის წინააღმდეგ მოირგო. ეს ტერის 78-ე მატჩი იყო ნაკრებში. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისკენ სავალ გზას ინგლისელები "ჩელსის" 31 წლის მცველის გარეშე გააგრძელებენ.
"დღეს მინდა განვაცხადო, რომ ნაკრებში გამოსვლას ვწყვეტ. მინდა, მადლობა გადავუხადო ინგლისის ნაკრების ყველა იმ მწვრთნელს, ვინც 78 შეხვედრაზე გამომიძახა. წილად მხვდა ბედნიერება, წლების განმავლობაში დიდებული ინგლისელი ფეხბურთელების მხარდამხარ მეთამაშა. მადლობას ვუხდი ქომაგებსა და საკუთარ ოჯახს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მოტივაციას მმატებდნენ სანაკრებო კარიერის განმავლობაში".
"ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი ქვეყნის სახელით თამაშზე, ინგლისის ნაკრების კაპიტნობაზე. ბრძოლას ყოველთვის სულსა და ხორცს ვაქსოვდი და გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ ხანგრძლივი ფიქრის, გულისტკივილისა და სინანულის შემდეგ მივიღე. მინდა, როისა ჰოჯსონს და ნაკრებს მომავალი წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა ფეხბურთელმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინგლისის ნაკრებში ჯონ ტერის დებიუტი 2003 წლის ივნისში შედგა. მაშინ ინგლისელები სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. წელს ტერიმ ნაკრებთან ერთად ევრო-2012-ზე იასპარეზა და მეოთხედფინალს უწია, სადაც მისი გუნდი 11-მეტრიანების სერიაში იტალიელებთან დამარცხდა. მანამდე ტერის ევროპის 2004 წლის, აგრეთვე მსოფლიოს 2006 და 2010 წლების ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშევი.

"ახლა კონცენტრაციას "ჩელსიში" თამაშზე მოვახდენ და ვეცდები, გუნდთან ერთად ეროვნული და ევროპული ტიტულები მოვიგო. მადლობას ვუხდი ქომაგებსა და საკუთარ კლუბს მუდმივი მხარდაჭერისათვის", - ესეც ინგლისელთა ექსკაპიტნის სიტყვები გახლავთ.

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0