x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
10 ქანდაკება, რომელთა შეხებითაც სიმდიდრეს და ბედნიერებას მოიპოვებთ

image


ალბათ, ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში არის ქანდაკება, რომელსაც ადგილობრივების თქმით, იღბალი მოაქვს, სწორედ ამიტომ ტურისტებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმოფანტულ წარმატების მომტან სკულპტურებთან მიახლოებას ცდილობს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ქანდაკებას, რომელთა შეხებითაც სიმდიდრესა და ბედნიერებას მოიპოვებთ.




"გიჟი გოგონები" - ლას-ვეგასი, აშშ


image


პირველი ადგილი, ალბათ, არავის გააკვირვებს. ბოლოს და ბოლოს, ლას - ვეგასმა ხომ "ცოდვის ქალაქის" სტატუსი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ სწორედ იქ გახლავთ მსოფლიოში ცნობილი შიშველი გოგონების ქანდაკება, რომელთა მეხუთე წერტილსაც აუცილებლად უნდა შეეხოთ რა თქმა უნდა, ცხოვრებაში თუკი გამართლება გსურთ. "გიჟი გოგონები" - წარმოადგენს ჩამწკრივებული გოგონების სკულპტურას, რომლებიც ზურგით დგანან. ამ უჩველო ქანდაკების შემხედვარე ყურადღებას გოგონების გადათეთრებული დუნდულები იპყრობს, რომლებიც ტურისტების მიერ ხშირი შეხებისგან თითქმის ბზინვარებს. "Crazy Girls"-ი რეალურად ლაივ - შოუ გახლდათ, რომელიც "Riviera"-ას სასტუმროსა და კაზინოში 28 წლის განმავლობაში გადიოდა, მას შემდეგ კი რაც "Riviera" 2015 წელს დახურეს, ქანდაკება "პლანეტა ჰოლივუდში" გადაიტანეს. დღეს, ის ტურისტების საყვარელი ადგილია.




2. ვიქტორ ნუარი - პარიზი, საფრანგეთი


image


ეს პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ადამიანის საფლავის ქანდაკებაა. ვიქტორ ნუარი გახლდათ პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც 1870 წელს პიერ ბონაპარტემ (ნაპოლეონ III-ის ძმისშვილი) დახვრიტა, ამის შემდეგ ნუარი მოწამედ შერაცხეს, მის დაკრძალვაზე კი 100000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ჟურნალისტი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს, მის საპატივსაცემოდ კი დადგეს ქანდაკება, რომელზეც მიწაზე მწოლიარე ვიქტორ ნუარია გამოსახული. მისი საფლავი მოგვიანებით განაყოფიერების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ქანდაკების მახასიათებელ თვისებად შარვალზე შესამჩნევი ამობურცულობა ითვლება. ფრანგების აზრით, თუ ნუარის სკულპტურაზე მის "ღირსებას" შეეხებით უნაყოფობას თავიდან აიცილებთ, ამიტომ ქალები მთელი პარიზიდან სასაფლაოზე სწორედ ამისთვის ჩადიან.





3. "უოლ სტრიტის ხარის"- ნიუ-იორკი, აშშ


image


ეს ქანდაკება 3 200 კილოგრამს იწონის, და ის პირველად ნიუ-იორკში 1989 წლის დეკემბერში საშობაო შოუს ფარგლებში ჩაიტანეს, როდესაც ქანდაკება უკან წაიღეს, ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და მისი უკან დაბრუნება მოითხოვეს. "ხარი" დააბრუნეს და საფინანსო უბანში განათავსეს. ლეგენდის თანახმად, იმისთვის რომ ფინანსური საქმეები კარგად წაგივიდეთ, საჭიროა ცხოველს გენიტალიებზე შეეხოთ. ალბათ, გასაკვირი არ არის რომ სწორედ ხარის ამ ნაწილს "აპრიალებენ" ფულის მოყვარულები ყველაზე მეტად, თუმცა თავად მოქანდაკეს თავისი ქმნილებით ამერიკის ფინანსური სიდიადის ჩვენების გარდა, ასევე იმის დემონსტრირებაც სურდა რომ ადამიანები მთელი მსოფლიოდან გამდიდრების მიზნით სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყრიან თავს.




4. "დოლი პარტონი" - სევიერი, აშშ


image


ტენესის სევიერის საოლქო სასამართლოს წინ შეგიძლიათ ცნობილი მომღერლის დოლი პარტონის ქანდაკება იხილოთ. საკულტო შემსრულებელი ქვაზე ჩამომჯდარი გიტარაზე უკრავს. ტენესის შტატის ეს კუთხე მისი სამშობლო გახლავთ, შესაბამისად, ადგილობრივებმა მომღერლისადმი პატივსაცემის ნიშნად მისი ქანდაკების დადგმა გადაწყვიტეს. შტატის ცრუმორწმუნე ვიზიტორთა აზრით, იმისთვის რომ სიყვარულში გაგიმართლოთ, მას მარცხენა მკერდზე უნდა შეეხოთ.



5. "მოლი მალოუნი" - დუბლინი, ირლანდია


image


დუბლინის დედაქალაქში, საფოლკის ქუჩაზე შეგიძლიათ ამ მომხიბვლელი ქალბატონის ქანდაკება იპოვოთ. ის თავისი ჩვეული ადგილიდან გრაფტონის ქუჩაზე იქნა გადატანილი, ზოგიერთი ძველი შენობის დანგრევისა და ქალაქში დაწყებული ახალი მშენებლობების გამო, თუმცა მდებარეობის ამ უმნიშვნელო ცვლილებას ქანდაკების მიმართ ტურისტების ინტერესის კლებაზე გავლენა არ მოუხდენია. ისტორიის თანახმად, ეს გოგონა ან მეძავი ან მეთევზე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს სიმღერა მოლის შესახებ ირლანდიის ერთ-ერთ არაოფიციალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო ტურისტებს მისი ქანდაკების მკერდზე შეხება განსაკუთრებით ხიბლავთ.



6. "ადამი" - ნიუ-იორკი, აშშ


image


ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრ "The Shops at Columbus Circle"-ის პირველ სართულზე შეგიძლიათ ტურისტების მიერ ზედმეტი შეხებისგან გადაპრიალებული "ადამის" დიდი ზომის ქანდაკება იხილოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის არის რომ მის "ღირსებას" არანაირი ლეგენდა არ უკავშირდება.





7. "იუ დიდის ცოლი" - უჰანი, ჩინეთი


image


ეს ქმრისა და მაჭანკლის გარემოცვაში იუ დიდის მეუღლის ქანდაკებაა. იუ დიდი ჩინეთის პირველი დინასტიის დამაარსებელი გახლდათ. მოქანდაკემ გოგონას გაურკვეველი მიზეზების გამო, ცალი მკერდი მოუშიშვლა, თუმცა ადვილი მისახვედრია უჰანში ჩასული ტურისტები ქანდაკების რომელ ნაწილს ეხებიან ყველაზე ხშირად. ადგილობრივი ხელისუფლება სტუმრების ქცევით უკმაყოფილოა და აცხადებს რომ ასეთი ქცევა ჩინური კულტურის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა.



8. "ჯულიეტა" - მიუნხენი, გერმანია


image


ამ ულამაზესი ბავარიული ქალაქის ცენტრში შეგიძლიათ მშვენიერი ქალბატონის ეს ქანდაკება იპოვოთ. სკულპტურას, შექსპირის ცნობილი სიყვარულის ისტორიის პერსონაჟის მიხედვით - "ჯულიეტა" ეწოდა. აღნიშნული ქანდაკება ვერონას ხელისუფლებამ მიუნხენს უსახსოვრა. იტალიის ქალაქ ვერონაში, ვია კაპელოს 23-ში მდებარე ჯულიეტას სახლის ეზოში მდგარი ამავე სახელწოდების ქანდაკება იმით არის ცნობილი რომ მარადიულ სიყვარულზე მეოცნებე ტურისტები მის მკერდს ეხებიან, თუმცა მიუნხენის ცენტრში მდგომ "ჯულიეტას" ქანდაკებას სხვა ტრადიცია უკავშირდება, კერძოდ, მას ხელში ყვავილები უნდა დაუტოვოთ, თუმცა თუ სკულპტურის "მოპრიალებული" ცალი მკერდის მიხედვით ვიმსჯელებთ, მის "ღირსებაზე" შეხებას არც ადგილობრივები უნდა თაკილობდნენ.



9. "ანდრაშ ჰადიკი" - ბუდაპეშტი, უნგრეთი


image


ანდრაშ ჰადიკი - ცნობილი უნგრელი ოფიცერი გახლდათ. ფაქტობრივად, მას ავსტრია-უნგრეთის არმიაში შვიდწლიანი ომის დროს უმაღლესი წოდება (ფელდმარშალი) ეკავა. 1937 წელს ბუდაპეშტში მის პატივსაცემად ქანდაკების დადგმა ერთ - ერთ ბორცვზე მდებარე ცნობილი მატიასის ეკლესიის გვერდით გადაწყვიტეს, რომელიც მთელს ქალაქს გადაჰყურებს. ცხენზე ამხედრებული "ანდრაშ ჰადიკის" ქანდაკება ბრძოლაში სიმამაცისა და გამბედაობის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო, თუმცა ცხენს ისევე როგორც "უოლ - სტრიტის ხარს", საკმაოდ გამორჩეული სათესლე ჯირკვლები აქვს, რომელიც ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ტრადიციის თანახმად კი, ადგილობრივი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდების წინ იღბლიანი ბილეთის ამოღების იმედით ცხენის "ღირსებებს" ყოველთვის ეხებიან.




10. "ხესინდანის პარკი" - სამჩჰოკი, სამხრეთ კორეა


image


ათეულის ბოლო პუნქტი - მამაკაცის სასქესო ორგანოების ქანდაკებებით სავსე პარკია. ისტორიული სკულპტურებისგან განსხვავებით, სადაც ლეგენდის თანახმად წარმატების მოსაზიდად მათ ხელით უნდა შეეხოთ, ამ პარკში ყველაფერი პირიქითაა. აქ ადამიანებს ფაქტობრივად ექსპონატებთან ურთიერთობა უწევთ. ხესინდანი ძველი ლეგენდის შედეგად დაიბადა. ოდესღაც აქ ცხოვრობდა ერთი ქალწული, რომელიც ცოლად საყვარელ ადამიანს უნდა გაჰყოლოდა, თუმცა გოგონა ზღვაში მოქცევის დროს დაიღუპა, ამის შემდეგ სოფელში მეთევზეები თევზს ვეღარ იჭერდნენ, ხალხმა იმის დაჯერება დაიწყო, რომ ისინი დაწყევლილები იყვნენ, მაგრამ ერთ დღესაც ერთ-ერთმა მეთევზემ ზღვაში მოშარდა და თევზი კვლავ დაბრუნდა, ამიტომ ადგილობრივებმა ეს ერთგვარ მინიშნებად ჩათვალეს და ნაპირზე მამაკაცის სასქესო ორგანოების ქანდაკებები აღმართეს. დღეს, ამ ადგილას მთელი პარკია გაშენებული. სამხრეთ კორეაში მდებარე ეს უჩველო ადგილი როგორც კორეელებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც ერთ - ერთ გამორჩეულ და საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. პარკში წარმოდგენილი ყველა ქანდაკება ქვისგან და ხისგან არის დამზადებული.

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
249