x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა 24 ათასი წლის წინათ გაყინული ცხოველი გააცოცხლეს
ეს ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ჩვენ უკვე ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ხშირად რაც ფანტასტიკა იყო გუშინ, დღეს რეალობაა; მეცნიერებმა ციმბირის პერმული ტყის ნამარხებიდან ნიადაგის ნიმუში აიღეს, რომელიც 24, 000 წლის მანძილზე გაყინული იყო. გალხობის შემდეგ იქ მცხოვრები მრავალუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც როტიფერა ეწოდება, გაცოცხლდა და არსებობა ჩვეულებრივ დაიწყო, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ამის შესახებ ჟურნალი “Current Biology" იტყობინება.


როტიფერა ზომით ნახევარ მილიმეტრამდე სიდიდის მრავალუჯრედიანი ცხოველია. ამიტომ მისი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით გაგიჭირდებათ. დედამიწაზე ამ ცხოველის 2000-მდე სახეობა არსებობს და ისინი ძალიან გამძლეებად არიან მიჩნეულები. როტიფერები წყალში ცხოვრობენ და მიკროსკოპული მღიერებითა და პლანქტონით იკვებებიან. ისინი ნამდვილი ჩემპიონები არიან თავის გადარჩენის საქმეში. ექსტრემალური სიმშრალე, შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდები, ჟანგბადის ნაკლებობა და სიცივე - როტიფერები შესანიშნავად უძლებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ბევრი მეცნიერისთვისაც კი, ვინც ამ ცხოველებს იკვლევს, სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ყოჩაღ არსებებს მთელი 24, 000 წელიწადი შეეძლოთ ყინულში გაძლება! ეს მათთვისაც დიდ სენსაციად იქცა.


აშკარაა, რომ როტიფერა ფლობს მექანიზმს, რომლის მეშვეობით გაყინვის დროს მისი უჯრედები თავს იცავენ დაზიანებისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რთული აგებულების მრავალუჯრედოვან არსებებს ნამდვილად შეუძლიათ გაყინულ მდგომარეობაში დიდი ხნის მანძილზე გაძლება, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორების ოცნებაა.


ამჟამად მეცნიერები ცდილობენ მეტი შეიტყონ როტიფერას იმ ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ, რომელთა მეშვეობით ცხოველმა 24, 000 წლის მანძილზე გაყინულ მდგომარეობაში მოახერხა არსებობა. ისინი იმედოვნებენ ამ ყოველივეს დახმარებით მეთოდების შემუშავებას და პრეპარატების დამზადებას, რომელთა გამოყენების შედეგად ადამიანის ცალკეულ ორგანოებს ან მთლიანად ადამიანს დიდი ხნის მანძილზე გაყინავენ.



როტიფერა

0
598
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0