x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სენსაცია: მეცნიერებმა უკვდავი მედუზას საიდუმლო ამოხსნეს
მარადიულ ახალგაზრდობაზე კაცობრიობა ოდითგანვე ოცნებობს. ქართველებს უამრავი ზღაპარი გვაქვს, სადაც უკვდავების და მარადიული სილამაზის წყარო ფიგურირებს. თუმცა როგორც უკვდავება, ასევე მარადიული ახალგაზრდობა კაცობრიობისთვის ჯერაც მიუღწეველ ოცნებად რჩება, მაგრამ ის, რაც მიუღწეველი ოცნებაა ადამიანებისთვის, ყოველდღიურობაა მედუზა Turritopsis dohrnii-სთვის, რომელიც არც არასოდეს ბერდება და არც კვდება.


მალიორკას სანაპიროებთან მობინადრე ეს მედუზა ბიოლოგიური თვალსაზრისით უკვდავია და საკუთარი თავის გაახალგაზრდავების უნარს არასოდეს კარგავს, თუმცა დღემდე არავინ იცოდა, თუ როგორ ახერხებდა ის ამას. მაგრამ ესპანელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ მოახერხეს ამის გარკვევა.


აღმოჩენა ოვიედას უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოახდინეს, რომლებიც წლებია, ბუნების ამ 4-მილიმეტრიან საოცრებას სწავლობენ. მეცნიერებმა როგორც იქნა, მოახერხეს მედუზას გენების სეკვენცირება, რის შემდეგაც ორი თითქმის იდენტური მედუზას - Turritopsis dohrnii-ს და Turritopsis rubra-ს გენები ერთმანეთს შეადარეს. პირველი აქედან უკვდავია, ხოლო მეორე - არა.


სწორედ ეს აინტერესებდათ მეცნიერებს. მათ სურდათ, ამოეხსნათ, თუ რაში მდგომარეობდა უკვდავი მედუზას განსაკუთრებულობა.



როგორც აღმოჩნდა, უკვდავი მედუზა ძალიან დიდი რაოდენობით გენებს ფლობს, რომელთა მეშვეობითაც DNA-ს “შეკეთებაა” შესაძლებელი. სწორედ ეს გენები იცავენ Turritopsis dohrnii-ს ოქსიდაციური სტრესისგან - წონასწორობის დარღვევისგან ნივთიერებათა ცვლის სისტემაში, რასაც უჯრედის დაზიანება და მისი რეგენერაციული ფუნქციების შესუსტება შეუძლია, რაც საბოლოოდ სიბერის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.


სწორედ ამ გენების წყალობით Turritopsis dohrnii-ს შესწევს უნარი, მუდმივად გაახალგაზრდავდეს, მიაღწიოს “ბავშვობის” ასაკს, შემდეგ ხელახლა დაბერდეს და ასე უსასრულოდ. ამრიგად, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ გახლავთ.


ასე და ამგვარად, ის, რასაც აკაკი წერეთელი თავისი ავტობიოგრაფიის დასაწყისში ამბობს, რომ ყველა არსება იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება, თურმე სიმართლე არ ყოფილა. თურმე აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენს დროშივე არსებობენ უკვდავი არსებები და ჩვენ სამყაროს შეცვლა შეგვიძლია მათზე დაკვირვების შედეგად.


მედუზა

0
553
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0