x
მეტი
  • 03.12.2022
  • სტატია:124067
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496661
„მამილო დენკე”: მიუნსტერბერგელი კაციჭამია და მისი შემზარავი საქმეები
მსოფლიოში ბევრი საზარელი მანიაკი და კაციჭამია არსებობდა და არსებობს დღესაც (მაგ. ვლადიმერ პუტინი), მაგრამ მიუნსტერბერგელი კარლ დენკე მათ შორის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ისტორიები იმდენად თავზარდამცემია, რომ დღემდე შეუძლებელია უემოციოდ იმის გაცნობიერება, თუ რა ჩაიდინა მან საუკუნეზე მეტი ხნის წინათ.


დენკე


არადა, მუდმივად სიტყვაძუნწ დენკეს მეზობლები ძალიან დადებითად ახასიათებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის “ქველმოქმედი” იყო და ღარიბ ადამიანებს ეხმარებოდა. თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ “მამილო დენკე” (როგორც ისინი მიუნსტერბერგელ კაციჭამიას უწოდებდნენ) 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ხოცავდა და ჭამდა მაწანწალებს და მოხეტიალე მუშებს, რომლებიც მასთან დახმარების სათხოვნელად მიდიოდნენ.


1924 წელია. შობის წინა სამზადისი. დენკეს ბინიდან ყვირილით გამორბის ვინსენტ ოლივერი - მოხეტიალე მუშა, რომელსაც საფეთქელზე რვა სანტიმეტრის სიგრძის ჭრილობა აქვს. ამტკიცებს, რომ ეს ჭრილობა მას დენკემ მიაყენა. მეზობლებს მისი ერთი სიტყვაც არ სჯერათ. მიხეტიალე მუშას თავდაპირველად არ დაუჯერა არც პოლიციამ (მითუმეტეს, რომ მას შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რაც ის მაწანწალობის და მათხოვრობის გამო დააპატიმრეს). “მამილო დენკე, ” როგორც მას მეზობლები უწოდებდნენ (ეს სახელი კაციჭამიას იმის გამო შეარქვეს, რომ მას მოჩვენებითად მუდმივად ჰქონდა დახმარების ხელი გაწვდილი ყველასთვის, ვინც მის თანადგომას საჭიროებდა), თითქოს იოლად უნდა დასძვრომოდა პასუხისმგებლობას. პოლიციას ის თავდაპირველად არც კი დაუკითხავს. თუმცა კანიბალი ბოლოს მაინც დაიჭირეს, რადგან ვინსენტ ოლივერი ამას დაჟინებით მოითხოვდა და სანამ დენკეს დააპატიმრებდნენ, პოლიციის განყოფილებიდან ფეხს არ იცვლიდა.



იმისათვის, რათა ხორცი მუდმივად ჰქონოდა, დენკე მაწანწალებს და სეზონურ მუშებს თავის მოკრძალებულ ბინაში ეპატიჟებოდა. იქ კაციჭამია მსხვერპლს ჯერ მსუყე სადილს აჭმევდა, ხოლო შემდეგ სთავაზობდა წერილის დაწერას, რისთვისაც გასამრჯელოდ 20 პფენინგს ჰპირდებოდა. ამის შემდეგ წერაში გართულ მსხვერპლს უკნიდან უვლიდა და კისერში მთელი ძალით ურტყამდა ალესილ ნაჯახს, რის შემდეგაც მსხვერპლს ხერხის და დანების გამოყენებით ანაწევრებდა. მოგვიანებით ხორცს იქვე, საწოლის გვერდით მდგარ კასრში ამარილებდა. პოლიციამ დამარილებული ხორცის გარდა გარკვეული ხნის შემდეგ ასევე აღმოაჩინა მიუნსტერბერგელი კანიბალის მიერ შეგროვებული 480 ძვალი, 420 კბილი და ტანსაცმლის ნარჩენები, რომლებიც დენკეს მსხვერპლებს ეკუთვნოდათ და რომლებსაც კაციჭამია ნადავლის სახით ინახავდა.


დენკე


თავად დენკე არსად არ მუშაობდა. მისი საქმიანობის ერთადერთი სფერო კალათების დაწვნა იყო. ის წნავდა კალათებს, რომლებსაც შემდეგ ბაზარში ყიდდა, თუმცა საკუთარი საქმიანობით ხშირად პურის ფულსაც კი ვერ შოულობდა, რის მიუხედავადაც კალორიების ნაკლებობას არ უჩიოდა და არც მისი დაჟინჟღილებული სახე მეტყველებდა იმაზე, რომ ასე ცოტას გამოიმუშავებდა…


1903-1924 წლებში დენკემ სულ მცირე 30 ადამიანი მოკლა და შეჭამა. ამ ყოველივეს დენკე თავად აღწერდა და მის მიერვე შედგენილ სიას მსხვერპლთა სახელებს, გვარებს, წონას და სხვა დეტალებსაც ურთავდა.


დენკეს მსხვერპლთა უმრავლესობა მამაკაცი იყო, თუმცა კანიბალი არც ქალების ხორცზე ამბობდა უარს და ოთხი ქალიც გაუყენა იმ გზას, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან.


ვინსენტ ოლივერის გაქცევიდან მეორე დღეს დენკე პილიციამ აიყვანა, როგორც უკვე ვთქვით, დაზარალებულის დაჟინების გამო. ოლივერმა მოგვიანებით პოლიციის ოფიცრებს აუხსნა, რომ ის მეზობლებმა “მამილო დენკესთან” გაგზავნეს, რომელიც თავისი “კეთილი გულით” მთელ იმ არემარეში იყო ცნობილი. სასოწარკვეთილ კაცს, რომელიც კარდაკარ დადიოდა და უშედეგოდ ეძებდა რაიმე სამუშაოს, რათა თავი შიმშილით სიკვდილისგან გადაერჩინა, ხალხმა უთხრა, რომ დენკე მას აუცილებლად დაეხმარებოდა.


დენკემ ოლივერი მართლაც ჩვეულებრივ ასადილა ხორციანი კერძით, ხოლო შემდეგ ასევე ჩვეულებრივ უთხრა, 20 პფენინგს გადაგიხდი, თუ ტექსტს დამიწერო და მისგან ზურგშექცევით დადგა, რათა ვითომ სიტყვები ეკარნახა, სინამდვილეში კი სურდა, მოხეტიალე მუშისთვის თავი მოეჭრა. ოლივერი იმან გადაარჩინა, რომ დენკემ უცნაური რაღაც უკარნახა. “ადოლფ, შე სქელო სტომაქო, ” უკარნახა დენკემ ოლივერს. ამ სიტყვებზე მაწანწალა დენკესკენ შებრუნდა, ფრაზა შეცდომით ხომ არ მომესმაო და ამ შებრუნებით დენკეს მიერ მოქნეული ნაჯახი მას ასცდა. ნაჯახმა მხოლოდ საფეთქელი გადაუჭრა, მაგრამ ცოცხალი დატოვა.


დენკე კალათებსაც ნაწილობრივ ადამიანის ტყავისგან ამზადებდა. მის მიერ დაწნულ კალათებში მოგვიანებით გამოძიებამ ადამიანის ტყავის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ადამიანის ტყავისგან აღმოჩნდა დამზადებული ასევე ქამარიც, რომელიც მანიაკს წელზე ერტყა.


მოპოვებული ხორცის ნაწილს დენკე ამარილებდა, ნაწილს კი ბრესლაუს ბაზარში ყიდდა. მისი პატარა ბინა მთლიანად ადამიანის სისხლით იყო მოსვრილი და ადამიანისავე ძვლებით სავსე.


დენკეს ადამიანის სისხლი ხშირად გამოჰქონდა და ბაღში ღვრიდა. ღამღამობით მისი სახლიდან ხშირად ისმოდა ხერხის მუშაობის ხმა, თუმცა მეზობლებში ეს ყველაფერი არანაირ ეჭვს არ აღძრავდა. ომის წლებშიც და მოგვიანებით, ომის შემდეგაც, შიმშილობის საშინელ პერიოდში, გერმანიაში ჩვეულებრივი ამბავი იყო მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მათი დახოცვა. ამას ხალხი თავის გადარჩენის მიზნით აკეთებდა. ამიტომ მეზობლები ფიქრობდნენ, რომ დენკეც მათსავით მაწანწალა ძაღლების დახოცვით იყო დაკავებული და სისხლი, რომელსაც ის ბაღში ღვრიდა, ძაღლების სისხლი იყო.


არავინ იცის, თუ რატომ გახდა “მამილო დენკე” კაციჭამია. 1903 წელს, როცა მან ადამიანების ხოცვა დაიწყო, გერმანიაში სამუშაოც იშოვებოდა და არც შიმშილობა იყო ჩამოვარდნილი. საკუთარი ჯოჯოხეთური საქმიანობის მოტივების საიდუმლო მიუნსტერბერგელმა კანიბალმა საფლავში წაიღო. დაკავებიდან მეორე დღეს მან საკანში ზონარის და ცხვირსახოცის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.

4
504
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
504
  
6 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ოქტომბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

1 ოქტომბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

30 სექტემბერი, 1:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4