x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ექიმებმა პაციენტს 3D პრინტერზე დაბეჭდილი ყური გადაუნერგეს
კომპანია 3DBio Therapeutics-ის მეცნიერთა ჯგუფმა ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით გადაუნერგა 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი ყური, რომელიც დამზადებულია პაციენტისავე უჯრედებისგან. ამის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსი” იუწყება.


ეს შემთხვევა უპრეცედენტოა ბიოქსოვილთა ინჟინერიის სფეროში და ექსპერტების აზრით ის შეიძლება რეგენერაციული მედიცინის ახალი ეპოქის დასაწყისადაც კი იქცეს.


"ეს ნამდვილად დიდი საქმეა“, - განუცხადა NYT-ს კარნეგი მელონის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მკვლევარმა ადამ ფაინბერგმა, რომელიც პროექტში იყო ჩართული.


პაციენტი, 20 წლის გოგონა, დაიბადა პატარა და არასწორად ჩამოყალიბებული ყურით იშვიათი თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლის გამო, რომელსაც მიკროტია ეწოდება.



ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ექსპერტებმა 3D პრინტერით დაბეჭდეს ახალი ყური, რომელიც სრულყოფილად შეესაბამებოდა პაციენტის მეორე ყურს და წარმატებით გადანერგეს ის.


კომპანიის თქმით, ყური გააგრძელებს ზრდას და წარმოქმნის ახალ ხრტილოვან ქსოვილებს.


NYT-ის ცნობით, ცდამ შეიძლება გამოავლინოს პირველი შემთხვევა, როდესაც ცოცხალი ქსოვილებისგან დამზადებული 3D პრინტიანი იმპლანტი წარმატებით იქნა გადანერგილი ადამიანის სხეულზე.


კომპანიამ გამოიყენა პაციენტისგან მოპოვებული უჯრედების ნახევარი გრამი და აღმოაცენა ისინი მილიარდობით უჯრედად სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით. ყურის დასაბეჭდად კი საგანგებოდ შექმნილმა 3D პრინტერმა კოლაგენზე დაფუძნებული, ეგრეთ წოდებული „ბიო-მელნი“ გამოიყენა.


ქირურგი არტურო ბონილა, რომელმაც პროცედურა ჩაატარა, შთაბეჭდილების ქვეშაა:


„როგორც ექიმი, რომელიც მკურნალობდა მიკროტიით დაავადებულ ათასობით ბავშვს მთელი ქვეყნიდან და მთელი მსოფლიოდან, მე შთაგონებული ვარ იმით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ტექნოლოგია მსგავსი პაციენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - თქვა მან საკუთარ განცხადებაში.


„ეს კვლევა საშუალებას მოგვცემს, გამოვიკვლიოთ ყურის რეკონსტრუქციის ამ ახალი პროცედურის უსაფრთხოება და ესთეტიკური მახასიათებლები პაციენტის ხრტილოვანი უჯრედების გამოყენებით“, - დასძინა ბონილამ.


3DBio Therapeutics-ის მეცნიერები ახლა იმედოვნებენ, რომ გამოიყენებენ იგივე ტექნიკას სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხერხემლის მალებსა და ცხვირებზე.


თუმცა, სხეულის უფრო რთული ნაწილების დაბეჭდვა, როგორიცაა შინაგანი ორგანოები, ბევრად უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე ყურის, რომელსაც ბუნებისგან წმინდა კოსმეტიკური დანიშნულება აქვს მინიჭებული. ამიტომ მეცნიერებს ეს ჯერჯერობით არ შეუძლიათ, თუმცა იმედს არ კარგავენ, რომ მომავალში მსგავსი პროცედურის ჩატარებაც შესაძლებელი გახდება.


ყური

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0