x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"არადა, შანსი მივეცი, ჩემთან ერთად ეტირა ჩემი მკვდარი, ჩემთან ერთად ეტირა ჩემი სოხუმი, ჩემი დაბომბილი გორი" - თამო კეშელავა

image

ჟურნალისტი თამო კეშელავა თბილისში, ქუჩაში შემთხვევით გაცნობილ რუსეთის მოქალაქესთან გამართული დიალოგის შინაარსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:


"ქალმა გამაჩერა დღეს ქუჩაში, გზა მკითხა, მარტო იყო, მიყვარს თბილისის ქუჩებში სიარულიო.
მოსკოველი ვარ და ადრე სიამაყით ვამბობდი, რომ მოსკოველი ვარ და ახლა ვეღარ ვამბობ სიამაყითო.
ჩემმა შვილმა წელს დაამთავრა სკოლა და საქართველოში წამოვიდა, აქ დაიწყო სწავლა ერთ უნივერსიტეტში, ქართული ჯერ არ იცის, რუსულ ენაზე სწავლობს, რა კარგად გამოასწრო მობილიზაციას, ხომ დავიღუპებოდიო. ეს რას აკეთებს, გიჟი პუტინი, ავადმყოფია და ვისაც ეს არ ესმის, იმ რუსთან ურთიერთობას ვწყვეტო. მობილიზაცია რომ გამოცხადდა, საქართველოს საზღვართან კილომეტრიანი რიგებია, გამოვრბივართო. ყველას ვუხსნი, რომ ომი ტირი არაა, ისროლო და წამოხვიდე, ჩვენ დავიწყეთ ეს ომი და ჩვენ შვილებსაც დახოცავენ, თუმცა, ზოგს ვერ ვაგებინებ, მართალი ინფორმაციის ნაკლებობაა რუსეთში, თუმცა, თქვენ, ქართველებმა, უნდა იცოდეთ, რომ ყველა რუსი ერთნაირი არააო და შოკოლადი მომაწოდა ერთი ხელით და მეორე ხელით ცრემლი მოიწმინდა ღაწვიდან.
აქამდე რატომ მიიყვანეთ თქო, ვკითხე და არ ვიციო.
მოვუყევი 2008 წლის ომზე და ხომ ხედავ რა პატარა ქვეყანა ვართ, თქვენთან შედარებით, მაგრამ ჩვენი ბიჭები ისე გმირულად იბრძოდნენ ჩვენი მიწის და ჩვენი სახლების დასაცავად, რომ რუსეთმა ჩვეული ტაქტიკა გამოიყენა და გამიზნულად დაიწყო გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, იქ, სადაც ბრძოლის ხაზი არ იყო, ზურგში დაიწყო ქართველი ბავშვების დახოცვა, რომ წინა ხაზზე ამ ბავშვების მამები გაეჩერებია-თქო...
არ ვიცი, ჩვენთან ხომ სოც. ქსელები გათიშულიაო:)
2008 წელს მოხდა-თქო...
მხრები აიჩეჩა...
მოვუყევი გაუპატიურებულ და მოკლულ ბავშვებზე სოხუმში, ცოცხალ დამწვარ მოხუცებზე, მოვუყევი როგორ მისდევდნენ ქუჩებში მოხუცებს და ზედ უვლიდნენ, როგორ ყრიდნენ ცხედრებს ქუჩებში...
ჩემ გვერდით აღარ იდგა, როგორც მაშინ, როცა ახლოს მოვიდა და მიმტკიცებდა, რომ ყველა რუსი ერთნაირი არ არის, ორი ნაბიჯით უკან დაიხია...
ვკითხე, სად იყვნენ მაშინ როცა ქართველებს ხოცავდნენ...
მითხრა, გუშინ მცხეთაში ვიყავი და რომ ვუყურებდი მცხეთას, ვფიქრობდი, რა მაგარი ხალხი ხართ, მონად არავის დაუდექით, ჩვენი ხალხი კი პუტინს დაემონაო.
ეჰ, სად იყო პუტინი, ქართველებს რომ გვხოცავდით-თქო! უცნაური ისაა, რომ თქვენივე ოკუპირებულ ქვეყანაში გინდათ თქვენივე ქვეყნის დაწყებული ომი გადააგოროთ ჩვენ ხარჯზე და ისიც არ გინდათ აღიაროთ, რომ 2008 წელს და მანამდე, ქართველების დახოცვა არ გადარდებდათთქო.
ბოდიშიო.
გინდათ, დაბომბილი გორის ფოტოები გაჩვენოთ-თქო?
ბოდიშიო და კიდევ ორი ნაბიჯით დაიხია უკან, წავალო...
წადი-თქო.
რომ შეტრიალდა, შვებით ამოისუნთქა, მგონია...
არადა, შანსი მივეცი, ჩემთან ერთად ეტირა ჩემი მკვდარი, ჩემთან ერთად ეტირა ჩემი სოხუმი, ჩემი დაბომბილი გორი, შანსი მივეცი, ჩვენი გაუპატიურებული, დაჩეხილი, ცოცხლად დამწვარი შვილებიც ეტირა და არა მხოლოდ მისი ცოცხალი შვილი... კი, მხოლოდ იმის წარმოდგენისას იტირა, რომ შეიძლებოდა პუტინს მისი შვილი წაეყვანა ომში და მოეკლა... საშუალება მივეცი დაემტკიცებია, რომ ყველა რუსი ერთნაირი არაა...
წავა ახლა, გადმოაგდებს ცრემლს ასე სხვასთანაც, ვიღაც დაიჯერებს, ვიღაც - არა და მეორე მხრივ, მართალია, დღეს ყველა რუსი ერთნაირი არაა, დღეს ორი რუსია, ერთი მოკვდება პუტინის გამო და მეორეს არ სურს პუტინის გამო სიკვდილი - სულ ესაა განსხვავება, მეტი არაფერი, მეტი ვერაფერი ატოკებს მათ სულებს."
0
137
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0