x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134378
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
რა ღირს ერთი შევარდენი და ვინ უკეთებს პედიკურს ამ ფრინველებს ყატარში?
ყატარი ახლო აღმოსავლეთში მდებარე პატარა, მაგრამ უმდიდრესი სახელმწიფოა, ნავთობის და გაზის უდიდესი მარაგებით, რომელსაც ამირა მართავს. ეს ქვეყანა ცნობილია უამრავი უცნაური ტრადიციით და ასევე რამდენიმე უცნაური პროფესიითაც. ერთ-ერთი ასეთი პროფესიაა შევარდნების ექიმი, რომელიც ყატარში ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ და საპატიო პროფესიად არის მიჩნეული, რადგან ამ აღმოსავლურ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ოჯახი, საკუთარი შევარდენი რომ არ ჰყავდეს და მისი გამორჩეულობით რომ არ ამაყობდეს.


შევარდენი


შევარდნების მოთვინიერებას ყატარის ტერიტორიაზე 5000 წლის ტრადიცია აქვს. აღნიშნულ ფრინველებს ბედუინები უძველეს დროში სანადიროდ იყენებდნენ. დღესაც ყატარში სპორტის ეს სახეობა უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყატარის დედაქალაქ დოჰას ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, სოუქ ვაქიფში შევარდნების სპეციალური ბაზრობა და თქვენ წარმოიდგინეთ, საავადმყოფოც კი არსებობს. აქ შევარდნების ფასი 5000 ყატარული რიალიდან (3340 ლარი) იწყება და ხანდახან მილიონ რიალამდეც (669, 000 ლარი) კი აღწევს.


შევარდენი



განსაკუთრებულ შევარდნებს ყატარში პასპორტებს აძლევენ და მათი ქვეყნიდან გაყვანა საგანგებოდ კონტროლდება. საზღვარგარეთ გაყვანილ ფრინველს ფეხზე სპეციალური რგოლი უმაგრდება, სადაც პატრონის ტელეფონის ნომერია მითითებული.


შევარდენი


სოუქ ვაქიფის შევარდნების ჰოსპიტალს ყატარში ფრთების საკუთარი ბანკიც კი აქვს, სადაც ორთოპედიულ ქირურგიას ფრინველებს საუკეთესო სპეციალისტები უტარებენ, რათა დაზიანებულმა ფრთამ მტაცებელს ნადირობაში პრობლემა არ შეუქმნას. ფრინველებს ამავე საავადმყოფოს უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენი და როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე ტოქსიკოლოგიური კვლევებიც. 30 ექიმი და უამრავი უმცროსი მედმუშაკი დღედაღამ თავზე დასტრიალებს შევარდნებს. ისინი ცდილობენ, ფრინველები ყველა შესაძლო დაავადებისგან განკურნონ.


შევარდენი


მაგრამ ფრინველებს სოუქ ვაქიფის საავადმყოფოში არამხოლოდ მკურნალობენ, არამედ ლამაზ პედიკურსაც კი უკეთებენ მედიცინის დამსახურებული მუშაკები.


ავიაკომპანია “ყატარის ავიახაზები” შევარდნების მეპატრონეებს მათი საყვარელი ფრინველებისთვის სპეციალურ სავარძლებსაც სთავაზობს, თანაც ხშირად პირველ კლასში. თუმცა ფრინველზე მორგებული განსაკუთრებული მენიუს შერჩევა ეკონომ კლასშიც არის შესაძლებელი, სადაც შევარდნის სავარძლის ფასი 115-დან 630 დოლარამდე მერყეობს.


საავადმყოფო

1
199
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
199
  
2022, 23 სექტემბერი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1