x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მზის აღსასრული - როდის გადასანსლავს ჩვენი მნათობი დედამიწას?
ეს ყველაფერი სამყაროს აღსასრულის შესახებ სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის საშინელ სცენარს ჰგავს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: თვით ჩვენი მნათობი მზეც კი გასაქრობად არის განწირული! ის თანდათან გაიზრდება, სულ უფრო გაცხელდება და სულ უფრო წითელი გახდება, ბოლოს კი გადასანსლავს ჯერ მერკურის, შემდეგ ვენერას და დედამიწას, ბოლო ეტაპზე კი - მარსსაც.


მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დღეს და ხვალ არ მოხდება. 3, 5 მილიარდი წელი - ეს არის დრო, რაც მზის ზედაპირის იმ დონემდე გაციებისთვის არის საჭირო, რათა მან გაფართოება დაიწყოს.


ეს კატასტროფული სცენარი და ის, თუ რა ემუქრება მზეს და მასთან ერთად დედამიწას, დიდი ხანია, ცნობილია, თუმცა აქამდე ცნობილი არ იყო თარიღები. ტელესკოპ გაიას მეშვეობით სწორედ თარიღების გარკვევა გახდა შესაძლებელი.


ტელესკოპი გაია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ERA) სატელიტური ტელესკოპია, რომელიც 2014 წლიდან დედამიწის გაშემო ბრუნავს და რომელიც სხვადასხვა ციურ სხეულებს აკვირდება.



იმისათვის, რათა მზის მომავალი შეიმეცნონ, ასტრონომებს მის მსგავს სხვა ციურ სხეულებზე დაკვირვება სჭირდებათ, რომლებიც ევოლუციის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებიან. სწორედ ამას ახორციელებს გაია - ის აკვირდება მასით და ქიმიური შემადგენლობით მზის იდენტურ აურაცხელ ვარსკვლავს, რომლების განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადიან.


რაც მეტ მონაცემს შეაგროვებს გაია, მით უკეთესი იმისათვის, რათა გავარკვიოთ, თუ როგორი მომავალი ელოდება მზეს და დედამიწას.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ზედაპირის ტემპერატურა მაქსიმუმს მაშინ მიაღწევს, როცა ჩვენი მნათობი 8 მილიარდი წლის გახდება. ამ პერიოდში მზის ზედაპირის ტემპერატურა 6045 გრადუსი იქნება, რაც 20 გრადუსით მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე.


ამის შემდეგ მზის ზედაპირი გაციებას დაიწყებს. მზე თანდათან გაფართოვდება, წითელ ფერს მიიღებს და მერკურის, ვენერას, დედამიწას და მარსს გადასანსლავს, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენი მნათობი 11 მილიარდი წლის გახდება და წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის ბირთვულ რეაქციას საბოლოოდ დაასრულებს, ის დედამიწის ზომის ჯუჯა ვარსკვლავი გახდება, რომელიც მილიარდობით წლის მანძილზე ნელ-ნელა გაცივდება. ამის შემდეგ იმ მანძილიდან, სადაც ახლა დედამიწა იმყოფება, მზე ისეთივე სინათლის გამოცემას შეძლებს, როგორსაც დღეს მთვარე გვაძლევს უღრუბლო ღამეში.


მეცნიერები არამხოლოდ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მზის მსგავს ვარსკვლავებს აკვირდებიან, არამედ ამჟამად მათი ინტენსიური შესწავლის ობიექტებს წარმოადგენს ასევე ჩვენი გალაქტიკის 5883 ვარსკვლავი, რომლებიც მზეს ძალიან ჰგვანან. მათზე დაკვირვებამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, ყველა ეს ვარსკვლავი ისეთივე თვისებების მატარებელია, როგორიც მზეს გააჩნია თუ არსებობს ჩვენი მშობლიური მნათობის ის განსაკუთრებული თვისებები, რამაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას შეუწყო ხელი.


მზე

1
776
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
776
  
2022, 23 სექტემბერი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1