x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მოდის სამყაროში საკულტო ნივთების შექმნის ისტორია

image


სწრაფი მოდის კონცეფცია ფართოდ განიხილება, როგორც საკმაოდ ახალი შეხედულებათა სისტემა, რომელიც შექმნილია ისეთი ბრენდების მიერ, როგორიცაა მაგალითად "Zara", რომელსაც შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად ტენდენციების რეკორდული სიჩქარით გაყიდვა. თანამედროვე "სწრაფი მოდა" ძალიან ცვალებადია, მაგრამ არის რაღაცეები, რომლებიც ყოველთვის მოდური იქნება. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ გარდერობის ისეთი შეუცვლელი, საკულტო ნივთების შექმნის ისტორიის შესახებ, რომლებმაც მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს.




ჯინსი


image


მე-17 საუკუნეში გენუიდან ბრეზენტის ქსოვილის ტრანსპორტირება დაიწყეს, რომელმაც "ჯენესის" სახელწოდება მიიღო. მე-19 საუკუნის ბოლოს, მეწარმე ლივაი სტრაუსი, მუშებისთვის ჯიბეებიანი და უბრეტელო კომბინიზონების წარმოების პატენტის მფლობელი გახდა. ამგვარად, ჯინსი კოვბოების, მტვირთავებისა და ოქროს მაძიებელთა საყვარელ სამოსად იქცა. დღეს, კი მან მთელი მსოფლიოს სიყვარული მოიპოვა. მეტიც, კომპანია ლივაი - "Levi's"-ი დღემდე არსებობს.






მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი


image


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მე-17 საუკუნემდე ქუსლებიანი ფეხსაცმელი მხოლოდ მამაკაცის გარდერობის შემადგენელი ნაწილი იყო. შუა საუკუნეების ევროპაში დიდი, ხისძირებინი ფეხსაცმელები ეცვათ, რათა ჭუჭყისა და სიბინძურის გამო ის ძალიან არ დასვრილიყო. მე-14 საუკუნეში ქუსლიან ფეხსაცმელს ცხენოსნები ატარებდნენ, რადგან უზანგში მხოლოდ ასეთი ფეხსაცმელი არ ცურავდა. მაღალი ქუსლები - მე-20 საუკუნის გამოგონებაა, რომლის გარეშეც თანამედროვე ქალის გარდერობის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.




ბიკინი


image


დიზაინერ ლუი რეარდის მიერ შექმნილი ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი ფართო საზოგადოებამ პირველად 1946 წელს, პარიზულ პოდიუმზე, მიშელ ბერნარდინის სხეულზე იხილა. ახალი საცურაო კოსტიუმის გარშემო მაშინვე წარმოუდგენელი სკანდალი ატყდა, რადგან იმ პერიოდში ასეთი სითამამის დემონსტრირება წარმოუდგენელი გამბედაობა იყო. საცურაო კოსტიუმს ატოლა ბიკინის სახელი ეწოდა, რომელმაც ატომური ბომბის ამოქმედება საკუთარ თავზე იწვნია. ასეთი საცურაო კოსტიუმი ხალხს შოკში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აგდებდა, ხოლო როდესაც ის მერლინ მონრომ და ბრიჯიტ ბარდომ მოირგო, ყველა კითხვა საბოლოოდ გაქრა.



პატარა შავი კაბა


image


ლეგენდარული კოკო შანელის გარშემო უამრავი ლეგენდა დადიოდა. ამბობენ, რომ დიზაინერი ორგანულად ვერ იტანდა გადაპრანჭულ, ფაშფაშა კაბებს, მას სურდა შეეცვალა თანამედროვე ქალის გარეგნობა და სწორედ ამან შთააგონა თავისი შედევრის შექმნაც. სხვა გავრცელებული ვერსიით, 1926 წელს შანელმა თავისი ქმნილება საყვარელი ადამიანის გარდაცვალების ხსოვნას მიუძღვნა. "პატარა შავი კაბა" ერთგვარი რევოლუციური გამოგონება იყო, ხოლო ავტორიტეტულმა "Vogue"-მა მას კაბებს შორის "ფორდი" უწოდა. კოკო შანელის "პატარა შავი კაბა" დღემდე - ელეგანტურობისა და უნაკლო გემოვნების სტანდარტია, ის მოდიდან არასოდეს გადავა.



ნეილონის წინდები


image


მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მოდის მოყვარულებს არც იმდენად დიდი არჩევანი ჰქონდათ - აბრეშუმის წინდები ან მკბენარა მატყლის წინდები, თუმცა 1935 წელს დღის სინათლე ამერიკული კომპანია "DuPont"-ის ქიმიკოსთა შვილობილმა, ნეილონმა იხილა. ეს იყო მასალა, რომელიც მომხმარებელს ჰპირდებოდა რომ იქნებოდა ობაბას ქსელზე უფრო თხელი, ხოლო ფოლადზე უფრო მყარი. ამ მასალისგან დამზადებული წინდები თაროებიდან ელვისებურად ქრებოდა, რადგან იყო ძალიან გამძლე, იაფი და ფეხსაც ძალიან ლამაზად ერგებოდა. ცოტა მოგვიანებით ნეილონის კოლგოტების წარმოებაც დაიწყო, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ნეილონის წინდები და კოლგოტები ქალის გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტი გახდა.



ტყავის ქურთუკი


image


"ბომბერი" პირველი მსოფლიო ომის დროს, შეერთებულ შტატებში გაჩნდა და ის პერსონალურად მფრინავებისთვის იყო გათვლილი, რადგან ქურთუკი წარმოუდგენლად კომფორტული იყო და თან სიცივისგანაც ეფექტურად იცავდა. 1928 წელს "Schott"-ის ფირმამ ელვაზე ტყავის ქურთუკი შექმნა. თავდაპირველად, ის მოტოციკლისტებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მას სამხედროებიც იცვამდნენ. ის, რომ ტყავის ქურთუკი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გარკვეულწილად ჰოლივუდური ფილმების დამახურება იყო, მუსიკალურ სამყაროში კი ის პირველად ელვის პრესლიმ მოირგო, ხოლო მას შემდეგ რაც დიდ ეკრანზე ტყავის ქურთუკში მარლონ ბრანდო (ფილმში "ველური") გამოჩნდა, "ბომბერი" ამბოხებულობისა და თავისუფლების სიმბოლოდ სამუდამოდ იქცა.




მინი - ქვედაბოლო


image


მერი კუანტი გახლდათ მოდის დიზაინერი, რომელსაც ლონდონში პატარა ტრენდული მაღაზია ჰქონდა. ყველაზე მოდური სიახლეებისთვის ახალგაზრდობა სწორედ მას აკითხავდა. 1950-იანი წლების ბოლოს კუანტის საყვარელი ავტომობილის "Mini"- ის საპატივსაცემოდ დღის სინათლე "მინი - ქვედაბოლოებმაც" იხილა, რომლებიც თაროებიდან ელვის სისწრაფით ქრებოდა და მთელს მსოფლიოში წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანთა აღშფოთების მიზეზადაც იქცა, გამომდინარე იქიდან რომ 60-იანი წლები თავისი მეამბოხური სულით გამოირჩეოდა, "მინი" მალევე ჟაკლინ კენედიმაც მოირგო, ხოლო მოგვიანებით მერი კუანტიმ "ბრიტანეთის იმპერიის ორდენი" თავად ელისაბედ II-ის ხელიდან მიიღო.




ყოველთვის ტრენდული საწვიმარი - მაკინტოში


image


წყალგაუმტარი ქსოვილისგან შექმნილ ელეგანტურ საწვიმარს მთელს მსოფლიოში ასობით ბრენდი ქმნის, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ ის სრულიად შემთხვევით შეიქმნა. ცნობილი შოტლანდიელი არქიტექტორი და დიზაინერი, ჩარლზ მაკინტოში ასევე ქიმიკოსიც გახლდათ, რომელიც ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა, თუმცა იმ დღეს მან კაუჩუკის ხსნარი პიჯაკზე, სრულიად შემთხვევით დააწვეთა, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ქსოვილი წყალს აღარ ატარებდა. მოგვიანებით მაკინტოშმა შექმნა კომპანია, რომელიც წყალგაუმტარ ლაბადებს აწარმოება, თუმცა საწვიმარის პირველი პარტია არც იმდენად კარგი გამოვიდა, რადგან მას რეზინის სუნი ჰქონდა, სიცივეში სკდებოდა, სიცხეში კი დნებოდა. დროთა განმავლობაში, ქსოვილის ხარისხი რაღა თქმა უნდა, გაუმჯობესდა და ეს ელეგანტური და კომფორტული სამოსიც სამუდამოდ დამკვიდრდა თანამედროვე ადამიანის გარდერობში.






ბიუსტჰალტერი


image


ქალის გარდერობის ეს ელემენტი არაერთხელ იქნა გამოგონილი, და მას გარეგნული იერსახე არაერთხელ შეეცვალა. ადრე ქალები მკერდზე სახვევებს იყენებდნენ, შემდეგ ისინი კორსეტებით ჩაანაცვლეს და მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ბიუსტჰალტერმა ჩვენთვის ნაცნობი სახე მიიღო. პირველად, ქალის გარდერობის ამ ატრიბუტის წარმოება "Caresse Crosby"- ის სახელით დაიწყო, თუმცა თავიდან კორსეტებზე მიჩველ მომხმარებლებში მათ განსაკუთრებული აღფრთოვანება არ გამოუწვევიათ. დროთა განმავლობაში, "Caresse Crosby"-ის მოდელები უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა, რადგან ისინი პრაქტიკულობასთან სილამაზესაც აერთიანებდა.



0
400
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
400