საზოგადოება „გადახედეთ პარლამენტს: გუშინწინ ვინც ხორცი და პონჩიკი გაყიდა ყველა იქ მოხვდა“ - გივი სიხარულიძე 2022, 19 სექტემბერი, 10:43 მსახიობ გივი სიხარულიძეს საქართველოში არსებული დღევანდელობა არ მოსწონს. ამის შესახებ მან ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან: „ყველა თავის ბედნიერებაზე ფიქრობს და სხვისი უბედურება ფეხებზე ჰკიდია... სამწუხაროდ, ასეთ ხალხში ვცხოვრობთ და ამაში გასაკვირი არაფერია. კაცს ხელფასს 2-3 ათას ლარს რომ მისცემ და დიდ თანამდებობაზე დანიშნავ, ის უკვე განწირულია ქრთამის ასაღებად. ყველაფრის თავიდათავი კი მაინც ის არის, რომ ქართული სახელმწიფო ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ასეთ ქვეყანაში ვინმემ ქრთამი რომ აიღოს, გასაკვირია?!. განა რამე მიკვირს. მაღალ თანამდებობაზე რომ ხარ, ხელფასიც მეტი გექნება და მანქანების ესკორტიც გაგაცილებს, მაგრამ მთავარი იცით, რა არის?.. საქართველოს საქმეს უნდა აკეთებდე და არა - შენსას. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ქართული გენეტიკის ბრალია: მექრთამეობა, ფლიდობა და მამაძაღლობა მაღალი თანამდებობის აუცილებელი პირობაა. ყველა თავის საქმეს იკეთებს და ამ დროს საქართველო იღუპება - სამწუხაროდ, ასეთ დღეში ვართ. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს ქვეყანაში თუ ნიჭიერი ხარ, ყველანაირად დაგჩაგრავენ, ამის შესახებ ყველა დიდი მოღვაწე წერდა - კონსტანტინე გამსახურდიათი დაწყებული, ვაჟა-ფშაველამდე. - ბატონო გივი, მსგავსი რამ საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ? - არა მარტო ჩემ მიმართ... აღშფოთებას ვერ ვფარავდი, როცა ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფეს შეურაცხყოფა მიაყენა - მეფეს, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი ერისთვის იბრძოდა და ათეულობით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა მან გენიოს პოეტს - ვაჟა-ფშაველას და ჩვენ ეს მოვითმინეთ! ამის შემდეგ, ჩვენ ერი ვართ?.. არა ვართ ერი! იმ დღეებში მე დიდი გულისტკივილით ვთქვი, - ვუსამძიმრებ ჩემს სამშობლოს-მეთქი! გარდაცვლილი ერი ვყოფილვართ, რადგან ჩვენს დიდ წინაპრებს ვერ ვექომაგებით და თან, ერთმანეთს ვჭამთ! ამას ყველგან დაუფარავად ვამბობ, რადგან თავისუფალი სულის კაცი ვარ; არ მესმის ადამიანების, რომლებიც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ. - რას ფიქრობთ ე.წ. ოთხეულზე, რომელიც ევროპელ დიპლომატებსა და ამერიკის ელჩს აკრიტიკებს? - რა უნდა ვთქვა?.. ეს კომედიაც არ არის, ეს უფრო ტრაგიკომედიაა. ოღონდ უნდა ვაღიაროთ, ვინც მათზე ცუდს ამბობს და აკრიტიკებს, შეიძლება ასჯერ უარესია, ვიდრე ეს ოთხეული. მათ მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები: ქვეყანას პრეზიდენტი რომ ჰყავს, ის უნდა პრეზიდენტობდეს. სხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატები ჩემს ქვეყანას რატომ უნდა მართავდნენ?.. ქვეყანას უნდა მართავდეს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკოსები აღარ გვყავს - ჩვენი საქმე ისეა, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო. - აბა, ერთი გადახედეთ ჩვენს პარლამენტს: გუშინწინ ხორცი გაყიდა, გუშინ - "პონჩიკი" და რაღაც სასწაულით, უეცრად, პარლამენტის წევრად მოგვევლინა. პარლამენტის წევრობას და კანონების მიღებას დიდი ცოდნა და განათლება სჭირდება, პარლამენტში ისეთი ხალხია საჭირო, რომელმაც ზედმიწევნით იცის კონსტიტუცია, იურისპრუდენცია, ისტორია... აბა, ჩვენ რომ პარლამენტარები გვყავს, რა იციან ან რა კანონები უნდა მიიღონ? ერთადერთი, ვინც დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის მომწონს, კახი კალაძეა. მან ჩემი ქალაქი გაალამაზა და ამის გამო დიდ პატივს ვცემ. ეს არის კაცი, რომელმაც თბილისი თანამედროვე ევროპულ ქალაქს დაამსგავსა. - ვინ იყო ყველაზე გამორჩეული ქართველ პოლიტიკოსებს შორის? - ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ გვყავდა, იყო ედუარდ შევარდნაძე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მიყვარდა, ვერ დავუკარგავ, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს შორისაც კი ჩანდა და უცხოეთშიც პოპულარული იყო. ამიტომ სულ ვიმეორებ: საქართველო რომ გადარჩეს, დაახლოებით ასეთი ლიდერი გვჭირდება: მას ისე უნდა უყვარდეს საქართველო, როგორც ზვიად გამსახურდიას უყვარდა, ისეთი მებრძოლი სული უნდა ჰქონდეს, როგორიც ჩემს უფროს მეგობარს - მერაბ კოსტავას ჰქონდა, ისეთი მოხერხებული და ცბიერი პოლიტიკოსი უნდა იყოს, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო. ჩვენი ქვეყნის მმართველს ეს სამი თვისება თუ ექნება, საქართველო ნამდვილად გადარჩება. რატომღაც, ამისი მჯერა და ღრმად მწამს. ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ>> 12 2-ს მოსწონს
|