x
image
თორ ნიკე
Mediator image
ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად - ევროპად და აზიად?
ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად - ევროპად და აზიად?


ევრაზია ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ფიზიკურად, ბუნებრივად ერთიანია, მაგრამ მაინც ორ კონტინენტად ითვლება. ვინ და რატომ გაჰყო ფიზიკურად ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად - ევროპად და აზიად? უპირველესი ხალხი, რომელმაც ეს გააკეთა იყვნენ აქადები - ეს იყო სემიტი ხალხის ერთ-ერთი განაყოფი ჯგუფი, რომლებიც შეერივნენ შუმერებს ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, შეითვისეს მათი კულტურა და გააგრძელეს მათი ცივილიზაცია მას შემდეგ, რაც შუმერთა სრული ასიმილაცია მოახდინეს ძვ.წ. 1900 წლიდან. აქადებმა ძვ.წ. II ათასწლეულში მოიფიქრეს ამგვარი დაყოფა: მესოპოტამიის აღმოსავლეთით მდებარე მიწებს უწოდეს "ასუ", რაც აქადურ ენაზე ნიშნავდა "მზის ამოსვლა"-ს, ხოლო მესოპოტამიის დასავლეთით მდებარე მიწებს უწოდეს "ერებუ", რაც აქადურად ნიშნავდა "მზის ჩასვლა"-ს. შემდგომში "ასუ" ბერძნულ ენაში დამკვიდრდა როგორც "აზია" და სიტყვა "ერებუ" - როგორც "ევროპა".


ამ უპირველესი დაყოფის მიხედვით, თუ მესოპოტამიის შუა წერტილიდან ავიღებთ ათვლას, დასავლეთ კავკასია ევროპა გამოდის, ხოლო აღმოსავლეთ კავკასია - აზია. ასევე რუსეთის ევროპული ნაწილის ნახევარი ექცევა აზიაში, ხოლო თურქეთის (მცირე აზიის) 85% - ევროპაში. ასევე ევროპაში ხვდება ისრაელ-პალესტინა და არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი.


ევრაზიის დაყოფის ერთ-ერთი აქადური ვერსია



თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს აქადებს არ ჰქონდათ ასეთი ხედვა. ისინი ჩრდილოეთს და სამხრეთსაც ითვალისწინებდნენ და მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილს აზიად მიიჩნევდნენ, ხოლო ჩრდილოეთს - დასავლეთივით "მზის ჩასვლის მხარედ" აღიქვამდნენ, ეს ჩანს მესოპოტამიის ჩრდილოეთით მდებარე ძველი ქალაქის - ერევნის სახელწოდებაშიც. ამ ქალაქს ურარტუს პერიოდში ერქვა "ერებუნი" (Erebuni), რაც, როგორც ჩანს მოდის აქადური ენიდან და ნიშნავს მზის ჩასვლას. შემდეგ, როდესაც არმენები თუ ჰაები შემოვიდნენ ანატოლიიდან, ფრიგიის სამეფოდან ურარტუში ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან, ამ ქალაქის სახელწოდება გადაკეთდა როგორც ერევანი.


შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ აქადების ხედვით, მესოპოტამიის დასავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე მიწები "ევროპაა" (მზის ჩასვლის მხარეა), ხოლო მესოპოტამიის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე მიწები - აზია (მზის ამოსვლის მხარე). ესაა ევრაზიის უძველესი დაყოფა. ამ უძველესი აქადური ვერსიით, საქართველო მთლიანად ევროპაშია.



სად გადიოდა ევროპასა და აზიას შორის საზღვარი ძველი ბერძნების მიხედვით?


ევრაზიის მეორე უძველესი დაყოფა აქადების შემდგომ, შემოგვთავაზეს ძველმა ბერძნებმა. ფილოსოფოსმა და "გეოგრაფიის მამად" მიჩნეულმა, ძველმა ბერძენმა სწავლულმა ანაქსიმანდრემ შექმნა რუკა, რომელიც არის ჩვენს დრომდე მოღწეული რუკებიდან უძველესი, რაც კი დედამიწაზე აღმოგვიჩენია. მაშინ ძველი ბერძნებისთვის მხოლოდ ცნობილი იყო სამი კონტინენტი: ევროპა, აზია და აფრიკა. არ იყო ცნობილი ავსტრალია, ანტარქტიდა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა. ანაქსიმანდრეს რუკაზე, რომელიც შექმნილია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში, აღნიშნულია, რომ (მაშინ ცნობილ) სამ კონტინენტს: აფრიკას (უწოდებდნენ ლიბიას), აზიას და ევროპას, ერთმანეთისგან გამოჰყოფს ორი მდინარე - ესენია ნილოსი და ფაზისი (დღეს წოდებული, როგორც რიონი). ძველი ბერძნული ხედვით, მდინარე ნილოსი ერთმანეთისგან აცალკევებდა აზიასა და აფრიკას (ლიბიას), ხოლო მდინარე ფაზისი - ევროპასა და აზიას. როგორც პლატონი ამბობდა: "მსოფლიო დიდზე დიდი რამ არის. ჩვენ მის უმცირეს ნაწილში ვცხოვრობთ - ფაზისიდან ჰერაკლეს სვეტებამდე" (მდინარე რიონიდან გიბრალტარის სრუტემდე). ეს იყო კლასიკური ევროპის ხედვა თავის საზღვრებზე.


ევროპისა და აზიის დაყოფა ძველი ბერძნების მიხედვით - ანაქსიმანდრეს რუკა


ანატოლიის რეგიონში, კერძოდ მის ცენტრალურ და დასავლეთ ტერიტორიებზე მდებარეობდა სახელმწიფო "მუშქია" (მუშქეთი, მესხეთი). მას შემდგომში ეწოდა ფრიგია, იქ ინდო-ევროპელი ხალხის, ბრიგების ბალკანეთიდან გადმოსახლების და განსახლების შემდგომ. ამ ქვეყანას ასევე უწოდებდნენ ბერძნები "აზია"-ს. ამ მიწას ეს სახელი შერჩა რომის იმპერიის პერიოდშიც და ამ პროვინციას რომაელები აზიის პროვინციას უწოდებდნენ. შემდეგ ეს სახელი მთელ კონტინენტზე განავრცეს და ანატოლიის ნახევარკუნძულს შესაბამისად დაერქვა "მცირე აზია". თუმცა ეს პროვინცია დანარჩენი რომის პროვინციებისგან არანაირად არ გამოირჩეოდა რაიმე სახის კულტურული, რასობრივი ან სხვა ნიშნით. იყო ისეთივე ხალხით დასახლებული, როგორც საშუალოდ რომის იმპერიის ყველა სხვა პროვინცია. ამიტომ როგორც ჩანს სიტყვა აზია არ ატარებდა იმ პერიოდში იმ დატვირთვას, რაც ახლა გააჩნია - ვინაიდან ახლა ის ევროპისგან კულტურულ-რასობრივად განსხვავებულ ევრაზიის უფრო დიდ ნაწილად განიხილება.


რომის იმპერიის პროვინცია - აზია





საიდან მოდის სიტყვა "ევროპა" ძველი ბერძნების მიხედვით


აქადური ენიდან გარშემო ხალხებში გავრცელდა სიტყვები "ერებუ" და "ასუ", რაც სხვადასხვა ენაში შეიცვალა და დამკვიდრდა საბოლოოდ როგორც "ევროპა" და "აზია" - როგორც მზის ჩასვლისა და მზის ამოსვლის მხარეთა აღმნიშვნელი სიტყვები. ამ სიტყვების აქადური წარმომავლობა ძველ საბერძნეთში დავიწყებას მიეცა, მითოლოგიის ნისლში გაეხვია და პერსონიფიცირდა. ძველი ბერძნული მითოლოგია ევროპის შესახებ შემდეგ მითოსურ ინფორმაციას გვაწვდის:


ევროპა ფინიკიის მეფის, სიდონელი აგენორის ქალიშვილი იყო. მისი სახელი ეწოდა ევროპის კონტინენტს. ამ ფინიკიელი ქალიშვილის - ევროპას მშვენიერებამ თვით ზევსში აღძრა სიყვარული. ზევსმა თეთრი ხარის სახე მიიღო, მოიტაცა პრინცესა და ფინიკიიდან კუნძულ კრეტაზე წაიყვანა.


ევროპის მოტაცება


ეს ამბავი კი ასე დაიწყო: ფინიკიის მეფის უმშვენიერეს ქალიშვილს, სახელად ევროპას ერთ ღამეს დაესიზმრა ორი კონტინენტი, რომლებსაც 2 ქალის სახე ჰქონდათ და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის გამო. აზია ამტკიცებდა, რომ ვინაიდან პრინცესა ევროპა დაიბადა აზიაში, კერძოდ ფინიკიაში, პალესტინის ტერიტორიაზე, ის მას ეკუთვნოდა. მეორე კონტინენტმა, რომელიც ჯერ უსახელო იყო თქვა, რომ მისი დაბადების ადგილი არ იყო მნიშვნელოვანი და რომ ზევსი მას გადასცემდა პრინცესა ევროპას. სიზმრით შეწუხებულმა პრინცესამ დილით გაღვიძებისთანავე მოიხმო თავისი მხევლები, რომლებიც ყველანი დიდგვაროვნები და მისივე ასაკის გოგონები იყვნენ. მშვენიერი დღე იყო და გულის გასართობად გადაწყვიტეს ზღვის პირას ყვავილების დასაკრეფად წასულიყვნენ. ზევსმა სწორედ ამ დროს შენიშნა ამ მომხიბვლელ ქალთა ჯგუფი, მათ შორის კი განსაკუთრებულად მშვენიერი ევროპა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, სიყვარულის ღმერთმა ეროსმა ამ დროს ისარი ესროლა ზევსს და დაჭრა. ისედაც მოხიბლულმა ზევსმა ამის შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და ქალის მოსატაცებლად მოქმედება გადაწყვიტა. ზევსი ქალებს ულამაზესი თეთრი ხარის სახით ეჩვენა. ხარს ყვავილების გამაბრუებელი სურნელი ასდიოდა, ყველა სხვა ხარზე ლამაზი იყო და ყველა ქალწულს მოუნდა მიფერებოდა, მანაც მიუშვა ისინი ახლოს და მოაფერებინა. ამ დროს ხარი ევროპას წინ დაუწვა, ზურგზე შემოისვა, მყისვე ზღვაში გადახტა და ნაპირიდან ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში სწრაფად დაიწყო ცურვა. ამგვარად, ამხედრებული იყო ევროპა თეთრ ხარ-ზევსზე და არ იცოდა საით მიცურავდა. ამ ცურვისას ევროპამ დაინახა როგორ შეუერთდა მათ ზებუნებრივი არსებების მთელი მსვლელობა: დელფინებზე ამხედრდნენ ნერეიდები, ტრიტონმა საყვირს ჩაჰბერა და პოსეიდონიც კი გამოჩნდა. აქედან ევროპა მიხვდა, რომ სინამდვილეში ეს ხარი ღმერთი უნდა ყოფილიყო და შეევედრა, დალაპარაკებოდა. ზევსი ესაუბრა მას და სიყვარულიც აუხსნა. შემდეგ წაიყვანა ზევსმა ის თავის სამშობლოში - კუნძულ კრეტაზე და ევროპასთან რამდენიმე ვაჟი შეეძინა:

1. მინოსი - კრეტის დიდებული მეფე

2. რადამანთისი - კიკლადების კუნძულთა მმართველი

3. და სარპედონი - ლიკიის მმართველი.

მოგვიანებით, ევროპა დაქორწინდა კრეტის მეფე ასტერიუსზე, რომელმაც იშვილა ევროპას და ზევსის ვაჟები. ევროპას თაყვანს სცემდნენ კრეტაზე და იცნობდნენ ჰელოტისის სახელით. კრეტაზე მის საპატივსაცემოდ იმართებოდა ხოლმე დიდებული ფესტივალი - "ჰელოტია".





საიდან მოდის სიტყვა "აზია" ძველი ბერძნების მიხედვით


აქადური ენიდან გარშემო ხალხებში გავრცელდა სიტყვები "ერებუ" და "ასუ" რაც სხვადასხვა ენაში შეიცვალა და დამკვიდრდა საბოლოოდ როგორც ევროპა და აზია - როგორც მზის ჩასვლისა და მზის ამოსვლის მხარეთა აღმნიშვნელი სიტყვები. ამ სიტყვების აქადური წარმომავლობა ძველ საბერძნეთში დავიწყებას მიეცა, მითოლოგიის ნისლში გაეხვია და პერსონიფიცირდა. ძველი ბერძნული მითოლოგია აზიის შესახებ შემდეგ მითოსურ ინფორმაციას გვაწვდის:


აზია იყო 3000 ოკეანიდიდან ერთ-ერთი. ოკეანიდები იყვნენ ტიტანების: ოკეანუსისა და მისი და-მეუღლის - თეტისის ქალიშვილები. ზოგიერთ ცნობაში აზიას დედას ეძახდნენ პომფოლიგეს - ლიბიის დას. აპოლოდორუსის მიხედვით, აზია იყო ტიტან იაფეტის (იაფეტუსის) ცოლი. იაფეტისგან აზიას შეეძინა შვილები: პრომეთე, ატლასი, ეპიმეთეოსი და მენეტიუსი. თუმცა ჰესიოდე ამ დიდებული ვაჟების დედად ასახელებს სხვა ოკეანიდას - კლიმენას. შესაძლებელია, რომ სახელი "აზია" იქნა შერჩეული ამ პერსონაჟის, ჰესიოდეს კლიმენეს აღსანიშნავად, რათა თავიდან აეცილებინათ დაბნეულობა, ვინაიდან კლიმენე ასევე ერქვა ფაეთონის დედას, რომელსაც ფაეთონი ჰყავდა ჰელიოსისგან ზოგიერთ ცნობაში და შესაძლოა ის იყო ცალკეული, სხვა პერსონაჟი და არა ჰესიოდეს კლიმენე (აზია).


საიდან მოდის სიტყვა "აზია" ძველი ბერძნების მიხედვით


ჰეროდოტემ აღნიშნა, რომ არსებობს ტრადიცია, რომ აზიის კონტინენტს ეწოდა მითიური აზიის სახელი, რომელსაც იგი პრომეთეს ცოლს უწოდებს ან პრომეთეს დედას. ყველა სხვა ტრადიციული ჩანაწერი ასახელებს აზიას პრომეთეს დედად და არა ცოლად. აკუსილაუსიც და ესქილეც თავიათ "მიჯაჭვულ პრომეთე"-ში, პრომეთეს ცოლად ასახელებენ ჰესიონეს.

ჰეროდოტე ასევე მოგვითხრობს ლიდიურ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც აზიას ეწოდა არა პრომეთეს ცოლის - აზიას სახელზე, არამედ იმ აზიას სახელზე, რომელიც იყო კოტისის ძე. კოტისი იყო მასესის ვაჟი. ჰეროდოტეს ცნობით ამ აზიასგან მიიღო სახელი სარდეში მცხოვრებმა აზიურმა მოდგმამაც.


შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნულ მითოლოგიაში "აზია" ეწოდება შემდეგ პერსონაჟებს:

1. აზია - 3000 ოკეანიდიდან ერთ-ერთი, ტიტანების - ოკეანოსის და თეტისის ქალიშვილი.

2. აზია - 50 ნერეიდიდან ერთ-ერთი. ზღვის მოხუცი ნერეუსისა და ოკეანიდი დორისის, ზღვის ნიმფის ქალიშვილი. ის შესაძლოა იგივე ღვთაება იყოს, რაც ზემოთაღნიშნული ღვთაება.

3. აზია - ასე უწოდებდნენ ქალღმერთ ათენას კოლხეთში. ითვლებოდა, რომ ათენას კულტი კოლხეთიდან შევიდა საბერძნეთში. ეს კულტი საბერძნეთში კოლხეთიდან შეიტანეს კასტორმა და პოლიდევკესმა. მათ ეს კულტი პირველად ლაკონიაში დაამკვიდრეს და აუგეს ტაძარი ლასში (Pausanias, Graeciae Descriptio 3.24.5).



წყარო I: Where did Asia gets its name - MapQuest Travel?

წყარო II: Anatolia - Simple English Wikipedia, the free encyclopedia;

წყარო III: Asia (Oceanid) - Wikipedia;

წყარო IV: Asia (Greek myth) - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1387
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1387
  
2022, 21 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3