x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"მოითხოვდა, აბორტი გამეკეთებინა, რომელზეც მე არ დავთანხმდი... მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა, ძალადობდა ჩემზე ფსიქიკურად"
image

გვერდი „ფემინა“ მორიგ მძიმე ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ამჯერად ახალგაზრდა ქალს, ვერიკო გეგუჩიას შეეხება.




"უნდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც დაიწყო 2018 წლის 28 აგვისტოს. მაშინ განქორწინებული ქალის სტატუსის მატარებელი გახლდით, რომელსაც ქორწინებიდან ერთი არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავდა და ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ყველა აქტიურად იყო ჩართული ჩემს პირად ცხოვრებაში, რადგან განქორწინებიდან დაახლოებით 6 წელი იყო იყო გასული და დრო იყო (მათი თქმით) ოჯახი შემექმნა ან პირველს დავბრუნებოდი. არცერთი იყო ჩემთვის მისაღები და არც მეორე, წინ დიდი გეგმები მქონდა. მინდოდა კარიერაში მწვერვალები დამეპყრო, მაგრამ ამ ფსიქოლოგიურმა წნეხმა თავისი როლი ითამაშა უდაოდ და ჩემი საუკეთესო მეგობრის მიერ „გარიგებულ ყმაწვილთან“ დავიწყე ურთიერთობა. რომელიც ასაკით საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მე ხომ ძალიან დიდი „ნაკლი“ მქონდა, შვილიანი ვიყავი!.. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგი და ლამაზი იყო. თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიას ჰგავდა. ყველა დღე ერთი მეორეზე უკეთესი იყო.მიხაროდა და მიყვარდა, მაგრამ ეს ჩემი სიხარული მალე გაქრა. ჩემი საქმრო სხვისი შეყვარებული აღმოჩნდა.



პირველი ძალიან დიდი ტკივილი ამ ურთიერთობაში, სწორედ ამ ღალატის დროს ვიგრძენი. თითქოს მივეჩვიე უიმისოდ ყოფნას და ერთ მშვენიერ დღეს ისევ გამოჩნდა. გამოჩნდა და არია ჩემი გრძნობები, ფიქრები. მახსოვს, როგორ უსიტყვოდ გადავეშვი ვნებების ქარცეცხლში. აი, სწორედ ეს საღამო აღმოჩნდა საბედისწერო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი შეიცვალა და იმ ღამის შედეგმა დაახლოებით ორ კვირაში იჩინა თავი ჩემში. თითქოს ნაცნობი, მაგრამ უცხო შეგრძნებები აღარ მასვენებდა და გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. პირველი რეაქცია იყო უსაზღვრო ბედნიერების, მაგრამ მთავარი იყო როგორ მიმეტანა ეს ყველაფერი მის მეორე მშობლამდე. გადავწყვიტე ხანგრძლივი სატელეფონო ზარის შემდეგ მისთვის შეტყობინება გამეგზავნა, სადაც ვაუწყებდი ამ ამბავს. არასდროს დამავიწყდება მისი ხმა, დღესაც კი უკვე წლები გავიდა და ყურში ზუსტად ისევ ისე ჩამესმის. ჩემგან მოსმენილმა გააღიზიანა, გააგიჟა და სასწრაფოდ მოითხოვდა აბორტი გამეკეთებინა, რომელზეც მე არ დავთანხმდი. მე მინდოდა ჩემი შვილი გამეჩინა და მისგან არაფერს ვითხოვდი, მაგრამ ის ჩვეულ რუტინას აგრძელებდა, ცდილობდა ჩემს ფიქრებში დომინირებას. მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა, ძალადობდა ჩემზე ფსიქიკურად. სურდა მაქსიმალურად გავეტეხე და მის აზრზე დავეყვანე, მაგრამ არ გამოუვიდა! მეტიც, მან და მისმა ნათესავმა მამაკაცმა კლინიკაში წამიყვანეს, სადაც მოსყიდული რადიოლოგი გველოდა, რომელსაც უნდა დაეწერა, რომ ნაყოფი არ ვარგოდა და საჭიროებდა გამოტუმბვას. ესეც არ გაუვიდა ჩემთან. ჩასახვის თარიღიც ვიცოდი და რადიოლოგმა ჯანმრთელი ბავშვის სასიკვდილო გზაზე გაყენებას, მისთვის ასაკის მომატება არჩია.




ამით ადასტურდებოდა, რომ ბავშვის მამა სხვა იყო. მახსოვს მთელი გზა დაახლოებით 100 კმ როგორ მლანძღავდა, მაგინებდა, მაფურთხებდა, დამცინოდა. ბოლოს კი ვნახე, რომ ამ ყველაფერს თავისივე კამერაში იწერდა. მისი ზღვარგადასული „კაცობის“ დასამტკიცებლად, მისივე მიჯნურთან. მახსოვს, იქ მოვკვდი! ამის შემდეგ დაიწყო რეკვები ჩემს დასთან და ახლობლებთან, სხვისი სახელით. იცოდა ჩემების ბრბოს აყოლილი ოჯახის წევრებისა და ახლობლების აზრი, როგორ გამიყენებდნენ ძალით გზას სააბორტო სკამისკენ. სწორედ ამიტომ მივედი საზარელ დასკვნამდე, გადავწყვიტე თავი მომეკლა. მან მისი ქცევებით შვილებს შორის არჩვნის გაკეთება მაიძულა, მაგრამ მინდა სწორად გაიგოთ მაშინდელი ჩემი როგორც დედის ფიქრები. მედარდებოდა ჩემი 7 წლის შვილი და ზუსტად ასე მტკიოდა პატარა, დაუცველი ბავშვი, რომელიც ჩემში ცოცხლობდა. უკანასკნელს ვერ ვაჩუქებდი სიცოცხლეს და ჩემს 7 წლის გოგონას, საოცარი დღეები და სიყვარული მივეცი ამ წლების მანძილზე. საოცარ მოგონებებს ვუტოვებდი მას. ვიცი, ეს არ მამართლებს მაგრამ მაშინ ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ზუსტად ეს იყო. გავუდექი გზას. მინდოდა ჩემი პატარა შვილის ასაკი ზუსტად დამეტოვებინა მისი მამისთვის. ამიტომაც ერთ-ერთ კლინიკაში დავიკავე ჩემი კუთვნილი რიგი რადიოლოგის კაბინეტთან და გავეშურე ჩემი გადაწყვეტილების აღსასრულებლად (შენიშვნა: ისტორიის ავტორმა თვითმკვლელობა სცადა, აქ აღწერილი თვითმკვლელობის მცდელობის სცენა შეგნებულად ამოვიღეთ ისტორიიდან).



გამოვედი და გავუდექი კუთვნილი რიგის დასაკავებლად გზას. მახსოვს, მას ვამცნე ჩემი გადაწყვეტილება და მივულოცე მისი გამარჯვება. ამის შემდგე მალევე ჩამობნელდა და ხმებიც გაქრა, გარკვეული დროის შემდეგ შორიდან მესმოდა რაღაც ხმები. ამ დღემ 15 აგვისტომ მიმაჯაჭვა საწოლს 17 დღე და ღამე, ვიყავი 48 საათზე მეტი კომაში და თვალი როგორც კი გავახილე თავზე მედგა თვალცრემლიანი დედა, რომელმაც არ დააყოვნა და მკითხა, თუროდის ვიშორებდი ამ ბავშვს. ყველაზე ცუდად მახსენდება ეს წუთები. დედისთვისაც მიუღებელი ვიყავი. მახსოვს, მერე გულიც გავაჩერე, გარკვეული დრო დასჭირდათ რომ აემუშავებინათ, ჩემი შვილი კი ამ დროს მშვიდად იყო მუცელში და მისი გულისცემა არცმეტი არცნაკლები 160 იყო. ჯიუტად არ მტოვებდა ყველასგან მიტოვებულ დედას. ამ საშინელი 17 დღის მერე გაურკვეველი მიზეზებით ჩამიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ფსიქიატრი მეუბნება „ აქ ვერ დაგაწვენ დანიშნულების გარეშე, ამიტომაც 3 დღის დანიშნულებას დავწერ, რომელსაც არ მოგცემენ, გავაფრთხილებ მედპერსონალს. შენ კი ვერსად დაამტკიცებ, ამ პრეპარატს რომ არ იღებდი, აქ კამერები არ არის“. უმალვე მივხვდი, რომ ყველაფერს ჩემი შვილის მამა კურირებდა, ის ხომ მაღაჩინოსანი ვარსკვლავებიანი ნაძირალა იყო. ერთი კვირა ვიცხოვრე ამ ჯოჯოხეთში. ყველაზე საშინელი მოგონებები დალექა ამ დღეებმა ჩემს ქვეცნობიერში. ფსიქიატრიულის მერე უსახლკაროდ დარჩენილი მივადექი მონასტრის კარს, სადაც დავყავი 90 დღე. ძილიც კი არ შემეძლო. ვერ ვჭამდი, ვერვისვენებდი მხოლოდ ვკითხულობდი. მინდოდა ჩემი ფიქრები, ემოციები, გრძნობებიგადაეფარა ახალ ინფორმაციას.. მე მიმატოვა ირგვლივ ყველამ.



დამტოვა ოჯახმა, ნათესავებმა, მეგობრებმა. მათთვის მიუღებელი პერსონა ვიყავი. ამ მონასტრიდან წასვლის დროც დადგა და ერთმა არაჩვეულებრივმა სამღვდელო პირმა წამიყვანა მისი დის სახლში, ჩამომაყვანინა ჩემი შვილი და მომცა სახლი, ოჯახი და უპირობო სიყვარული. ჩემი წარსულიდან ყველა წაიშალა, უკვალოდ გაქრა ყველა. მთავარი იცით რა არის, დუმდა სამართალდამცავი ორგანოც, რომელსაც ყველანაირი ფაქტი ჰქონდა გარკვეული ზომების მისაღებად. მიხვდით ალბათ მათი დუმილის მიზეზსაც... 2 მარტს 2020 წლის მოევლინა, ჩემი საოცარი იოანე. ვფიქრობ, რომ მე ჩემი საქციელით თითოეული იმ ქალის სათქმელი ვთქვი, ვინც იყო ჩემს მდგომარეობაში და უბრალოდ ვერ გაუძლეს მათზე განხორციელებულ ზეწოლას. დღესაც კი მიკვირს საკუთარი თავის. მე მათ ნაცვლად ამოვიღე ხმა, ისინი წნეხმა გატეხა და გაუსაძლისად მტკივა მე მათ გამო, როგორც ქალს, მსხვერპლს და დედას!.. ვერიკო გუგუჩია ----- თუ გამხდარხარ რეპროდქუციული ძალადობის მსხვერპლი და სურვილი გაქვს, ამაზე ხმამაღლა, ღიად ან ანონიმურად ისაუბრო, შეგიძლია გამოგვიგზავნო შენი ისტორია. გახსოვდეს აბორტის აკრძალვა, ისევე როგორც მისი იძულება, რეპროდუქციული ძალადობაა.არავის აქვს უფლება, აკონტროლოს შენი სხეული".


0
279
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0