x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გელა დაიაურის მამის დღემდე უცნობი სიყვარულის უჩვეულო ისტორია გავრცელდა

image


გელა დაიაურის მამის სიყვარულის დღემდე უცნობი ისტორია ლამაზად აღწერა საკუთარ მოთხრობაში ეკატერინე ფავლენიშვილმა. გაირკვა, რომ გელა დაიაურის მამის შეყვარებულსაც იგივე ბედი ეწია, რაც თავად გელას ოჯახს. ამ მოთხრობამ რამდენიმე თვის წინ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში გაიმარჯვა და მეორე პრემია დაიმსახურა.

* * *

ბროლის ქალწული / მოთხრობა / ეკატერინე ფავლენიშვილი

.
პირიქითა ხევსურეთის სოფელი არდოტი ძაბრივითაა გადაშლილი. ხალხმრავალი იყო არდოტი გასულ საუკუნეში. წესი სრულდებოდა. საკლავი იკვლებოდა. ლუდი დუღდებოდა. ხუცესი ხუცობდა. თავ-მეთავეობის ამბები ირჩეოდა. უწმიდური დედაკაცები სამრელოში იწმინდებოდნენ. სიტყვაძუნწი იყო ხევსური, სახელ-სირცხვილის გულისთვის სიკვდილზე მიდიოდა. სახლიდან გასულ სტუმარს საკართანო სასმისს აწვდიდნენ. ისმებოდა კაიყმათა შესანდობარი, ვინც სოფლის არგატეხისა და ქალ-სძლის არწაყვანისთვის დახარჯულა. ცხოვრობდა ხევსური წინაპართა ნასახლარზე, დადიოდა წინაპართა ნაკვალი ბილიკებით, საჯიხვეებზე ნადირობდა, უვლიდა ცხვარ-ძროხას, თესავდა კარტოხას1., კრეფდა ჟოლოსა და შალშავს, ერბოჩი წვავდა მთის კალმახს, გახურებულ სიპებზე აცხობდა მაჭკატებს... კაცები საფიხვნოში ბჭობდნენ, ქალები მჩეჩელთწუხრაზე2. იკრიბებოდნენ.
.
1960 წელს ხევსურეთში იმოგზაურა გერმანელმა როლფ შრადემ, რომელმაც ძალზე საინტერესო ფოტომატიანე შემოგვინახა მეტადრე მაშინ, როცა ხევსურეთში ფოტოგრაფი საერთოდ არ იყო. უცნაური გრძნობაა, როცა უყურებ ახლობელი მოხუცების მანამდე უცნობ ახალგაზრდობას. როლფ შრადეს გადაღებული აქვს არდოტის კაცმრავალი საფიხვნო, ხევსურული ტალავარებითა და სატევარზე შემოდებული ტორებით რომ სხედან ხევსურები. კაცი იფიქრებს, ფოტოსთვის პოზიორობენო, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ უცნაურ მოწყობილობას გაკვირვებით მისჩერებიან ხანდაზმული ხევსურები, რომელთა უმრავლესობა ფოტოაპარატს ალბათ პირველად ხედავდა. ხევსურული ტალავარიც სტუმრის თხოვნით ჩაუცვამთ მასპინძლებს. ახალგაზრდების გამომეტყველებაში გაკვირვება აღარ იკითხება. ისინი მართლა პოზიორობენ. ცოცირათ თისო და ჯოყოლათ ნიკო3., ბრიყვა და კოკლიტოთ მზექალი... რა ლამაზები ყოფილან, როგორი ლაღები... ბრიყვას და ცოცირათ თისოს დავარცხნილ-დაწყობილი ქოჩრები აქვთ, ჯოყოლათ ნიკოს და დანარჩენებს კი სოფლის დალაქთან მისვლა დაუგვიანიათ და ქერა თავებს ქარი დარევია... კოკლიტოთ მზექალს ცომიანი ხელების კარგად დაბანა ვეღარ მოუსწრია, მაგრამ ობიექტივთან მაინც კეკლუცობს, თუმცა მამაკაცებისთვის მზერა ვერ გაუსწორებია და მოზომილი ღიმილით გვერდზე იყურება. ქალებს ქერა, მოკლე ფარდასავით შუაშუბლზე ჩავლებული ხევსურული „ჩოლკები“ მზერას ვერ უფარავს. ზოგნი ეშმაკურად იღიმიან, უფრო ალალები კი ობიექტივთან ისე დგანან ხელებჩამოშვებულები, თითქოს გაკვეთილის მოსაყოლად გაუძახიათო...
1960 წლამდე შატილამდე სამანქანე გზა არ იყო, მხოლოდ საფეხო ბილიკი მიუყვებოდა მდინარე არღუნს. დათვისჯვრის უღელტეხილიდან გურო-შატილივნები არღუნთან ერთად ჩადიოდნენ თავქვე, მიღმახევლები კი წუბროვანზე გადადიოდნენ ფეხით ან ცხენებით. ბარში „ჯინსების თაობა“ მოდიოდა, აქ კი გულისპირზე ხევსურულად დაქარგული ტალავარი იცვლიდა თაობებს. მუდამ ცალწარბაწეულ და ქინტოებდაბერილ4. ხევსურს წუთისოფლის ლაგამი მარცხენა ხელით ეჭირა, მარჯვენას კი ხანჯრის ვადასთან ახლოს იგულებდა.
.
გაზაფხულზე მდინარეები დიდდებოდა, ნაზამთრალ ხავსს ზათქით ხდიდა ქვებს და არღუნში მიერეკებოდა. ბარად რომ მოილევდნენ სამზეოს, მთა-ჭალებს მერეღა ეწვეოდნენ ხოლმე ენძელები, იები და ფურისულები. აქაც ხანმოკლე იყო მათი სტუმრობა. თიბათვეში პირიმზე ყვაოდა, მკათათვეში - კესანე... გაზაფხულზე ხევსური რომ პირველად გადიოდა სახნავად, საგანგებოდ გამომცხვარ ერბოს ქადაზე სანთელს დაანთებდა, ილოცებდა, ხელის მომართვასა და ბარაქიან მოსავალს შესთხოვდა გამჩენს, ქადას ხარის უღელზე გადატეხავდა და იხმევდა. საუკუნოვანი გამოცდილებით იცოდა, რომ ზენაარის შემწეობის გარეშე ხარ-უღლის ნალიანდაგარი დაფერდებულ მიწას ოდენ სამკაულად შერჩებოდა და გაზამთრება გაჭირდებოდა. ხარ-უღელი „ძაბრის“ ფერდზე გადი-გამოდიოდა, ჯერ ქობას ავლებდა ხნულით, მერე კი ზევით, ცისკენ მიიწევდა. ციცაბო მთებზე მოჰყავდათ მოსავალი. ბოლოგაშლილი კაბასავით ჰქონდა შემოცმული მთას შავად მოხნული მიწა... მაგრამ მანამდე ზამთარს უნდა გამკლავებოდნენ, საზვავოში უნდა ეფრთხილათ, მთებზე ნაბიჯი უნდა ეზომათ...
არდოტს ზამთრობით მზე თითქმის არ ხვდებოდა, ამიტომ სოფელი გაზაფხულამდე კაციან-პირუტყვიანად ბახაოში, ზამთრის სადგომზე გადადიოდა. რთული იყო აქ ცხოვრება. „არდოტ დიაცობის ქნაჲ ადვილ არეევო“, - ამბობდნენ ძველები. შემოდგომაზე მდინარეები მდორდებოდა და მეჩხერი წყლიდან თავამოყოფილი ქვები ხავსის ფთილებს ნელ-ნელა ისევ იკიდებდნენ, ზამთრის პირს კი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს თავზე სისვი5. ქუდები შემოაქსოვესო.
16 წლის იყო ნანა, პირიმზესავით აშოლტილი და მოქნილი. გარმონის ჴელი6. იცოდა, სიმღერა უყვარდა. მამამ ქისტეთიდან7. გარმონი მოუტანა. ისე გაუხარდა, ახლობლის ქორწილში აღარ წავიდა, დაკვრით რომ გული ეჯერებინა. თეთრი იყო ნანა, ნუშის ქუთუთოებში ჭრელი თვალები ესხა მუდამ შორი, სივრცისმომცველი მზერით. ისეთი მშვიდი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს რული ეკიდებაო. მღეროდა ნანა უპეებში რულდადარაჯებული გამომეტყველებით, საკარცხულს უმღეროდა, სიყვარულის საკარცხულს, ოცნებაში ყველა ქალწულს რომ ელოდება სადღაც, შემაღლებულ ადგილას... დანიშნულიც იყო. რაჟდენ დაიაური მუცოში უმზადებდა სადედოფლო ტახტრევანს.
.
და-ძმებში უფროსი იყო ნანა, დედ-მამას ნამდვილი დიაცივით ედგა გვერდით. ბროლის თითებით რაღა არ გამოსდიოდა. როცა საქმეებს მოითავებდა, მიიდგამდა ბუხართან ჩიკას8. და ტოლის9. პერანგის ფარაგს 10. უქარგავდა მამას. „ოჯახის უფროსი არდოტიდან“, - დაუსათაურებია როლფ შრადეს იმედურათ ალექსას ფოტო. „ოჯახის უფროსს“ ბოხოხი ახურავს და ხევსურული ტალავარი აცვია. 14 წლისაც არ იყო ნანა, იმ პერანგის ფარაგზე ნაჭრელა რომ გაუკეთა მამას.
,
დეკემბრის იმ დილას სულ სხვა საქმეს ეპირებოდა, სხვაგან უნდა „ექნა დიაცობაჲ“, მაგრამ მორიგე მწყემსებმა ფარა მიატოვეს და ცხვარი ზამთრის ბინაზე გადასაყვანი დარჩა. უფროსებს უფრო საშური საქმე ჰქონდათ. სხვა გზა არ იყო, და-ძმებში უფროსი უნდა წასულიყო სამწყემსად. მორჩილი იყო ნანა, თავდახრილი, საითაც საქმე ითხოვდა, იქით მიდიოდა. არდოტიდან ბახაოსკენ ბილიკი ჭალაზე გადიოდა, მაგრამ იქ სოფელს თივა ჰქონდა საზამთროდ დაგულებული და ცხვარ-ვაცი თივას გადათელავდა. ამიტომ ცხვარი მაღალი მთით უნდა გადასულიყო.
- ახედე, გარსი, ვაჟკაცსაც გაუჭირდება მანდ ძოებაჲ ცხვრისა, - მაღალი მთის წვერისკენ გაახედა უმცროსი ძმა ჭალაში მიმავალმა გოგომ, შეშის ყონდიდან11. საბჯენი ჯოხი გამოაძრო და წავიდა.
- მთხილა იყვიდივ, ნანავ, არცაით გამაჰფრინდა, - უთხრა დედამ დამშვიდობებისას. გოგო უკვე დაფერდებულ ბილიკზე ჩადიოდა, დედის სიტყვები რომ მიეწია. უკან მოიხედა, დედას შეჰღიმა და თვალებით უთხრა, - ბავშვი ხომ აღარ ვარო. არადა, ბავშვი იყო... დედას ასეთი რამ მანამდე არასოდეს ეთქვა, რადგან თავადაც გონიერი და „მთხილი“ იყო ნანა, ამ მთა-კლდეებზე იყო გაზრდილი და ყოველი სახიფათო ქვა იცოდა. ვინ იცის, რამ ათქმევინა ეს სიტყვები, რა იგუმანა დედამ, როცა მიდამო მშრალი იყო და საავდრო ღრუბელიც არსად ჩანდა. იქნებ ტანი უგრძნობდა ჩასაფრებულ ხიფათს, იქნებ წინა ღამით ნაბოლარა ბალღის ტირილზე ატეხვამ დაუმძიმა გული?! წელნახევრისა იყო ნიკო, ჯერ ისევ ძუძუს სწოვდა. იმ ღამეს გაბმით ტიროდა და ვეღარ დააწყნარეს. დედა და ბერიდედა რომ დაიღალნენ, ნანამ გამოართვა დედას პატარა, გულზე მიიხუტა, გადი-გამოდიოდა და ამაოდ ცდილობდა დაწყნარებას. რომ ვერაფერს გახდა, ბავშვი ისევ დედას მიუყვანა და უთხრა, - დედიაო, ბალღ რო ტირისო, ისიც იციანაო, რო მაშინ ვიღაცა კვდებაო...
.
მზიანი ამინდი იყო. ნანამ დაუღლელად აიარა მაღალი მთა. ფეხზე ქალბნები12. ეცვა. ცა მოულოდნელად ჩამოიქუფრა, შეიყარა საავდრო ღრუბელი და ბარდნა დაიწყო, საშინლად აცივდა და შუადღისას დაღამდა. თოვლს დებდა და თან ყინავდა. ნანამ ნოტო-ნოტო 13 გაშლილი ცხვრის თავმოყრა დაიწყო, რომ მაღალი მთიდან ფარა დროულად ჩამოეყვანა. რამდენიმე ცხვარი ციცაბო ფერდზე იყო ჩასული. ნანამ ქალბნები დაიხადა, მთის წვერზე დატოვა, რომ რეზინის ძირები არ დასცურებოდა და წინდიანი ფეხით ჩავიდა მათ ამოსაყვანად. არდოტიდან ბახაოსკენ მიმავალმა დედამ შუაჴიდას ჴევიდან გაიგონა ქალიშვილის ხმა, თხა-ვაცებს რომ უჯავრდებოდა. ნანას დააგვიანდა. შებინდებისას ფარა უმწყემსოდ გადავიდა ბახაოში. კაცები მთისკენ გაიქცნენ. ავისმოლოდინი თანდათან გამძაფრდა. ქარის ზუზუნს ყურთასმენა მიჰქონდა და გაუთავებლად ბარდნიდა. დეკემბრის მოკლე დღე უფრო დამოკლდა. დაღამდა. ყოველი მხრიდან ეძახოდნენ ნანას და ხმასაც და ექოსაც ქარის ხმა ნთქავდა. როცა იმედი მიეწურა, მამას უნატრია, ნეტა რაჟდენს ჰყავდეს წაყვანილიო. ის, რაც სხვა შემთხვევაში შეურაცხჰყოფდა, შავეთის პირისპირ მდგომს სანატრელი გაუხდა. მამამ გადათეთრებულ მთის წვერზე ქალიშვილის ქალბნები იპოვა. მოყინულ ციცაბოზე ჩასვლა ვერავინ გაბედა, მამის გარდა, ჭალიდან კი შუაჴიდას ჴევს ბეწიკა და კიბლეთ ბაბო 14 აუყვნენ. მამა მხოლოდ თოვლით განათებულ უკუნში ეძებდა ქალიშვილს, სანათზე ფიქრისთვის დრო არ ჰქონია. გარშემო ყველაფერი თეთრი იყო. უცებ სითეთრეზე მრგვალ ლაქას მოჰკრა თვალი. ეს ნანას სახე იყო, ჯერ ისევ თბილი, თოვლის ფანტელებს რომ ადნობდა და ცრემლისხელა ნაკადულებად იღვრიდა. ჴევისწყალას ნაპრალში ნანას მხრებით ჩაეხვეტა ქვიშა, ტანი კი მთლად დათოვლილი ჰქონდა. ამქვეყნად აღარ იყო. იქნებ გაიგო კიდეც მამის მისვლა. რახან ისეთ ქარსა და ყინვაში ჯერ ისევ თბილი იყო, იქნებ სულაც იმ წუთებში მიდიოდა... იქნებ მამა უფრო ადრე მივიდა მასთან, ვიდრე მგებრნი15 . დაიაურთა ანდაბში16 იყო ნანას ადგილი, მაგრამ მამისახლს ვეღარ წაუვიდა...
.
ასე - ციცაბო კლდის ნაპრალში თავქვე ჩაკიდებულმა, მარტომ დაასრულა სიცოცხლე ბროლის ქალწულმა... ვინ იცის, როგორ შეშინდა, როგორი უმწეობა იგრძნო... ვინ იცის, როგორ უნდოდა, დედის ხელისთვის ხელი მოეკიდა, მერე სიმწრისგან თანდათან მოეჭირა და ასე სჭეროდა მანამ, სანამ სიკვდილი ძალას არ გააცლიდა. ან მოასწრო შეშინება? იქნებ ანგელოზები უმალ გაჩნდნენ მასთან? იქნებ „ხელთა მათთა ზედა აღიპყრეს“ და ფეხი ქვისთვისაც არ წამოუკრავს? იქნებ ანგელოზს ეჭირა მისი ხელი? უდედმამოდ სახლიდან რომ ჯერ არსად გასულიყო, სულ მარტო მიადგა ორი სამყაროს გამყოფ კარიბჭეს. კარიბჭესთან ფეხზე დაიხადა, ქალბნები მთაზე დატოვა და ფეხშიშველი მიეახლა მიღმიეთს, რათა სულით უმანკოს, არც წუთისოფლის მტვრით შეებღალა მარადიული ნავსაყუდელი...
.
როგორც იქნა, ხევ-ხევ ავიდნენ ბაბო და ბეწიკაც. მამა თავს დასტრიალებდა თავჩაჩეჩქვილ ქალიშვილს და პაპიროსს ეწეოდა. თანდათან მაღლდებოდა საზვავო თოვლი. ფიქრის დრო არ იყო. თუ ზვავი ჩამოწვებოდა, გაზაფხულამდე ვერცერთს ვეღარ იპოვიდნენ. მამამ უთხრა ბიჭებს, ხელით ვერ ჩაიყვანთ, თქვენც დაიხოცებით, მეტი გზა არაა, ჭალისაკენ დროულად უნდა დავაცუროთო. თავისი თავის დარდი არ ჰქონდა, იქნებ „მღერადაც უჩნდა“ სიკვდილი, მაგრამ მეგობრების ბედი აწუხებდა. ხევსურმა ვაჟკაცებმა არ აკადრეს ქალწულს უპატიო ფორმით ჩამოყვანა. მერე რა, რომ ნანა უკვე მკვდარი იყო და მეორედ ვეღარ მოკვდებოდა, მერე რა, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა, თავადაც დახოცილიყვნენ... „ძუ მგელი“ ბარში კიდევ ლმობიერია, სიბერედ მოდის, მთაში მთლად დაუნდობელია, პირდაპირ სიცოცხლეზე ნადირობს... ვაჟებმა საანდრეზო ამბავი ჩაიდინეს. ზევით ბეწიკა დადგა, ქვევით - კიბლეთ ბაბო. მამას უთხრეს, შენ წინ გაგვიძეხი და თოვლი გაგვიკვალეო. აიყვანეს გოგო და თოვასა და ქარბუქში, უჩინ-უკუნში, ერთმანეთსაც რომ ვეღარ ხედავდნენ, ყინვისგან გასიპულ ციცაბოზე ციმციმ ჩამოიყვანეს. ნანას გზად თმა ეშლებოდა. სიკვდილის ბეწვის ხიდზე მიმავალ ბაბოს ლეთეს შხეფები კოჭებზე სცემდა და მაინც ვერ იტანდა, დაბლა რომ მისთრევდა ქალწულს თმა. სისხლის კოლტებში გაბმულ თმას ხელში კრეფდა და მიწას არ აკარებდა. ჭალაში მთელი სოფელი დახვდათ. გავიდნენ თუ არა სამშვიდობოს, იჭექა ზვავმა და ზათქით ამოავსო შუაჴიდას ჴევი... რას გაუგებ წუთისოფელს... ჯერ ამისთანა გოგოს წაგართმევს და მერე წუთით გაგასწრებინებს ზვავს...
* * *
მუხლმოკვეთილი წავიდა ავისმაცნე ოჯახში დარჩენილ ქალებთან. ნანას ტანსაცმელი მოსთხოვეს დედას. დედამ ტანსაცმლის ალაგი მიასწავლა და თოკი ჩამოაბა. ყულფში თავი ჰქონდა გაყოფილი, წელნახევრის ბალღი კალთაზე რომ დაეკიდა და ძუძუ მოსთხოვა. დედამ ყულფიდან გადმოხედა პატარას და გონზე მოსვლა დაიწყო. დაფიქრდა, რა ელოდა უსუარას უმისოდ. შვილის სიკვდილმა გააყოფინა თავი ყულფში და ისევ შვილის ხმამ იხსნა ყულფიდან. დედა ხომ ერთდროულად იმდენი ცხოვრებით ცხოვრობს, რამდენიც შვილი ჰყავს...
გაიყინა და გაქვავდა ბუნება. მიწა ისე გაკლდევდა, საფლავის ამოთხრას ვერ ახერხებდნენ. კუნძები დაალაგეს და ცეცხლი წაუკიდეს, მიწა გაალხვეს და ისე ამოთხარეს. დანიუხეზე 17 ხევსურული წესით სიპებით ამოშენებულ აკლდამაში ჩაასვენეს ბროლის ქალწული, ახლადმოცვლილი რომ ჰქონდა ბოლო სარძევე კბილი. სიფრიფანა კანქვეშ ცისფერი ძარღვები ეტყობოდა, ლოყები კი რძეში გარეულ ბროწეულს უგავდა თურმე. სიპების ჩარჩო ბროლის ქვებით მორთეს და ვანოთ თისომ საფლავს ხის მესერი შემოავლო.
.
* * *
ვაჟი დანიშნულის თმასაც არ შეხებოდა ჯერ. იქნებ სიცოცხლეს დათმობდა, მიცვალებულთან მაინც რომ შეძლებოდა გამომშვიდობება, მაგრამ მთას მკაცრი კანონები ჰქონდა, სასტიკიც კი. ამ სისასტიკეში იწრთობოდა ხევსური, რათა მომხვდურისა თუ ბუნების თავნებობას იოლად ვერ დაეჯაბნა. არათუ ვაჟკაცს, ქალს არ ეპატიებოდა მიცვალებული მეუღლის დატირება. რაჟდენმაც ცრემლს გეზი უცვალა და გულისკენ გააბრუნა. და არავინ იცის სამზეოზე, სრულიად არავინ, რა გადაიტანა მან. ვინ იცის, პირიმზის დანახვაზე რამდენჯერ დასდგომია ნანას სახე თვალწინ, დანიუხეზე მცირე ხნით შეყოვნებულს რამდენჯერ უთქვამს სიცოცხლეში ვერნათქვამი სათქმელი გულისსწორისთვის, რამდენჯერ გადაუწმენდია საფლავის სიპებიდან მტვერი და სიპებს შორის რამდენჯერ დაუტანებია ცალი კესანე...
.
ხევსურები მიცვალებულის ტალავარს საწოლზე შლიან და მთელ წელიწადს ტოვებენ. რამდენჯერმე იმართება გლოვის რიტუალი - დაკრძალვის დღეებში, ორმოცზე, ახალ წელს, სულთა კრეფასა და წლისთავზე. ნანას ტალავარსაც გლოვობდნენ სხვადასხვა სოფლიდან მოსული ახლობლები. იმ გაზაფხულზე მდინარე ადიდდა და მუცოდან არდოტისკენ მიმავალი გზა წალეკა. ბისოს მთით გადავიდნენ მუცუვლები.
,
- მე კი ვემდური ვანოთ თისოსაო, რო მაგივლია გალავანიო, - ტიროდა ბიცოლა.
-ეეგ გინდარის, არ გჭარბავავ, შე ჩემის ობლის გამლეგეო,
ეხლა იწევი მიწის ქვეშაო, ჩვენ სხოს მავიყვანთ პატარძალსაო, - მოთქვამდა რაჟდენის დედინაცვალი, რომელმაც დედით ობოლი ბალღი გაზარდა. იდგა ბიჭი თავჩაქინდრული ხის აივანზე და ცრემლებს იწმენდავდა. ცრემლსაც განა ყოველთვის ერთი გზა ჰქონდა, განა ყოველთვის ხერხდებოდა მისთვის გეზის შეცვლა... ფშაველ დედობილს სიტყვა ისე უჭრიდა, როგორც ზოგს - ვერც სატევარი. კაცები ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. არც რაჟდენს სძრახავდა ვინმე, რადგან ერთიან საძრახისნი იყვნენ ყველანი...
.
სასიმამრომ რაჟდენს ქალიშვილის ჭრელი მანდილი აჩუქა, სახსოვრად გქონდესო. წაიღო ძვირფასი სახსოვარი ვაჟმა, სატრფოს თმების სურნელიც რომ არ იცოდა და თავშლიდან ცდილობდა ამ სურნელის ამოყნოსვას...
.
დრო გადიოდა... გადიოდნენ და გამოდიოდნენ ნანას მშობლები იმ საბედისწერო ნაპრალთან, ვერანაირად ვერ აუვლიდნენ გვერდს. შეხედავდნენ ნანას ტანით ჩამოვლებულ ხაზს, ნაჭრევივით რომ აჩნია შუაჴიდას ჴევს და ფეხებში მოიცელებოდნენ.
- დედამკვდაროო, - ძლივს ამოაცილებდა დედა სიტყვას ყელში გაჩრილ ბოღმის გორგალს და ნაბიჯი გაუმრუდდებოდა.
- მამამკვდაროო, - გაიფიქრებდა იმ ადგილას მამა და მუხლს უფრო გამართავდა, ყელთან მომდგარი ბოღმის გორგალი და მოცელილი მუხლი რომ არავის შეემჩნია. მთა იყო. აქ ვაჟკაცს მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე იწონიდა, აქ ყველასა და ყველაფერს ვაჟკაცის რიდი ჰქონდა, ყელთან მომდგარ ბოღმასა და თვალთან მოგორებულ ცრემლსაც კი...
- ბერიდედა გაგითავდესო, - ხმამაღლა იტყოდა ლელა ბებო. წუთისოფლის ლაგამთან ნაჭიდავებს ბოღმის გორგალი აღარ ეჩხირებოდა ყელში, მუხლებში კი ძალა ისედაც გამოლეული ჰქონდა...
.
ეგეთია წუთისოფელი... თუ ლაგამი მოიფონა, საავდრო ღრუბელსაც წუთებში შეყრის, საზვავო თოვლსაც საათებში დადებს, მიწასაც გააკლდევებს, რომ ზედ ვინმეს ფეხი დაუცდეს და მერე მესაფლავეების წერაქვმაც ვერ უყოს ძვრა. შენ რაც გინდა, იოცნებე, აწყვე სკივრში საქორწინო ტალავარი... თუ წუთისოფელმა ლაგამი მოიფონა, რამდენიც გინდა, ამზადე შემაღლებული საკარცხული... აქ, ამ კლდეებში ლაგამს ისედაც ძნელად გუობს წუთისოფელი, იმ დღეს კი შუაჴიდას ჴევში სულ მთლად გაისულფონა...
,
ნანა პატარა, უწყინარი გოგო იყო, არავის ეჯიბრებოდა, გულს არავის სტკენდა, ნადირისთვის ქვაც არ მოუღერებია, ამხელა კლდე კი უიარაღოდ დასერა, უიარაღოდ დააჩნია სამუდამო იარა... ასეა! უმანკოებასთან ყველაფერი მარცხდება, შუაჴიდას ჴევივით ბუმბერაზი ძალაც კი!
,
გავიდა წლები. გაიზარდა ის უსუარა, დედა რომ დაიხსნა ყულფიდან. ის კაცი მურღვა არდოტელია. რაჟდენიც დაქორწინდა, „სხო მაიყვანა პატარძალი“. თერთმეტი შვილი ეყოლა, ერთმანეთზე უკეთესები, ექვსი ვაჟი და ხუთი ქალი. მის ერთ-ერთ ვაჟს - გელა დაიაურს მთელი საქართველო იცნობს. ერთხელ, 90-იან წლებში რაჟდენს მურღვა სტუმრობდა მუცოში. ქადა გატეხეს, ლუდი დალიეს. ლუდმა გათოკილ ტკივილს თასმები შეხსნა და რაჟდენმა წარსული მოიგონა. მერე კი ცოლს გასძახა, ნანას მანდილი მომიტანეო. მურღვამ ამ მანდილის არსებობაც არ იცოდა, თავს ვეღარ მოერია და ტირილი დაიწყო. ტიროდა რაჟდენიც, ტიროდა პატარა, გაუხარელ ქალასა და თავის გაუხარელ სიჭაბუკეს, გაყინული სიპების აკლდამაში ერთად რომ გამოკეტეს საუკუნოდ. აღარ ცდილობდა ცრემლისთვის გეზის შეცვლას, წლების სიმძიმე პატიობდა გრძნობების მოხალვათებას. მურღვამ სთხოვა რაჟდენს, მანდილი მაჩუქეო, მაგრამ მუცოელმა უარი ჰკადრა სტუმარს, ეს მანდილი ჩემთან ერთად უნდა დაიმარხოსო. თინამ კი, რაჟდენის მეუღლემ, წაიღო და ისევ რუდუნებით შეინახა. თავადაც უფრთხილდებოდა, რადგან ღირსეული ქალი იყო, ღირსეული დედა და მეუღლე, იცოდა ნამდვილი ღირებულებების ყადრი... ერთხელ რაჟდენს ჩუმად შეუსწრია თვალი მეუღლისთვის, ნანას მანდილი ამოეღო თურმე და ეფერებოდა. ამის მერე უფრო გამძაფრებია სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ.
.
შუაჴიდას ჴევთან სიპების კოშკი აუგეს ნანას. იმ კოშკს ყველაზე ხშირად ის უსუარა ძმა ხედავს, იმ ღამეს გაბმით რომ ტიროდა. იქნებ ბალღური უცოდველობით ჭვრეტდა ბოროტის განზრახვას და ცოცხლად გამოიტირა გოგო?! ვინ იცის?! დედა და მამა აღარ არიან ამქვეყნად. ახლა მურღვა გადის და გამოდის იმ საბედისწერო ჴევთან. მურღვას ნანა არ ახსოვს, არც ის ახსოვს, რა ატირებდა იმ ღამეს. მურღვა რითმებით ლაპარაკობს და ერთხელ, შუაჴიდასთან ნანასაც რითმებით აეძრახა:
.
„დაშლილია, მამამკვდარო, ჩვენი სახლი,
ჩვენს ნასახლარს გულზე ხავსი მოსდებია,
კვლავ ზირწუით18 მივადგები იმ ავ ქარაფს,
მიყეფს ქარი, აბა, მაგის რა ბრალია...
არ მჩქამობენ ტბათანა და აიეხი,
დაო, ნანო, ეგ თვალები ჩამქრალია.
გიძევ, ვეღარ გხელავ, მიწათ ვეფერები,
შენი მკვლელი შუახიდას ნაპრალია“...
.
57 წელი გავიდა... მურღვა სათუთად ინახავს ბროლის თითებით მოქარგულ პერანგს, როგორც მამისეული კერის დიდ საგანძურს. მურღვათ ქავ-ციხიდან ნანას საფლავი თეთრი ბროლის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს ჰგავს.
57 წელია, მიღმახევის ლემადე19 კრძალვით ელამუნება ბროლის ქალწულის საფლავის ბროლებს... 57 წელია, რაჟდენ დაიაურს პატარა ყუთში სიწმინდესავით უსვენია ბროლის ყელთან ნაკვანძი მანდილი... და დგას პატარა ყუთი სამზეოზე, როგორც უსაზღვრო სიყვარულის დიდი საკარცხული...
.
.................გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ე ბ ი .........................................
1. ხევს. კარტოფილი.
2. მჩეჩელთწუხრა - ზამთარში საღამოობით სოფლის ქალები თავ-თავიანთი საჩეჩლებით იკრიბებოდნენ ერთ ოჯახში და დიასახლისს ეხმარებოდნენ სართავი მატყლის დაჩეჩვაში, მერე - სხვა ოჯახში იკრიბებოდნენ, მერე - კიდე სხვაგან და ა. შ. ასეთ საღამოებს მჩეჩელთწუხრა ერქვა.
3. ორივე ახლახან გარდაიცვალა.
4. ქინტო (ხევს.) - ნესტო.
5. ხევს. - მწვანე.
6. ხევსური არ იტყვის, გარმონს უკრავსო, გარმონის ჴელი იცისო.
7. ასე მოიხსენიებდნენ ხევსურები ჩეჩნეთს.
8. სამფეხა სკამი ხისა.
9. ტოლი (ხევს.) - შალის უხეში ქსოვილი.
10. ფარაგი (ხევს.)- გულისპირი.
11. ყონდი(ხევს.) -დაჭრილი და ერთმანეთზე დაწყობილი შეშა.
12. რეზინის ფეხსაცმელი.
13. ნოტო - ფარის ერთი ნაწილი.
14. ბაბო კაცის სახელია ხევსურეთში.
15. მიცვალებულები, ვინც საიქიოში ეგებება ახალ
მიცვალებულს.
16. ერთად თავმოყრილი ერთი გვარის სულები საიქიოში.
17. სასაფლაო არდოტში.
18. ზირწუ (ხევს.) - ხმამაღალი, შემაძრწუნებელი
ტირილი.
19. მთიდან მონაბერი ქარი.
3
324
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
324
  
2022, 13 სექტემბერი, 0:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3