x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
”ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ..." - ვინ იყო ლიმონა სინამდვილეში?!

image


”ერთხელ მისთვის ვიღაც ბიჭი მოუყვანიათ - ამას ქურდობა სურს და შენ რას იტყვიო? ილოს ("ლიმონას") დაწვრილებით გამოუკითხავს ყმაწვილისთვის, - ვინ ხარ, მშობლები რას საქმიანობენო და ა.შ. ბოლოს უთქვამს: ”პროფესორების ოჯახიდან ყოფილხარ, ფულიც ბლომად გქონია, მაშ, რაღად გინდა ქურდობა?!”


გთავაზობთ სტატიას გაზეთ ”კვირის პალიტრის” არქივიდან, 2001 წლის მარტი:


”შეყვარებას ვერ ვასწრებ, ძალიან მალე მიჭერენ. ... ერთი უნაყოფო კაცი ვარ, მოვკვდები და დევდარიანების ეს შტოც მოკვდება” - წუხს ”თეთრი ბაირაღების” პერსონაჟი, ქურდი ლიმონა.



სინამდვილეში, ილო დევდარიანმა - ლიმონას პროტოტიპმა - შეყვარებაც მოასწრო და მშვენიერი ოჯახის შექმნაც.



ტიგრან გულოიანთან ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ, დღეს კი ”თეთრი ბაირაღების” სხვა გმირის მეუღლის, ვაჟისა და ერთ-ერთი შვილიშვილის (პატარა ილო დევდარიანის) სტუმრები ვართ და მთაწმინდის კოლორიტულ უბანში სწორედ იმ ერთი ციცქნა ოთახში ვიმყოფებით, სადაც სახელგანთქმული ლიმონა ცხოვრობდა.


ციალა ჭუაძე-დევდარიანი (ილო დევდარიანის მეუღლე):


”ილო 1954 წელს გავიცანი, როცა ის 26 წლისა იყო. მთაწმინდაზე მეზობლად ვცხოვრობდით. მაშინდელი თბილისი საოცრად თბილი ქალაქი იყო, ხალხიც - ვაჟკაცური, ალერსიანი და ზრდილი. მახსოვს, ბიჭები ერთმანეთში რომ იჩხუბებდნენ, მერე აუცილებლად რიგდებოდნენ და ერთად მიდიოდნენ ხოლმე საქეიფოდ. ილოს დედა - ამაშუკელის ქალი - მთელ უბანს გვიყვარდა. დაგვსხამდა ახალგაზრდებს და ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, პირდაღებულები შევცქეროდით. მის მოსმენას არაფერი სჯობდა. იმ დროს მეზობელი და ოჯახის წევრი თითქმის ერთი და იგივე იყო და ამდენად, ილოსთანაც მეტად ახლოს ვიყავი. ერთად დავდიოდით კინოში, ვთამაშობდით ლოტოს, თუმცა მეგობრობის გარდა სხვა რამ ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. მერე, 1956 წელს, საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედი და მანაც სწორედ მაშინ დამიწყო უკან დევნა. ილოს საქციელით, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი - მანამდე მისგან ხომ არასოდეს მიგრძვნია ამგვარი ყურადღება. ცოლობაზე თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა ილოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჩვენმა საერთო მეგობარმა, ლევიკო რამიშვილმა (ილოს მომავალმა მეჯვარემ) მითხრა: ”ციალა, თუ ილოს გვერდით დაუდგები, ამით უდიდეს სიკეთეს გამოიჩენ, იცოდე, ის თვინიერი ადამიანია და ყველაფერში დაგიჯერებს. თანაც, ცოდვაა ბიჭი, გულით და სულით უყვარხარ”.



ერთხელაც, 1957 წლის 19 სექტემბერს, სამსახურიდან შინ დაღლილი დავბრუნდი. ამ დროს ილო და ლევიკო მესტუმრნენ. შეწუხებული სახეები აქვთ. დევდარიანი მეუბნება, დედაჩემი მძიმედ არის ავად და შენი ნახვა სურსო. უმალ წამოვხტი და გავყევი, ისინი კი თურმე მატყუებენ... ილომ თავისთან მიმიყვანა და მას შემდეგ აქ ვარ...”


ჯაბა იოსელიანი:


”მე და ილო წლების მანძილზე ვახლობლობდით. ჭკვიანი, ალალი, უშიშარი და სამართლიანი კაცი იყო. თუ რამ სათქმელი ჰქონდა, ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდა, ზურგს უკან ჭორაობა არ უყვარდა. ”საქმის გარჩევების” დროს მუდამ მართალი ადამიანის მხარეს იჭერდა - მიუხედავად იმისა, მეგობარი იყო მისი თუ მოწინააღმდეგე. ასეთი რამ ჩვენს ყოფაშიც კი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.


”თეთრი ბაირაღები” რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, ვისზეც იყო საუბარი, თუმცა მეტსახელი ლიმონა ნოდარ დუმბაძის გამოგონილია. საერთოდ, ნაწარმოების პერსონაჟი და ილო დევდარიანი საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. იგივე პიროვნული შტრიხები, ცხოვრების ეპიზოდები... დევდარიანი ძალიან მიყვარდა და ვიცი - მასაც ვუყვარდი”.



ქალბატონი ციალა:


”ერთ მშვენიერ დღეს, ილომ სამზარეულოს მშენებლობა გადაწყვიტა. მუშები მოიყვანა და მათთან ერთად შეუდგა საქმეს. ქალის ამბავი ხომ იცით, შევუჩნდი, - ეს ასე უნდა იყოს, ის კიდევ - ისე-მეთქი... ილოს გაეცინა: ”ციალა, შენი ჭირიმე, ცოტა ხანს დამანებე თავი. აი, ჩვენი ახლობლის, წუროს ცოლი - რიტა, ერევანში მიდის და იმას გაჰყევი. რომ ჩამოხვალ, ყველაფერი ისე დაგხვდება, შენ რომ გაგიხარდება”. სომხეთში იმავე საღამოს გაგვაცილა, მაგრამ იქ დიდხანს ვერ დავყავი.



შინ მისულს სამზარეულო უკვე საუცხოოდ აშენებულ-მოწყობილი დამხვდა. ილო მაღაზიაში გასულიყო, მუშები კი იქვე დამსხდარიყვნენ და ქეიფობდნენ. ვხედავ, ერთ მათგანს ილოს ლამაზი პერანგი აცვია, მეორეს - შარვალი და ფეხსაცმელი, მესამეს - ჩემი ქმრის ახალთახალი პიჯაკი... ამასობაში ილოც დაბრუნდა. გვერდზე გავიხმე და ვეუბნები, - სამზარეულო დიდებულად გამოიყურება, მაგრამ ეს კაცები შენს ტანსაცმელში რატომ გამოპრანჭულან-მეთქი? ჩამეხუტა, შუბლზე მაკოცა და ჩამჩურჩულა: ”გენაცვალე, ციალა, მაპატიე. ბიჭებს სულ ძველმანები ეცვათ. შემეცოდა და ვაჩუქე...” ცოტა ხანს ვიყუჩე, მერე კი: ”კარგადაც მოქცეულხარ, - ვეუბნები. - მე ერევნიდან აი, ეს საჩუქარი ჩამოგიტანე”.


ჩანთიდან ”სასაროჩკე” ნაჭერი ამოვიღე და მეუღლეს გავუწოდე. მშვენიერი, ე.წ. ქაშმირის ქსოვილი იყო, შავი, თეთრი წინწკლებით. მსგავსი ნაჭრისგან შეკერილ პერანგებს იმ დროს თბილისის ყველაზე ”სტილნი” ბიჭები ატარებდნენ და ვიცოდი, ილოც ოცნებობდა ასეთზე. მართლაც, გულით გაიხარა.


პერანგი მალევე შეაკერინა. ორიოდ წუთით შინ მოირბინა, მე და დედამისს გაგვეპრანჭა, - ნახეთ, რა მოდური ბიჭი გყავთო. ცოტა ხნით უბანში გავიდა. კოპწია იყო, სუფთად და მოხდენილად უყვარდა ჩაცმა და ახალი სამოსიც საოცრად უხდებოდა.



გავიდა ორი საათი და მობრუნდა. შევხედე - გული გამისკდა. რაღაც ძველი, დალაქავებული პერანგი ეცვა. ვიფიქრე, - ალბათ, იჩხუბა და თავისი დაეხა-მეთქი. დამნაშავე ბავშვივით ჩაქინდრა თავი: ”თუ შეგიძლია, კიდევ ერთხელ მაპატიო. ის ”საროჩკა” ერთ ჩემს ძმაკაცს მოეწონა და ვაჩუქე...”


ასეთი შემთხვევაც მაგონდება:



სამსახურიდან მომავალს ალექსანდრეს ბაღთან ვიღაც ბიჭი ამედევნა და არშიყი დამიწყო. მთაწმინდაზე ისე ამოვედი, ვერაფრით მოვიცილე. ბოლოს, ჩვენს ჭიშკართან შედგა. ბინაში განერვიულებულმა შევაბიჯე. ვხედავ, ილო ტახტზეა წამოწოლილი და ხელები ჩვეულებისამებრ, თავქვეშ ამოუწყვია. შევუტიე, - შენ აქ ნებივრობ, მე კი ვიღაც თავხედმა სახლამდე მდია-მეთქი. გულიანად გაიცინა, - მერე, შე სულელო, შემოგეპატიჟებინა აქ და რომ მიცნობდა, ნახავდი, იმ უბედურს რაც დაემართებოდაო... ალბათ, მართლაც ასე მოხდებოდა - ქალაქში ილოს დიდი რიდი ჰქონდათ, ჩვენს უბანში ბინის კარს არასოდეს კეტავდნენ...



მიუხედავად იმისა, რომ იმ სამყაროში იყო, არაერთი ახალგაზრდა გადაურჩენია ქურდობის გზაზე დადგომისგან. ერთხელ მისთვის ვიღაც ბიჭი მოუყვანიათ - ამას ქურდობა სურს და შენ რას იტყვიო? ილოს დაწვრილებით გამოუკითხავს ყმაწვილისთვის, - ვინ ხარ, მშობლები რას საქმიანობენო და ა.შ. ბოლოს უთქვამს: ”პროფესორების ოჯახიდან ყოფილხარ, ფულიც ბლომად გქონია, მაშ, რაღად გინდა ქურდობა?! წადი, სწავლა განაგრძე და იცოდე, არაფერი დააშავო, თორემ ჩემთან გექნება საქმე!” იმ ბიჭსაც ვეღარ გაუბედავს ქურდობა.



ხშირად მეკითხებიან, მართლა მოხდა თუ არა ის ამბავი, ”თეთრ ბაირაღებში” რომ არის აღწერილი - ექიმის ბინაში ლიმონა შემთხვევით თვალს მოჰკრავს მისთვის ძვირფასი ადამიანის ფოტოსურათს და ნადავლს უკანვე აბრუნებს... ამის შესახებ ილოს ჩემთან არასოდეს უსაუბრია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მსგავს შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი”.



ნოდარ თოფურიძე (ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი):


”ჩვენი პერიოდისგან განსხვავებით, ორმოციან წლებში ”ქურდის” ინსტიტუტს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო დაუმორჩილებლობის, ვაჟკაცობისა და განსხვავებული აზროვნების გამოხატვის ერთ-ერთი გზა, გზა აღსავსე ათასი ფათერაკითა და სხვა მკაცრი ცხოვრებისეული გამოცდებით.



სწორედ კანონიერი ქურდი იყო ის კაცი, რომელიც მექრთამეობას, გამფლანგველობასა და თაღლითობას ებრძოდა (რა თქმა უნდა, თავისი, ინდივიდუალური ხერხებით). ამის დასტურად, ნოდარ დუმბაძის ”თეთრი ბაირაღებიდან” რამდენიმე ციტატას მოვიყვან: ”ქურდმა რომ მილიონი იშოვოს, თავის დღეში ფულს აღარ მოიპარავს, - ეუბნება ლიმონა შოშიას. - ის კაცი რა სიცოცხლის ღირსია, ზომიერების გრძნობას რომ კარგავს”. არ გეგონოთ, ”ქურდობას” ვეთაყვანებოდე. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, კაცმა არ იცის, საბოლოოდ რა არის კარგი და რა - ცუდი”.



ქალბატონი ციალა:


”13 წლის ასაკამდე ფრიადოსანი მოწაფე იყო. შემდეგ მამამისი ფრონტზე გაიწვიეს და ავადმყოფი დედის ანაბარა დარჩენილი ბიჭი ქუჩაში გავიდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი, დიდებული გვარისა და ოჯახის შვილი დაადგა იმ გზას. თუნდაც ლევიკო რამიშვილის მაგალითი რად ღირს: დედამისი თბილისის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი იყო, მამა - რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი კომისარი”.


ჯაბა იოსელიანი:


”ახალგაზრდა კაცს მაშინ ოდნავი გასაქანიც არ ჰქონდა. ჯოჯოხეთური წყობილების გამო ვაჟკაცობის, საკუთარი მეობის, თავის დამკვიდრებისა და პროტესტის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად სწორედ ის, ”შავი სამყარო”, მიგვაჩნდა. მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ არც იქ იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი ნავსაყუდელი, მაგრამ დაკაცების პერიოდში, უამრავი თანატოლის მსგავსად, მეც იქიც გამიწია გულმა.



თავმოყვარე ბიჭისთვის კომკავშირში შესვლა მეტად დამამცირებელი იყო. ვიცოდით, რომ ყოველივე კომუნისტური წმინდა წყლის ტყუილი იყო და სხვა არაფერი. პირდაპირ გეტყვით: 15 წლისას, ვინც იმ სამყაროში იყო, მხოლოდ ის მიმაჩნდა კაცად. დღეს ყოველივე ეს საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია.. დარწმუნებული ვარ, სხვა საზოგადოებას, თუნდაც ამჟამინდელს, რომ მოვსწრებოდით, მე, ილო დევდარიანი და კიდევ უამრავი ადამიანი სულ სხვა გზაზე დავდგებოდით”.


ქალბატონი ციალა:


ჩვენ დიდი, წრფელი სიყვარული გვაკავშირებდა (რაც შეეხება ”თეთრი ბაირაღების” ნუნუ ექიმს, მასზე არასოდეს მიეჭვიანია. ეგ ამბები ხომ ჩემამდე იყო...). ერთადერთი პრობლემა მისი საქმიანობის გამო გვქონდა. საერთოდ, ქუჩის ამბებზე ოჯახში არასოდეს საუბრობდა. ამ მხრივ მისი ყველაზე დიდი მტერი ვიყავი.



ოჯახში ბევრი არაფერი შემოჰქონდა. ხელმოკლედ ვცხოვრობდით ერთ პატარა ოთახში. ხშირად პაპიროსის ფულს ჩემი ხელფასიდან ვაძლევდი.



ილო ფეხბურთზე ჰკარგავდა ჭკუას. ჩვენს ”დინამოს” მუდამ დაჰყვებოდა გასვლით მატჩებზე. მიხეილ მესხი და ავთანდილ ჭკუასელი მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.



ოჯახის, ძმაკაცებისა და ფეხბურთის გარდა, ქეიფიც ძალიან უყვარდა. ამოიყვანდა უბანში მედუდუკეებს და ილხენდნენ. მეზობლები ხალისობდნენ, იცინოდნენ... მაშინ ხომ სხვა გასართობი, პრაქტიკულად, არც არსებობდა.


ერთხელ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, ეზოში ეშხში შესული ქეიფი დამხვდა. სუფრასთან დამკვრელებიც შევნიშნე. ილოს გავუწყერი, - რას შვრები, არ იცი, ჩვენი მეზობლის, ელიოზოვის ავადმყოფი ბებია რომ გარდაიცვალა-მეთქი? შეიცხადა და მედუდუკეები მაშინვე გაუშვა. ის მოხუცი ქალი კი... ერთი კვირის შემდეგ მოკვდა. ილომ გულში ჩამიხუტა, - რა ხარ ამისთანა, მთავრობა ვერ მჯობნის და შენ როგორ გამასულელეო”.



ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ. პატიმრობის შემდეგაც მეგობრობდნენ, ”თეთრ ბაირაღებს” კი ილო ვერ მოესწრო. ის 35 წლისა გარდაიცვალა - რამდენიმე წლით ადრე, სანამ ნოდარი ამ მშვენიერ ნაწარმოებს შექმნიდა.



ჩვენი ერთად ყოფნის ზუსტად მეექვსე წელს, 1963 წლის 19 სექტემბერს, ილომ ჩვენი ქალიშვილი თამუნა საბავშვო ბაღიდან შინ მოიყვანა და სადღაც გავიდა. დაახლოებით ღამის 12 საათზე ერთი ნაცნობი გვესტუმრა და შეშფოთებულმა გვაცნობა, - ილო ვიღაც სომხებმა დაჭრესო. მე და დედამისს ელდა გვეცა. მაშინვე კისრისტეხით გავქანდი კამოს ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მივუსწარი...



დღემდე კარგად არც კი ვიცი, რა მოხდა მაშინ. ჩემამდე ასეთი ამბავი მოვიდა: ილოს დიდუბეში, ვიღაც ალბერტასა და რაფიკასთან შელაპარაკება მოსვლია. ისინი საქმოსნები ყოფილან. ერთ-ერთს, მოულოდნელად, რევოლვერი ამოუღია და ჩემი მეუღლისთვის უსვრია. მძიმედ დაჭრილი ნაცნობებს მოტოციკლეტით მიუყვანიათ საავადმყოფოში, მაგრამ იქ მყოფმა მილიციელებმა ექიმები ილოსთან არ მიუშვეს... ოპერაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს... ილო სისხლისგან დაიცალა...



დარწმუნებული ვარ, მილიციამ მოაკვლევინა. მკვლელი არ დაუსჯიათ, მხოლოდ ორი კვირით ჩასვეს საკანში, ისიც იმიტომ, რომ ეშინოდათ, დევდარიანის მეგობრებმა სისხლი არ აიღონო... მილიციაში საქმე მიაფუჩეჩეს და დამნაშავე გაათავისუფლეს.



იმ სომხებმა მერე შუამავალი გამომიგზავნეს და ძალიან დიდი ფული, ნახევარი მილიონი მანეთიც გამოატანეს - ობლებს მოახმარეთ, ბინა აიშენეთ, ოღონდ გაჩუმდით და თავი დაგვანებეთო... რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და შუამავალს ფული სახეში შევაყარე."



ჯაბა იოსელიანი:


”უკანასკნელად იგი ვნახე 1963 წელს, როცა სასჯელს ქსნის კოლონიაში ვიხდიდი. ილო ჩემს სანახავად მოვიდა. ბევრი ვისაუბრეთ. იმხანად კორუფცია ამჟამინდელივით ჰყვაოდა. რესპუბლიკაში არაერთი იატაკქვეშა ბიზნესმენი მოღვაწეობდა და შსს თითოეულ მათგანს წილში ეჯდა. ვიცოდი, დევდარიანს რამდენიმე ”ცეხავიკისთვის” ცოტა ფული შეეწერა და ამით მილიცია გაენაწყენებინა. მეგობარს ვურჩიე, - ფრთხილად იყავი, რამე არ გიმამაძაღლონ-მეთქი. ”მაშ, რა ვქნა, ჯაბა, - მომიგო, - ჯიბგირობას ხომ არ დავიწყებ? ეგ უნამუსოები მილიონებს შოულობენ, ხალხს ატყავებენ და კეთილი ინებონ, ცოტა აქეთაც გაიღონ”. ”მართალი ხარ, ილო, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი. მილიციის ამბავი ხომ იცი, ყელში გაეჩხირე და უეჭველად რამეს გავნებენ”. საუბედუროდ, ასეც მოხდა.




ის სომეხი საქმოსნები თბილისის მილიციის უფროსთან - მამულოვთან იყვნენ შეკრულები და, ალბათ, მისივე მითითებით ესროლეს ილოს ტყვია. დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არ დაუსჯიათ... სხვათა შორის, ილოსთან ერთად მაშინ ჰასანაც იყო (ასლან უსოიანი, იგივე ”დედ ჰასანი” - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი). ქურდებმა მას მოგვიანებით პრეტენზია წაუყენეს, - ილოს რატომ ვერ უშველეო? ვერც უშველიდა - იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი...”


მიხეილ ჩერქეზია

0
737
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
737
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0