x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
არგონავტების ლაშქრობის მითი და აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა"

imageსაბერძნეთის მითოლოგიურ სამყაროდან ჩვენს წინ იმთავითვე აღმართულია სამი დიდი საგმირო ციკლი: ხომალდ არგოს ლეგენდარული მოგზაურობა კოლხეთში, არგოსელთა ბრძოლა თებეს წინააღმდეგ და ბერძნების ლაშქრობა ტროაში. საბერძნეთის საგმირო ეპოქის ისტორიაში ტროას თქმულების შემდეგ, ეგზომ რომ უკვდავჰყო ჰომეროსმა, ჩვენ ვერ ვხვდეგით სხვა ისეთ სახელგანთქმულ ამბავს, როგორიც არგონავტების კოლხეთში ლაშქრობაა.
საბერძნეთში მეტად გავრცელებული იყო თქმულება ოქროს საწმისზე (ვერძის ოქროს ტყავზე) და იმ გმირებზე, რომლებიც ხომალდ „არგოთი" გაემგზავრნენ კოლხეთში ამ საწმისის მოსაპოვებლად. მითი არგონავტების შესახებ ფრიად ძველი წარმოშობისაა და ტროას თქმულებაზე ადრეა შექმნილი. ჯერ კიდევ ჰომეროსი იხსენიებს „ზღვის გამკვეთს, ყველასათვის ცნობილ ხომალდ არგოს“ („ოდისეა", XII, 69).
თქმულება არგონავტების შესახებ, რომელიც ჩვენამდე ლიტერატურული გზით არის მოღწეული, ჯერ კიდევ დაუდგენელია. მითის თავდაპირველი სიცხადე ბურუსითაა მოცული, მაგრამ მისი რეალური მხარე მეცნიერებისათვის მეტნაკლებად ნათელია. მიუხედავად უამრავი ზღაპრული ელემენტისა, არგონავტების თქმულება დაკავშირებულია ისტორიულ ფაქტთან, საბერძნეთსა და კოლხეთს შორის უართიერთობის დამყარების ფაქტთან. ამდენად ამ მითოლოგიურ ამბავს ისტორიული მნიშვნელობა ეძლევა.
როგორც თქმულების ანალიზი გვიჩვენებს, არგონავტთა მითის ძირითადი ბირთვი თესალიის ტერიტორიაზე შეიქმნა თესალია კი წარმოადგენდ წინაბერძნული მოსახლეობის, ე. წ. პელაზგების, სამკვიდრებელში წინაბერძნულ მოსახლეობაში შემუშავებული წარმოდგენები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროების შესახებ საფუძვლად დაედო არგონავტთა თქმულების იმ ძირითად ვერსიას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
რამდენადაც მითი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია, ამდენად თესალიის აბორიგენებში წარმოქმნილი მითის ბირთვი თანდათან გაიზარდა და მის სრულყოფაში შემდეგ ხანებში მთელმა ბერძენმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. თქმულება არგონავტების შესახებ თანდათან ვრცელდებოდა, მეტი სილაღე ეძლეოდა და თესალიის თქმულებას ბეოტიის, არგოსის და კორინთოს თქმულებები ემატებოდა.
ლაშქრობაში მონაწილე თესალიელ გმირებს მთელი ელადის გმირები შეუერთდა და ჩამოყალიბდა ერთიმთლიანი ამბავი არგონავტების შესახებ. არგონავტების მითში ორი ძირითადი ნაწილია: თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ და თქმულება იაზონ–მედეას შესახებ. მითის ამ ორივე ნაწილს აერთიანებს ერთი ცენტრალური ამბავი ვითომდა საბერძნეთიდან ელადაში მინატაცებ ოქროს საწმისის უკან დაბრუნების შესახებ. თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ ბეოტიაში უნდა იყოს დამუშავებული, მაგრამ მისი საწყისიც თესალიიდან მოდის. ამ თქმულების ძირითადი ვერსია (აპოლოდორე მითოლოგის, პინდარეს IV პითიური ოდისა და აპ. როდოსელის პოემის „ჰიპოთეზის“2 მიხედვით) ასეთია: ბეოტიის მდიდარი ქალაქის ორხომენის მეფე ათამასს ღრუბელთა ქალღმერთ ნეფელესაგან ჰყავდა ორი შვილი: ვაჟი ფრიქსე და ქალი ჰელე. შემდეგში ათამასი შეეუღლა თებეს მეფის კადმოსის მოკვდავ ქალს ინოს. ბოროტმა დედინაცვალმა ინომ მოინდომა გერების თავიდან მოშორება. ამისათვის მან შემდეგი ხერხი მოიგონა: ბეოტიელ ქალებს დასათესად გამზადებული ხორბალი გაახმობინა. გაფუჭებულმა თესლმა ნაყოფი არ გამოიღო. შიმშილის აჩრდილი დაადგა თავს ორხომენს. ათამასმა კაცები გააგზავნა დელფოს სამისნოში მოუსავლიანობის მიზეზის გასაგებად. ცბიერმა ანომ მოისყიდა დელფოს სამისნოდან დაბრუნებული კაცები და ათქმევინა, რომ უბედურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრიქსეს მსხვერპლად შეწირვა ზევსისადმიო. მეფე ათამასი ინოს ქსელში გაება.
ფრიქსე უკვე გამზადებული იყო სამსხვერპლო საკურთხეველზე დასაკლავად, რომ უეცრივ ქალღმერთმა ნეფელემ განწირულ შვილებს მოუვლინა ჰერმესის ნაბოძები ოქროსმატყლოვანი ვერძი. ვერძმა ზურგზე შეისვა ნეფელეს ქალ-ვაჟი და გაფრინდა. როცა ვერძი ეგეოსის ზღვის და პროპონტიდის სრუტეს მიუახლოვდა, გოგონა ჰელე ზღვაში ჩავარდა ამ ადგილს ამიერიდან ჰელეს ზღვა ანუ ჰელესპონტი (აწინდელი დარდანელის სრუტე) ეწოდა.
ვერძმა, რომელსაც ლაპარაკის უნარი ჰქონდა, ფრიქსეს ნუგეში სცა და გზა განაგრძო. ვერძმა ათამასის ვაჟი შავი ზღვის მახლობლად მდებარე მზიურ ქალაქ ეაში მიიყვანა.
აქ მეფობდა მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟი აიეტი. მას ჰყავდა ორი ასული: მშვენიერი მედეა და ქალკიოპე და ვაჟი — აფსირტე. აიეტმა ფრიქსე კარგად მიიღო. ფრიქსემ დედინაცვლის ვერაგობისაგან თავის დაღწევის აღსანიშნავად ვერძი მსხვერპლად შესწირა ლტოლვილთა მფარველ ზევსს, ოქროს საწმისი კი მადლიერების გრძნობით მეფე აიეტს უბოძა.
აიეტმა დავაჟკაცებულ ფრიქსეს მიათხოვა თავისი უფროსი ასული ქალკიოპე, რომლისაგან ფრიქსეს შეეძინა ოთხი ვაჟი: არგოსი, მელასი, კიტისორე და ფრონტისი. ფრიქსე მოხუცდა და კოლხეთში გარდაიცვალა.
ამ თქმულებასთან გადაწნულია მეორე თქმულებაც. იგი უკვე უშუალოდ ეხება იაზონის კოლხეთში ლაშქრობას და ფრიქსეს მიერ იქ შეწირული საწმისის ელადაში დაბრუნებას: ეოლოსის ერთ-ერთმა შვილმა, ათამასის ძმამ, კრეთევსმა თესალიაში, ზღვის უბესთან, დააარსა ქალაქი იოლკოსი. სიბერეში შესულმა კრეთევსმა ტახტი გადასცა თავის უფროს ვაჟს ეზონს. ეზონის ძმამ (მამით რომ პოსეიდონის ძე იყო), პელიასმა, მას ტახტი წაართვა. მემკვიდრეობა აღკვეთილ ეზონს და მის მეუღლე ალკიმედეს ჰყავდათ ვაჟი იაზონი. მშობლებმა იგი მრისხანე პელიასს დაუმალეს და აღსაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარეს.
როცა იაზონი ოცი წლის გახდა, იოლკოსში გაემართა ტახტის დასაბრუნებლად. გზად მას შემდეგი ამბავი გარდახდა: როცა მან მდინარე ანავროსს მიაღწია, მდინარის ნაპირზე მას გამოეცხადა ქალღმერთი ჰერა მოხუცი ქალის სახით და სთხოვა, აბობოქრებულ მდინარეზე გადაეყვანა. იაზონმა მოწიწებით გადაიყვანა ქალღმერთი და მისი სამარადისო სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ ცალი წაღა მდინარის ტალღებში ჩარჩა. ამგვარად მივიდა იაზონი იოლკოსში. ხელთ მას ორი შუბი ეპყრა; მხარზე ვეფხვის ტყავი ჰქონდა მოსხმული და ყველას ყურადღებას იპყრობდა.
როცა მეფე პელიასმა იგი დაინახა, ელდა ეცა. მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ცალწაღიანი კაცი დაღუპავდა. იაზონმა პელიასს ტახტი მოსთხოვა. პელიასმა იაზონს განუცხადა, რომ იგი ტახტს დაუბრუნებს, თუ იაზონი კოლხეთიდან ფრიქსეს მიერ გატაცებულ ოქროს საწმისს ელადაში ჩამოიტანს.
ქალღმერთ ჰერას შეგონებით, იაზონმა ამაზე თანხმობა განაცხადა. მელიასი იმედოვნებდა, რომ იაზონი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და ტახტი მას დარჩებოდა. იაზონი კოლხეთში გამგზავრების თადარიგს შეუდგა.
მან საბერძნეთის გამოჩენილი გმირები მოაგროვა. არისტორის ძემ, არგოსმა, ქალღმერთ ათენას დახმარებით ააგო ორმოცდაათხოფიანი ხომალდი „არგო“.
ამ ხომალდში ჩასხდნენ ელადის გამოჩენილი გმირები. ზოგიერთი მათგანი ტროას ომში მონაწილე ვაჟკაცთა მამა იყო. კოლხეთში გალაშქრების მონაწილე გმირებს ხომალდ არგოს მეზღვაურები ანუ არგონავტები ეწოდათ. ხომალდი იოლკოსის ნავსადგურიდან აღმოსავლეთისაკენ გაემართა. ლაშქრობის წინამძღოლობა იაზონის ხვდა წილად.
დანარჩენი ამბავი უკვე ა.როდოსელის პოემაში მოიპოვება და აქ აღარ მოვიყვანთ. პოეტი პოემას ლაშქრის შეკრების მომენტიდან იწყებს, ასე რომ მითის პირველი ნაწილი მას დამუშავებული არა აქვს. პოემა მთავრდება კოლხეთიდან გმირების სამშობლოში დაბრუნებით, მაგრამ არგონავტების მითი აქ არ წყდება. შემდეგი ამბები ეხება იაზონის და მედეას ცხოვრებას საბერძნეთში, მათ დაშორებას, მედეას შურისძიებას და იაზონის სიცოცხლის დასასრულს.
როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, არგონავტების თქმულება ისტორიული ფაქტის ანარეკლია. თუ რა უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, ჯერჯერობით მთლად ნათელი არ არის. მიუხედავად ლეგენდარული ელემენტებისა, არგონავტების თქმულებაში ჩვენ უნდა დავინახოთ რომელიღაც ისტორიული სინამდვილე, სახელდობრ, ის საწარმოო ურთიერთობა, რომელიც კოლხეთს და ელინურ მსოფლიოს აკავშირებდა. „ეჭვი არ არის, რომ თქმულება არგონავტების შესახებ, საერთოდ, მრავალი სხვადასხვა დროისა და წარმოშობის ფენითაა შემოგარსული. ამ მრავალკეც გარეშრეებს ქვეშ ისტორიული ჭეშმარიტების მარცვალი მაინც შეიძლება აღმოვაჩინოთ“.
ეს თქმულება „ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ცხოვრებისა და ბუნების ანარეკლზე არის აშენებული, მხოლოდ აქ ჭეშმარიტება შეფერადებულ-გაზღაპრებულია".
ყველაზე უფრო სარწმუნოდ ის მოსაზრება უნდა ჩაითვალოს, რომლის მიხედვითაც არგონავტების თქმულება ქართველ ტომთა დასავლური გაერთიანების, კოლხეთის, ძირთად საქმესთან, სამთამადნო საქმესთან, არის დაკავშირებული. რკინის ინდუსტრიის განვითარების ზოგადი ისტორია ჩვენში ჯერ კიდევ არ არის სავსებით ნათლად გათვალისწინებული, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მადნეულობის დამუშავების საქმე ქართველთა უძველეს ტომებს დაუწყიათ. დაწყებული ბიბლიური თობელით, რომელიც იყო „კვერით ხუროჲ“, ასურული ტაბალით, ბერძნული ტიბარენ-იბერით ქართველ ტომებს სახელი ჰქონიათ განთქმული ლითონის დამუშავების წყალობით. „ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველი განათლებული კაცობრობის წინაშე“.
არგონავტების მითი, რომლის შექმნას პირველი ათასეულის VIII საუკუნის აქეთ ვერ ვიგულისხმებთ, თავისი ოქროს საწმისით, ლემნოსის ეპიზოდით, სპილენძისჩლიქებიანი ხარებით, ფოლადისაგან გაჭედილი გუთნით გვიდასტურებს, რომ იგი კოლხეთის დემიურგებისადმი ინტერესის ბაზაზე აიგო.
ანტიკური ხანის ავტორთა უმრავლესობა არგონავტთა კოლხეთში ლაშქრობას ისტორიულ ფაქტად მიიჩნევდა (ჰეროდოტე, სტრაბონი, აპიანე, არიანე, ხარაქს პერგამონელი და სხვ.) და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას იძლეოდა.
ყველაზე უფრო თავგამოდებული დამცველი არგონავტთ ლაშქრობის ისტორიულობისა იყო გეოგრაფი სტრაბონი. სტრაბონის აღწერილობით კოლხეთი იყო მდიდარი ქვეყანა. აქ ყველაფერი მოიპოვებოდა ზღვაოსნობისათვის და რაც მთავარია, მდიდარი იყო იგი ოქროს, ვერცხლის და რკინის მადნეულობით. ოქროს საწმისზე თქმულებას სტრაბონი ხსნიდა იმით, რომ კოლხეთის მდინარეებით ჩამოტანილ ოქროს ქვიშას ადგილობრივი მცხოვრებლები გრძელბეწვიანი საწმისით აგროვებენო. ასეთმა სიმდიდრემ გააქცია ფრიქსე კოლხეთში და არგონავტებმაც მას მიბაძესო.
სტრაბონის აზრით არგონავტების ლაშქრობამ გაუღო ბერძნებს ევქსინის პონტოს კარი. მეტად საგულისხმო ცნობა მოეპოვება II საუკუნის (ჩვ. ერით) ისტორიკოსს, ჩვენამდე არ მოღწეული „ქრონიკის" ავტორს, ხარაქს პერგამონელს, რომელიც არგონავტების მითის ოქროთდამწერლობას — ხრიზოგრაფიას უკავშირედა. ხარაქსის სიტყვებს ევსტათი თესალონიკელი (XII საუკ.) ასე გადმოგვცემს: „ხარაქსი ამბობს, რომ ოქროს საწმისი იყო ოქროთდამწერლობის მეთოდი ტყავებზე აღწერილი. ამ ღირსშესანიშნავი წესის გულისათვის იყო სწორედ ლაშქრობა მოწყობილი ხომალდ არგოთი"-ო.
ოქროს საწმისზე თქმულების ასეთივე ინტერპრეტაცია მოეპოვება X საუკუნის ლექსიკოგრაფ სვიდასაც თავის ლექსიკონში. ახალი დროის ბევრ მეცნიერს ეჭვი შეჰქონდა არგონავტთა თქმულების ისტორიულ რეალობაში და გადაჭარბებულ კრიტიციზმს იჩენდა. ერთი მეცნიერი არგონავტთა მითია ტოპონიმიკას: ეას, კუტაიას, ფასისს და სხვ. მოგონილად მიიჩნევდა და მათ გეოგრაფიულ ძიებას სისულელედ თვლიდა.
არგონავტთა მითის ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მასში არის ისტორიული ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც დამატებით ჰფენენ შუქს ჩვენი ქვეყნის წარსულს. იყო დრო, როცა ტროაც და ტროას ომიც ლეგენდად მიაჩნდათ, მაგრამ შემდეგში მისი ისტორიულობა სავსებით დადასტურდა.
imageარგონავტების ლაშქრობის მითი ბერძნული მწერლობის სამივე დარგისათვის (ეპოსის, ლირიკისა და დრამისათვის) დამუშავების დაუშრეტელი წყარო იყო. ამ მხრივ მას ტროას თქმულება თუ შეედრება. მითოლოგია ხომ ბერძნული მწერლობის ნიადაგი იყო. „ცნობილია, — ამბობს მარქსი, — რომ ბერძნული მითოლოგია შეადგენდა ბერძნული ხელოვნების არა მარტო არსენალს, არამედ მის ნიადაგსაც".
დაწყებული ჰომეროსიდან ახალ დროებამდე არგონავტების მითი მუდამ აქტუალური იყო მხატვრულ ლიტერატურაში თუ სახვით ხელოვნებაში. ჰომეროსი მრავალგზის იხსენიებს არგონავტების მითთან დაკავშირებულ ეპიზოდებს. „ოდისეაში" მოხსენიებული „ზღვის გამკვეთი, ყველასათვის ცნობილი ხომალდი არგო" (XII, 69) იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ არგონავტთა მითი ეპოსის კოცონში ჰომეროსზე ადრე უნდა გაღვივებულიყო.
არგონავტთა თქმულებას იცნობს ჰესიოდეც („თეოგონია“) და აპ. როდოსელის სქოლიასტის წყალობით შემონახულ ფრაგმენტში („ქალთა კატალოგიდან") ამბობს, რომ არგონავტები ფასისში შენავდნენო. ჰესიოდეს შემდეგ არგონავტთა თქმულებას შეხებია VIII საუკუნის (ჩვ. ერამდე) ეპიკოსი ევმელოს ევმელოსი პოემაში, რომლის სახელი „კორინთიაკა“ ყოფილა.
დიოგენე ლაერტის ცნობით კრეტელ პოეტ ეპიმენიდეს შეუთხზავს დიდი პოემა „არგონავტიკა“. იგი ჩვენამდე არ მოღწეულა, — ორიოდე ძუნწი ფრაგმენტიღაა შემორჩენილი. არგონავტთა ლაშქრობასთან მეტნაკლებად დაკავშირებულ ამბებს თითქმის ყველა ბერძენი ლირიკოსი ეხება. განსაკუთრებით აღსანიშნავი არიან აქ მიმნერმე და ანტიმაქე. მაგრამ პირველად და ყველაზე უფრო ვრცლად არგონავტების თქმულება გადმოგვცა გუნდური ლირიკის უდიდესმა წარმომადგენელმა პინდარემ თავის IV პითიურ ეპინიკში.
რაც შეეხება ბერძნულ დრამას, არგონავტთა თქმულებიდან მან უშრეტ წყაროდ გამოიყენა სამი მომენტი: ლემნოსის ეპიზოდი, ფინევსის თავგადასავალი და იაზონ-მედეას ტრაგიკული რომანი. ფრაგმენტულად ცნობილია, რომ ესქილეს უნდა ჰქონოდა არგონავტთა თქმულებაზე აგებული ტრილოგია: „არგო", „ჰიფსიპილე“ და „კაბირები", და ტრაგედიები „ფინევსი" და „ლემნოსელები".
სოფოკლეს, როგორც გადმოგვცემენ, შეუთხზავს „ლემნოსელი ქალები", „ბრმა ფინევსი", „კოლხები", „სკვითები", „პელიასი" და „რიძოტომოი". ჩვენამდე არც ერთი არაა მოღწეული. არგონავტების მითის სიუჟეტზე აგებული ტრაგედიებიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ევრიპიდეს დიდებული ტრაგედია „მედეა", რომლის სიუჟეტს მედეას მიერ კორინთოში ჩადენილი შურისძიების შემაძრწუნებელი ამბავი შეადგენს.
არანაკლები ინტერესით ეხებოდა არგონავტთა ლაშქრობას ბერძნული კლასიკური პროზა. ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტებით და ა.როდოსელის სქოლიასტის მითითებით ირკვევა, რომ არგონავტების ლაშქრობას ეხებოდნენ: ჰეკატე მილეტელი, სკილაქს კარიანდელი და სხვ. აპოლონიოს როდოსელის პოემის სქოლიოებში ხშირადაა ციტირებული ჰეროდოტეს წინამორბედი ისტორიკოსი და მითოლოგი ჰეროდორე, რომელსაც პროზად დაწერილი „არგონავტიკა“ ეკუთვნოდა. რაც შეეხება ჰეროდოტეს, თუკიდიდეს და ქსენოფონტეს, ისინი ხშირად იხსენიებენ ხოლმე არგონავტთა თქმულებასთან დაკავშირებულ ამბებს და დაბეჯითებით ლაპარაკობენ მათ ისტორიულობაზე.
აქვე უნდა მოვიხსენიოთ ალექსანდრიული ხანის ზოგიერთი ავტორიც, რომელიც არგონავტთა ლაშქრობის ცალკეულ ეპიზოდებს ეხებოდა და აპ. როდოსელს წინ უსწრებდა. კალიმაქეს თავისი ელეგიური პოემის — „მიზეზების" II წიგნში დამუშავებული ჰქონდა არგონავტების კოლხეთიდან დაბრუნების ამბავი: იდილიური პოეზიის მამამთავარ თეოკრიტეს დამუშავებული აქვს არგონავტების მითიდან ორი ეპიზოდი: ჰილასის მოტაცება და ამიკოსის და პოლიდევკეს კრივი, ა.როდოსელის თანამედროვე პოეტ ევფორიონს კი ბებრიკების შესახები ამბავი.
აი ის ძირითადი ლიტერატურული წყაროები, რომლებშიც არგონავტების მითზე იყო ლაპარაკი და რომელთა გამოყენებაც შეეძლო აპ. როდოსელს თავისი „არგონავტიკისათვის".
ა.როდოსელის პოემა „არგონავტიკა" არგონავტების მითის პირველს, მონუმენტალური პოეტური ნაწარმოების სახით ჩამოყალიბებულ, დამუშავებას წარმოადგენს. არც ერთ პოეტს და პროზაიკოსს არ მოუცია ამ თქმულების ისეთი ვრცელი, თანმიმდევრული და სრული თხრობა, როგორიც ა.როდოსელმა მოგვცა. მეორე მხრივ, რაც მთავარია, ა.როდოსელის „არგონავტიკა" უძველესს და ყველაზე უფრო ვრცელ დოკუმენტს წარმოადგენს კოლხეთის შესახებ.
აპოლონიოსის თხზულებაში მოხსენიებული გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ფაქტები, კოლხეთსა და კოლხურ ტომებს რომ შეეხება, ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული.
„არგონავტიკა" ოთხი წიგნისაგან შესდგება და 5.835 დაქტილურ ჰეგზამეტრს მოიცავს. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, ა.როდოსელს შეუსრულებია პოემის ორი გამოცემა. პირველი ალექსანდრიაში შეუთხზავს, შემდეგ იგი გადაუმუშავებია, განუვრცია და როდოსზე გამოუცია. პირველი და მეორე გამოცემის ურთიერთობის, მსგავსება-განსხვავების შესახები ცნობები მეტად ძუნწია. აპოლონიოსის პოემას ბევრი კომენტატორი გაუჩნდა. მისი პირველი განმმარტებელი იყო პოეტის მოწაფე ქარესი. შემდეგ კომენტატორთა რიცხვი გაიზარდა და შეიქმნა ვრცელი განმარტებები, რომლებიც სქოლიოების სახელითაა ცნობილი და ჩვენამდე სრულადაა მოღწეული. პოემის უძველესი ხელნაწერი X-XI საუკუნისაა.
„არგონავტიკის" ზოგიერთი ადგილი პაპირუსებშიც აღმოჩნდა. პოემის პირველი გამოცემა ეკუთვნის იოანე ლასკარისს (ფლორენცია, 1496 წ.). კლასიკურ ხანაში მითოლოგია მხატვრული შემოქმედების დაუშრეტელი წყარო იყო. ილინიზმის ეპოქაში კი ამას დაემატა ფართო მეცნიერული ინტერესი მითების სისტემატიზაციისა და თავმოყრისადმი. ამ ინტერესის მკვეთრ ანარეკლს ა.როდოსელის „არგონავტიკა" წარმოადგენს.
პოემის I წიგნი ე. წ. პროოიმიონს წარმოადგენს და სიუჟეტის ექსპოზიციას იძლევა. იგი იწყება ავტორის მიმართვით ფებ-აპოლონისადმი.1 ამას მოსდევს „ილიადას" II სიმღერის მსგავსად ჩამოთვლა იმ გმირებისა, რომლებიც კოლხეთში სალაშქროდ მიემართებიან. შემდეგ აღწერილია ხომალდ „არგოს" გამგზავრება იოლკოსის ნავსადგურიდან. აპოლონიოსი გეოგრაფიული განსწავლულობით და ეპიკური სილაღით გადმოგვცემს მოლაშქრეთა მარშრუტს. I წიგნის მთავარი ეპიზოდებია: ლემნოსის, კიზიკოსზე ყოფნის და ჰილასის ეპიზოდები.
II წიგნში ჩვენ კვლავ არგონავტების მარშრუტს მივსდევთ და სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდები (ფინევსთან შეხვედრის, აშიკობის და პოლიდევკეს კრივის, კოლხური ტომების სანაპიროებზე ცურვის) გვეშლება თვალწინ.
II წიგნის დასასრულში აღწერილია პრომეთეს ამბავი და ფასისში შენავება. III წიგნი განსაკუთრებული მიმართვით იწყება. პოეტი მოუწოდებს ეროტიკული პოეზიის მუზას ერატოს, რათა შემდგომ ამბავთა გადმოცემაში დაეხმაროს. III წიგნი აპოლონიოსის პოემის უძლიერესი ადგილია. იგი საინტერესოა მხატვრულადაც და იმ მხრივაც, რომ ჩვენ აქ საინტერესო ცნობები გვაქვს კოლხებისა და მათი ქვეყნის შესახებ.
III წიგნი მთავრდება აიეტის დავალების შესრულებით იაზონის მიერ, რომელსაც გრძნეული მედეა დაეხმარა. IV წიგნში გადმოცემულია მედეას სულიერი ტანჯვა. აიეტმა ყველაფერი გაიგო. მედეა ტოვებს მამის სასახლეს, მოატაცებინებს იაზონს ოქროც საწმისს და არგონავტებთან ერთად ელადაში გასცურავს. ამას მოსდევს აღწერა კოლხების მიერ არგონავტების დევნისა, აფსირტეს ვერაგული მკვლელობისა და მრავალი ტანჯვაწვალების შემდეგ არგონავტების სამშობლოში დაბრუნებისა.
დღემდე გაბატონებულია აზრი, რომ აპოლონიოსის პოემა მხატვრულად სუსტია. ჩვენ გვგონია, რომ ეს მართებული არ არის! „არგონავტიკა" ალექსანდრიული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. ალექსანდრიულ ხანას ბევრი ეპიკოსი ჰყავდა, მაგრამ მათი ნაწარმოებები სწორედ მხატვრული სისუსტის გამო დაიკარგა. აპოლონიოსის პოემა მხატვრული ღირსების წყალობითაა, რომ ჩვენამდე სრულადაა მოღწეული.
„არგონავტიკის“ მხატვრულ ღირსებაზე ლაპარაკობს თუნდაც ის ფაქტი, რომ მას ბაძავდნენ ისეთი დიდი პოეტები, როგორიც იყვნენ ვერგილიუსი და ოვიდიუს ნაზონი. ა.როდოსელი ჰომეროსს ბაძავს. იმეორებს ჰომეროსის ეპოსისათვის დამახასიათებელ ყოველ ნიშანს: ეპითეტებს, შედარებებს, განმეორებებს და მისთ. მართალია, აპოლონიოსის პოემას არა აქვს გმირული საუკუნის ჰომეროსისებური გრძნობა, მაგრამ მისი სილამაზე დეტალების აღწერაშია. მწიგნობარი კაცის პედანტურობით გადმოგვცემს პოეტი დეტალებს და ალექსანდრიული ეპოქის მოღვაწისათვის დამახასიათებელ ერუდიციას ამჟღავნებს. აპ. როდოსელმა პოემაში ეროტიკული ელემენტი შეიტანა და თავისი ტალანტი გამოამჟღავნა. აქ იგი ეპოსის ჩარჩოებს აფართოვებს და ვნებათა ფსიქოლოგიურ ანალიზს იძლევა. ჩვენ მხედველობაში გვაქვს იაზონ-მედეას რომანი. ეროსის მწველი ისრით განგმირულ მედეას გაშმაგებით შეუყვარდება იაზონი. მედეას სულიერი ბრძოლის აღწერა პოემის ნაზი და დრამატული ადგილია. ძლიერია იაზონის და მედეას შეხვედრის სცენა. ა.როდოსელს მეტად ლამაზადა აქვს მოცემული იდილიურ ყაიდაზე შეთხზული საჟანრო სურათები. ასეთებია, მაგალითად: ათენას და ჰერას სტუმრობა ქალღმერთ აფროდიტესთან, ცელქი ეროსის და განიმედეს კოჭაობა ოლიმპოს მთაზე და ორფევსის სიმღერები.
ა.როდოსელს პოემაში გამოყენებული აქვს ეპოსის ენა: იონიური დიალექტი მისი ეოლიური შენაზავებით. ეპოსისათვის დამახასიათებელი ენისა და სტილის გვერდით პოეტი ახალ ფორმებსაც იძლევა. ამიტომ მისი ენა საკმოდ მერყეობს ძველსა და ახალ ფორმებს შორის.
მიუხედავად კალიმაქეს და მისი წრის კრიტიკისა, ა.როდოსელის ეპოსმა დიდი სახელი მოიხვეჭა. მან თაყვანისმცემლები განსაკუთრებით რომში იპოვა. ვარო ატაცინუსმა თავისუფლად თარგმნა აპოლონიოსის „არგონავტიკა". ჩვენამდე მოღწეულია როდოსელი პოეტის პოემის ვალერი ფლაკისეული დაუმთავრებელი თარგმანი (რვა წიგნად). რომის დიდებული პოეტი ვერგილიუსი აპოლონიოსის ერთ-ერთი მიმმბაძველია. „ენეიდაში" მოიპოვება რიგი ადგილებისა, რომლებიც „არგონავტიკიდან" გადაღებული ჩანს (ზოგიერთი მათგანი განმარტებებში გვაქვს მოყვანილი).
ენეა-დიდონას რომანი იაზონ-მედეას რომანის მიხედვითაა აგებული. ა. როდოსელს ბაძავდა ოვიდიუს ნაზონიც. გარდა ამისა, მთელი შემდეგდროინდელი კიკლოგრაფია და მითოგრაფია აპ. როდოსელის პოემას ეყრდნობა, თუ არგონავტთა მითის გადმოცემა სურს. სახვითი ხელოვნება და ფერწერა „არგონავტიკიდან" ხშირად იღებდა თემებსა ბიზანტიურ ხანაში, იმპერატორ ანასტასი I დროს (VI) საუკუნე), მარიანოსმა გააკეთა აპოლონიოსის პოემის მეტაფრაზა 5.608 იამბიკური ტრიმეტრით.
imageძველი ქართული მწერლობა არგონავტების თქმულებას ბიზანტიური წყაროებით იცნობდა. ექვთიმე ათონელის (955-1028) მთარგმნელობითს მოღვაწეობაში ჩვენ ვხვდებით ერთ ეპიზოდს, რომელიც არგონავტების მითთან არის დაკავშირებული. ექვთიმე ათონელს უთარგმნია გერმანე პატრიარქის (715-730) თხზულება „თხრობაჲ სასწაულთათჳს მთავარანგელოზისა მიქაელისათა" (Narratio miraculorum Michaelis Archangeli).
როგორც აკად. კ.კეკელიძე გადმოგვცემს, თხზულება ქართულ თარგმანში ძალზე ინტერპოლირებულია. ექვთიმე ათონელს მასში შეუტანია ახალი ადგილები, ბიბლიური და ისტორიული ხასიათის ინტერპოლაციები. ექვთიმე ათონელის ინტერპოლაციაში ჩვენს ყურდღებას იპყრობს სოსთენის (სუსთენის) ტაძრის წარმოშობის ამბავი, სადაც გადმოცემულია არგონავტების თქმულების ერთი ეპიზოდი, სახელდობრ ბებრიკების მეფე ამიკოსთან შერკინება.
არგონავტთა თქმულებასთან დაკავშირებული ამბავი გვხვდება, აგრეთვე, ეფრემ მცირისეულ „ელინთა მეზღაპრეობაში" (ანუ გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კომენტარებში). აქ არის ერთი კომენტარი, რაც შეიძლება არგონავტების მითს დავუკავშიროთ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვის „ეპიტაფიად დიდისა ბასილისთვს" განმარტებაში, „თხრობანი დიდისა ბასილისსა ეპიტაფიასა შინა შემოღებულნი“, არის შემდეგი ადგილი: „მეთვრამეტე თხრობაჲ არს დღითი დღე დათესულთა და აღმოცენებულთა გმირთათჳს. ეს ამბავი ჩვენ გვაგონებს „არგონავტიკის“ წიგნში მოთხრობილ ამბავს იმის შესახებ, თუ ვით დასთესა იაზონმა დრაკონის კბილები არესის ველზე და ვით დახოცა იქედან აღმოცენებული „კაცნი შეჭურვილნი“.
უფრო გვიან არგონავტების შესახებ ლაპარაკია ვახუშტის „გეოგრაფიაში“ და საკმაოდ ვრცლადაა ეს თქმულება გადმოცემული „კალმასობაში „კალმასობაში''. „კალმასობის“ ავტორი ამ მითს რუსული წყაროებით იცნობს.
ყველაზე უფრო ვრცლად არგონავტების თქმულება გადმოცემულია თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორიაში". თეიმურაზს სხვადასხვა ვერსიები გამოუყენებია და ზოგი თავისიც კი დაუმატებია. მას აქ აღარ შევეხებით. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზიც რუსული წყაროებით იცნობს ამ თქმულებას. ამას ადასტურებს საკუთარ სახელთა გადმოცემა. მაგ, : თეიმურაზის პელეჲ, ტეზეჲ, პერსეჲ, ეღეჲ რუსული გზით მოდის (Пелей. Тезей და ა. შ.).
არგონავტების თქმულება ქართულ ლიტერატურაში მხატვრულად მხოლოდ აკაკი წერეთელმა დაამუშავა. მხედველობაში გვაქვს აკაკის დრამა „მედეა", რომელსაც თან ავტორის შენიშვნებიც ახლავს. აკაკი წერეთელმა არგონავტების თქმულება საფუძვლიანად გადაამუშავა და ქართული მითოლოგიის საფუძველზე დამყარებით მშვენიერი მხატვრული დრამა შექმნა.

2
478
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
478
  
2022, 13 სექტემბერი, 0:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2